ამერიკელი გოლფის მოთამაშე, PGA ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებული, 50 წლის ტაიგერ ვუდსი 2 აგვისტოს სასამართლოს წინაშე წარდგა.
მარტში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით პროკურატურასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, მას 5 წლით აეკრძალა ავტომობილის მართვა და მცირე ჯარიმა დაეკისრა, სანაცვლოდ, პროკურატურამ სპორტსმენს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის (DUI) ბრალდება მოუხსნა.

ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე პოლიციელებთან საუბრისას გოლფის მოთამაშემ აღნიშნა, რომ სატვირთოს მაშინ დაეჯახა, როდესაც ტელეფონში იყურებოდა და რადიოსადგურს რთავდა. იგი ავტომობილიდან უვნებლად გადმოვიდა. ალკოტესტმა ეთანოლის მოხმარება არ დაადასტურა, თუმცა სპორტსმენმა დამატებით ანალიზზე უარი განაცხადა, რის გამოც სამართალდამცველებმა მის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნაზე მიიტანეს ეჭვი. ჩხრეკისას ვუდსს ჯიბეში ორი ტკივილგამაყუჩებელი აბი აღმოაჩნდა.

დაკავების შემდეგ, სასამართლოს ნებართვით, ვუდსმა აშშ-ის ფარგლებს გარეთ, სტაციონარულ კლინიკაში სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.
სპორტსმენი სასამართლოში შეყვარებულთან, ვანესა ტრამპთან ერთად გამოცხადდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და დარბაზში მხოლოდ შეთანხმების ტექსტის გაცნობა დაადასტურა.