აშშ-ის ზარაფხანამ 2026 წლის 1-დოლარიანი მონეტა გამოუშვა, რომელზეც დონალდ ტრამპის გამოსახულებაა დატანილი.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის პორტრეტი ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილ მონეტაზე არის ასახული. ზარაფხანის ცნობით, “ოქროს დოლარი“ უკვე მიმოქცევაშია, ხოლო კოლექციონერებისთვის მათი დიდი რაოდენობით შესყიდვა აღმოსავლეთის დროით, შუადღიდან გახდა შესაძლებელი.
ვიზუალური იერის მიუხედავად, მონეტა ოქროს არ შეიცავს, იგი 88.5% სპილენძისგან, ასევე მცირე რაოდენობით თუთიის, მანგანუმისა და ნიკელისგან შედგება. მონეტები ფილადელფიაში მოიჭრა და მათზე ზარაფხანის დამღა დატანილი არ არის.
ტრამპის მონეტის მიმოქცევაში გაშვება უკვე გახდა სამართლებრივი დავის საგანი. აშშ-ის კანონმდებლობა, როგორც წესი, ცოცხალი ადამიანების პორტრეტების მონეტებზე დატანას კრძალავს. თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია 2020 წელს, ტრამპის პირველი ვადისას მიღებულ კანონს დაეყრდნო (Circulating Collectible Coin Redesign Act), რომელიც 2026 წლის განმავლობაში საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული სიმბოლიკის 1-დოლარიან მონეტებზე განთავსების ნებას რთავს.