ბიტკოინის ქართველმა ინვესტორმა და 41 წლის ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს ჰგავს, მაიამიში ახლად აშენებული სასახლე, რომელიც დაცულ ჰიბისკუსის კუნძულზე მდებარეობს, 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა - ამის შესახებ "ნიუ იორკ პოსტი" გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ წერს და ვრცელ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 10 მარტს, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს, ყოფილი უფროსისგან, ბიძინა ივანიშვილისგან ბიტკოინების მითვისების გამო. ბრალის წარდგენამდე მან მოასწრო თბილისის დატოვება, ბრალდებები უარყო და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

"როგორც ირწმუნებიან, 2025 წლის 24 მაისს აბუ-დაბიდან გაიტაცეს და საქართველოში დააბრუნეს, სადაც ყოფილმა უფროსმა ციხეში ჩასვა. ერთ წელზე ნაკლები პერიოდი იჯდა ციხეში, შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და თებერვალში საპატიმრო დატოვა. ბაჩიაშვილის ადგილსამყოფელი დღემდე გასაიდუმლოებულია", - განუცხადა გამოცემა Gimme Shelter-ს მისმა ადვოკატმა, ამსტერდამში მოქმედი იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ის წარმომადგენელმა პიტერ ჯ. სალჰასმა.

South Hibiscus Drive-ის 270 ნომერში მდებარე თანამედროვე სასახლეს აქვს ხუთი საძინებელი, მოსამსახურის ოთახი, ექვსი სრულფასოვანი და ორი დამატებითი სველი წერტილი, სამუშაო კაბინეტი და სპორტული დარბაზი. სახლს ასევე აქვს 120 ფუტის (დაახლოებით 36,5 მეტრის) სიგრძის წყლისპირა ტერიტორია. ინტერიერში მოწყობილია დიდი ფოიე, მისაღები ოთახი და შეფ-მზარეულისთვის განკუთვნილი სამზარეულო.

უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებით, ბაჩიაშვილმა ეს სახლი 2021 წელს 19 მილიონ დოლარად შეიძინა. იმ პერიოდში ის "მშენებარე და დაუსრულებელი სახლის კარკასი იყო“, – განაცხადა წყარომ. მოგვიანებით ბაჩიაშვილმა სახლის დიზაინისთვის სამხრეთაფრიკული არქიტექტურული კომპანია SAOTA დაიქირავა.
სახლს აქვს იზოლირებული კერძო კინოთეატრი ბარით. ტერიტორიაზე ასევე არის საცურაო აუზი და ორი კერძო ნავმისადგომი, სადაც სულ მცირე, ერთი 105 ფუტის (დაახლოებით 32 მეტრის) სიგრძის იახტის მიღებაა შესაძლებელი.