სამხედრო კოსმოსური ოპერაციების სწრაფი განვითარების ფონზე, პეკინი და ვაშინგტონი იმ სავარაუდო სცენარისთვის ემზადებიან, რომლის დროსაც შესაძლოა კონფლიქტმა კოსმოსში გადაინაცვლოს.
ივნისში, ჩინურმა საიდუმლო უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა, რომელსაც ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან, დედამიწიდან ასობით კილომეტრის სიმაღლეზე, კომერციული და სამხედრო თანამგზავრებით გადატვირთულ ორბიტაზე, პატარა თანამგზავრი გაუშვა. ამერიკული კოსმოსური მონიტორინგის კომპანია LeoLabs-ის ცნობით, ობიექტმა სხვა ჩინურ თანამგზავრს წრე დაარტყა და კვლავ ძირითად ხომალდს დაუბრუნდა.

ამ თანამგზავრისა თუ მისიის შესახებ ცნობები მწირია, თუმცა მსგავსი საიდუმლო უპილოტო ხომალდი, რომელიც მცირე ზომის შატლს წააგავს აშშ-ის სამხედრო უწყებასაც აქვს. “Reuters“ -ის მიერ დოკუმენტების, ორბიტალური მონაცემების გაანალიზებისა და მოქმედ თუ ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ინტერვიუების საფუძველზე მომზადებული ანგარიში მოწმობს, რომ ორივე პროგრამა სამხედრო კოსმოსური ოპერაციების სწრაფ ევოლუციაზე მიუთითებს.

საპატენტო განაცხადების, შესყიდვების ცნობებისა და აკადემიური სტატიების მიხედვით, ჩინელი სამხედრო მკვლევრები აქტიურად მუშაობენ ტექნოლოგიებზე, რომლებიც როგორც სხვა კოსმოსური აპარატების დევნისა და გატაცებისთვის განკუთვნილ თანამგზავრების, ასევე ოპერაციის დროს მათი საწვავით გამართვის სისტემების შემუშავებასაც მოიცავს. ამასთან კომერციული მონიტორინგის მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა კოსმოსში პირველი ერთობლივი სამხედრო ოპერაცია უკვე განახორციელეს სავარაუდო ჩინური სადაზვერვო თანამგზავრის ტრაექტორიის სიახლოვეს.
გამწვავებული კონკურენციის ფონზე დედამიწის ორბიტა სულ უფრო გადატვირთული ხდება. კომპანია SpaceX, რომელიც საჯარო ბაზარზე ახლახან გამოვიდა, უკვე დაახლოებით 11,000 Starlink-ის თანამგზავრს მართავს და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მონაცემთა ცენტრების კოსმოსში გაყვანას გეგმავს.
ჩინეთი კონკურენტულ ქსელებს აშენებს, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა “Golden Dome“ კოსმოსში ბაზირებული რაკეტსაწინააღმდეგო გზამჭრელების შექმნას ითვალისწინებს.

“Slingshot Aerospace“ -ის მონაცემებით, გასული წლის სექტემბერში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციისას, კოლორადოში მდებარე ბაზაზე მყოფმა ამერიკელმა ოპერატორებმა სამხედრო თანამგზავრი ბრიტანულ ხომალდთან ახლოს მანევრირებით, იმ დროს მიიყვანეს როდესაც მათ ქვეშ, 83 კილომეტრის დაშორებით, ჩინურმა თანამგზავრმა Shiyan 12-01-მა ჩაიარა. ეს დისტანცია კოსმოსურ მასშტაბებში საკმაოდ ახლოდ მიიჩნევა.

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ოპერაციის ჩატარება საჯაროდ დაადასტურეს .
აშშ-ის კოსმოსური სარდლობის ხელმძღვანელის, გენერალმა სტივენ უაიტინგმის თქმით, მოწინააღმდეგეები იმ ტექნოლოგიების შექმნას ცდილობენ, რომლებიც შტატებს საკვანძო სისტემებზე წვდომას შეუზღუდავს. მისი განცხადებით კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, პირველი სამიზნე სწორედ ამერიკული კოსმოსური აქტივები გახდება.

დასავლელი ოფიციალური პირები ისეთ საფრთხეებზე საუბრობენ, როგორებიც მიწისზედა ლაზერები, ელექტრონული დაბრკოლებები, კიბერშეტევები და ანტითანამგზავრული რაკეტებია.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ კვლავ წამყვან კოსმოსურ სახელმწიფოდ რჩება, ჩინეთი სწრაფად ზრდის როგორც თანამგზავრების რაოდენობას, ისე მისიების სირთულეს.

ჩინურმა თანამგზავრებმა უკვე გამოავლინეს ის, რასაც ამერიკელი ოფიციალური პირები ორბიტალურ “საჰაერო ორთაბრძოლას“ უწოდებენ. გარდა ამისა, ჩინურმა მხარემ მწყობრიდან გამოსული თანამგზავრის გატაცებისა და სხვა ორბიტაზე გადაყვანის შესაძლებლობის დემონსტრირებაც მოახდინა.
გასულ წელს ჩინეთმა ორბიტაზე საწვავის შევსების სავარაუდო მცდელობაც განახორციელა. ეს ტექნოლოგიური გარღვევაა, რადგან თანამგზავრების რესურსი, როგორც წესი, გაშვებისას არსებული საწვავით შემოიფარგლება.