აფხაზი ბლოგერ დაურ ბუავა დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ახალგაზრდა უკანასკნელ გზაზე უამრავმა ხალხმა ტაშით გააცილა.
მას მგლოვიარეები ემოციურად გამოემშვიდობნენ. “ნეტგაზეთი“ ავრცელებს ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისული ქალის ემოცურ სიტყვებს. როგორც მგლოვიარე ქალმა აღნიშნა, ისიც თავად აფხაზეთიდანაა, მისი ქმარი აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს.

“ჩემი შვილი აფხაზეთში დაბადებული და გაზრდილია, 4 წლამდე იქ იყო. 2008 წელს გამიზნულად შევიდა შეიარაღებულ ძალებში...
მე ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი. ჩვენ სოხუმში ვცხოვრობდით... ჩემ ქმარს არ უომია, ჩემი ქმარი ამბობდა: ვინ მყავს აქ მოსაკლავი, ამ ხალხში გავიზარდე, ამ ხალხში დავიბადე. ვინ უნდა მოვკლა? სამაგიეროდ ის მოკლეს, სახლი წაართვეს და ა.შ.
მოვიდა 2008 წელიც: “დედა, ჩვენ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ აფხაზეთსო...“ - აი, ეს იმ კაცის ვაჟია, რომელიც აღმერთებდა სოხუმს, აღმერთებდა აფხაზებს, აღმერთებდა სოხუმის ყველა ნაციას. ახლა ჩემი შვილი მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. ჩემი შვილიც აქ მარხია, ძმათა სასაფლაოზე, ცოტა მიხარია, შვილთან რომ მოვალ, აქაც ჩამოვალ, თქვენს შვილსაც ვიტირებ. ეს ჩვენი სინდისია, ჩვენი "ამრა", ჩვენი ხიდი, რომელიც მეორედ ჩაგვიტეხეს. დაურ, გენაცვალე, შვილო, მეგრულად გენაცვალე...
მთელი საქართველო ტირის, ყველ ნორმალური აფხაზი გლოვობს, ოსები ტირიან... ვსარგებლობ მომენტით და აქედან ვუსამძიმრებ აფხაზ დედებს, ოს დედებს - ეს არასწორი ომია.
ამ მზის სხივ ბიჭს არავინ მოუკლავს, ეს იყო ჩვენს შორის გადებული ოქროს ხიდი. მას ეკუთვნის ღირსეული პატივი და სახელი,“ - აცხადებს დაურთან გამოსამშვიდობებლად მისული ქალბატონი.