განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის დეტალებს ამ დრომდე სამართალდამცავები იძიებენ. ბრალდებული გოგიტა ელიაძე ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაელოდება გამოძიების დასრულებას და სასამართლოს ვერდიქტს. მას მოუწევს მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა - რატომ გაიმეტა ასე სადისტურად მოსაკლავად მეზობელი ქალი. შემზარავი დანაშაული 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მოხდა.
63 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძე, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას 60 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, რის შემდეგ მკვლელი ბინიდან გაიქცა. მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, 28 აგვისტოს, გვიან ღამით, ბრალდებული გოგიტა ელიაძე გიორგაძეების ბინაში ფანჯრიდან შევიდა, მას სახლში გაყიდული თხილის თანხა ეგულებოდა. სავარაუდოდ, მამაკაცის ბინაში შესვლა საძინებელში მყოფმა ქალმა გაიგონა, მან იცნო დამნაშავე...
ბრალდებულს ფული არ წაუღია, ის ისე გაიქცა, რომ შემთხვევის ადგილზე უამრავი კვალი დატოვა. უფრო მეტიც, ადგილობრივების ინფორმაციით, ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ელიაძე ჭირისუფლისა და მეზობლების გვერდით ტრიალებდა და ისე იქცეოდა, თითქოს წუხდა მომხდარზე. თუმცა ბინაში დატოვებული მტკიცებულებების შესწავლამ პოლიცია მასთან მიიყვანა. როგორც მოკლულის ახლობლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ტრაგედიის ადგილზე აღმოჩენილ ხელთათმანზე ბრალდებული კაცის დნმ აღმოჩნდა.
ჩვენ დავუკავშირდით მოკლული ქალის მაზლს, ტარიელ გიორგაძეს, სწორედ მან გვიამბო მომხდარის დეტალები.
ტარიელ გიორგაძე:
- ჩემი რძალი იმ საბედისწერო დღეს სახლში მარტო იყო. ჩემი ძმა გომისმთაზე მუშაობდა. რძალი ძალიან მეოჯახე, მშრომელი, პატიოსანი, ღირსეული ადამიანი იყო. ასეთი ადამიანი ვერაგულად, ბარბაროსულად მოკლა სისხლისმსმელმა მკვლელმა. 60 ჭრილობა მიაყენა, დაჩეხილი დატოვა და თვითონ გაიქცა ტრაგედიის ადგილიდან. დანაშაული კორპუსის ბინაში მოხდა. ბინა პირველი სართულზეა. ცივსისხლიანი მკვლელი მეზობლად ცხოვრობს, გვერდით კორპუსში. დაახლოებით, 10 მეტრის რადიუსშია მკვლელის ბინა. ჩემი რძლის გაშლილ სუფრაზეა გაზრდილი ეს გარეწარი, ოჯახში მოდიოდა ხოლმე...განაგრძეთ კითხვა