ავტორი:

42-კილომეტრიანი გზა  და 5 რიტმი - “ჯი-თი მოტორსი” ისევ  ბერლინის მარათონზე

42-კილომეტრიანი გზა  და 5 რიტმი - “ჯი-თი მოტორსი” ისევ  ბერლინის მარათონზე

ბერლინის მარათონი უკვე ცალსახად გამორჩეული მოვლენაა მსოფლიოს მთავარი სპორტული ღონისძიებების ჩამონათვალში. 1974 წლიდან მოყოლებული დღემდე, მას ყველაზე პრესტიჟული მარათონის სახელი აქვს. დასაფარი დისტანცია სწორი რელიეფით და მილიონობით გულშემატკივრის საოცარი ენერგეტიკით გამოირჩევა, მაგრამ ეს საქმეს არ ამარტივებს. იქ არაფერი გამოდის მკაცრი დისციპლინის გარეშე, რადგან მარათონი აჯილდოვებს მხოლოდ მათ, ვინც გზა ცივი გონებითა და მაქსიმალური ძალისხმევით გაიარა.

სწორედ ასეთი გზითა და შემართებით მიემგზავრებიან გერმანიის დედაქალაქში ის მონაწილეები, რომელთაც წელს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ქართული კომპანიის, „ჯი-თი მოტორსისა“ და BMW საქართველოს სახელი უნდა გაიტანონ. ბერლინის მარათონში მონაწილეობა კომპანიისთვის უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა. წელს „ჯი-თი მოტორსს“ ხუთი მონაწილე წარმოადგენს, რომელთაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრების რიტმი აქვთ, თუმცა საერთო გზას შეუდგნენ. ეს არის გზა, რომელიც ზოგიერთი მათგანისთვის იდეით იწყება, ზოგისთვის კი საკუთარი თავის რწმენით.

ერთი გზა და ხუთი რიტმი

“ჯი-თი მოტორსის” წლევანდელი გუნდის თითოეული წევრი ბერლინის მარათონზე თავისი ამბით მიდის.

მაგალითად ნიკოლოზ დვალიშვილს წმინდა სპორტული მიზნები აქვს.

პროფესიით მარკეტერია. აქვს კარიერა, სამსახური, ცხოვრების დატვირთული რიტმი, თუმცა სპორტი მისთვის საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნისა და თვითრწმენის ძირითადი დიაპაზონია. აქამდე ერთმანეთისგან სპეციფიკით განსხვავებულ მარათონებზე ურბენია. ამჯერად კი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება დაისახა მიზნად. “როცა ერთ მწვერვალს მიაღწევ, იქ დიდხანს ვერ ჩერდები, უკვე შემდეგს ეძებ - ახალ რეკორდს, ახალ გამოწვევას და ახალ გამარჯვებას” - ამბობს ნიკოლოზი და აქვს მოლოდინი, რომ ფინიშის ხაზთან თავისი თავის კიდევ უფრო უკეთეს ვერსიას შეხვდება.

მეორე მონაწილის, ბექა კვერნაძის სპორტული გზა CrossFit-ით დაიწყო.

ის სპორტით ცხოვრობს. 6 წლის განმავლობაში პროფესიონალი ათლეტი იყო და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირშიც მონაწილეობდა. ბოლო წლებში აქტიურად ვარჯიშობს, ტრიათლონის შეჯიბრებებში მონაწილეობს და პერსონალურ მწვრთნელადაც მუშაობს. ბერლინის მარათონზე მისი მიზანიც წმინდა სპორტულია.

“ჩემთვის სპორტი ყოველთვის დაკავშირებულია გამოწვევებთან - როცა ერთ მიზანს აღწევ, შემდეგი გამოწვევა უნდა მოძებნო. ბერლინის მარათონიც სწორედ ასეთი გამოწვევაა: ახალი მიზანი, ახალი დისტანცია და კიდევ ერთი შანსი, ვნახო, სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი.” - ამბობს ბექა კვერნაძე და მიაჩნია, რომ ამ გზაზე მისი მთავარი იარაღი თვითრწმენა იქნება.

ამ ორი მონაწილისგან განსხვავებით, მესამეს - ლევან ჯაბუას ცხოვრების სრულიად სხვა რიტმი აქვს. ის ანტერპრენერია.

ბოლო წლებში რამდენიმე სტარტაპის შექმნაში მონაწილეობდა, ერთ-ერთს კი დღემდე ხელმძღვანელობს და აშენებს. ლევანს მიაჩნია, რომ სირბილი ძალიან ჰგავს ბიზნესის შენებას, რადგან ორივე რთული, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისგან შედგება. ლევან ჯაბუამ გასულ წელს სრული IRON MAN შეასრულა, სხვა ასეთ გლობალურ სპორტულ ღონისძიებებზეც ურბენია და მომავალშიც აპირებს.

“მგონია, რომ დისციპლინა და რთული საქმეების კეთება არა მხოლოდ აუცილებლობა, არამედ საკუთარი თავის სიყვარულის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმაა.” - ამბობს ლევანი, წლევანდელი ბერლინის მარათონის ანტერპრენერი მონაწილე, რომელიც პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მისთვის რიცხვებზე საინტერესო ამ ცხოვრებაში ის იდეები აღმოჩნდა, რომელიც რაღაც ახლის შექმნას, შეცდომების დაშვებას, მათზე სწავლასა და არ დანებებას უკავშირდება…

ლაშა რამიშვილი შეფ-მზარეული და ბლოგერია.

ფაქტია, რომ თავგადასავლებისადმი ინტერესი და ამბიციური გადაწყვეტილებები მის ხასიათში ზის. იყო დრო იურისტისა და პოლიტიკური ჟურნალისტის კარიერა ერთ დღეში კულინარიაზე გაცვალა, ახლა კი მარათონზე მიდის - თავისუფლების იდეით.

“ჩემთვის სირბილი თავისუფლებასა და გამარჯვებასთან ასოცირდება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ის ჩემთვის ტრავმის გამო სანატრელი იყო. ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, ნორმალურად სიარულიც კი არ შემეძლო, ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ სრულ მარათონულ დისტანციას დავფარავ.” - ამბობს ლაშა, რომელსაც მიაჩნია, რომ სწორი კვებაა ის საიდუმლო ფორმულა, რომელიც ამ მორიგ გამარჯვებაში უნდა დაეხმაროს.

ხანდახან უფრო მარტივია გაჩერდე და საკუთარ თავს არ შეეწინააღმდეგო, მაგრამ ეს არ არის სწორი - ეს არის კიდევ ერთი მონაწილის, სალომე არაყიშვილის გზავნილი ბერლინის მარათონზე.

ის ცდილობს განსაკუთრებით ქალებს აჩვენოს მაგალითი, რომ საკუთარი თავისგან ახალი გამოწვევების მიღება ყოველთვის კარგი იდეაა. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს ან ცხოვრების რიტმს - და არც ის არის სწორი, თითქოს “უკვე გვიანია”. სალომე პირადი მწრთვნელი და მორბენალია, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ გამომწერებს მოტივაცია მისცეს და თვითრწმენა აუმაღლოს. ის ამბობს, რომ თითოეული ვარჯიში მისი პატარა გამარჯვებაა და აპირებს, რომ ბერლინის მარათონზე კიდევ ერთხელ მოუგოს ბრძოლა საკუთარ თავს.

ბერლინის მარათონი გერმანიის დედაქალაქში 2026 წლის 27 სექტემბერს გაიმართება. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი ელიტარული ათლეტები, როგორიცაა მაგალითად მსოფლიო რეკორდსმენი ტიგსტ ასეფა… მაგრამ ბერლინის 52-ე მარათონის ტრასაზე მაინც ყველა თანასწორია - იმიტომ, რომ ყველას თავისი უნიკალური ისტორია აქვს, რომლითაც აპირებს ეს 42 კილომეტრიანი გზა გაიაროს.

(R)