ბიზნესმენმა და ცხოველთა უფლებადამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ელიზბარაშვილი 1-ელ სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩატარების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ბიზნესმენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას - პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, "შიმშილობის დაწყების მიზეზი უსამართლობაა. "დაკავებისთანავე დაიწყო შიმშილობა, მხოლოდ წყალს სვამს... ძალადობების სერია რომ დაინახა და ვერაფერში გვეხმარებოდა, გადაირია კაცი და აპირებდა თვითმკვლელობას. ამ დროს დააკავეს დაუმორჩილებლობისთვის“.
ბინაში საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე ცხოველთა უფლებადამცველი და მისი ავტომობილი პოლიციამ გაჩხრიკა. მისი ავტომობილი ლისის ტბის მიმდებარედ მაშინ შეაჩერეს, როცა ცოლთან და რვა თვის შვილთან ერთად გადაადგილდებოდა.
გამოძიება 30 აგვისტოს რესტორან "სხვაში“ ტელეკომპანია "იმედის“ თანამშრომლებთან მომხდარი ინციდენტის გამო დაიწყო.
31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან "სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“.
მას შემდეგ, რაც ელიზბარაშვილი პოლიციამ შეაჩერა, მისი ცოლი ანა სუჯაშვილი "ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო და მოჰყვა, რა უძღოდა საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას. მისი სიტყვებით, 30 აგვისტოს რესტორანში ყოფნის დროს, როცა თამაზ ელიზბარაშვილი ხელის დასაბანად გავიდა, 8 კაცი დახვდა და რუსების გინების გამო მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. ამ დროს გაირკვა, რომ ისინი სახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის“ თანამშრომლები იყვნენ.
ანა სუჯაშვილი, თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლე:
"ჩხუბის დაწყებას არ შევსწრებივარ, მაგრამ, როგორც თამაზი ჰყვება, ხელებს რომ იბანდა, მაგ მომენტში იქვე, რესტორნის კუპედან ჯერ ერთი ბიჭი გამოვიდა და ჰკითხა: შენ თამაზ ელიზბარაშვილი არ ხარო? მერე ის შებრუნდა და უკვე რვა ადამიანი გამოვიდა და ხმამაღლა საქმის გარჩევა დაუწყეს - სთხოვდნენ პასუხს, რატომ წერდა რუსეთთან დაკავშირებით პოსტებს, რატომ აქვს მას ეს პოზიცია, რატომ იცავს უკრაინას და ასე შემდეგ. მერე მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს - შენი პოსტები არ მოგვწონს რუსეთთან და რუსეთუმეებთან დაკავშირებით და ბოდიში უნდა მოიხადოო. თამაზმა სადღაც 7-8 წუთი დააგვიანა და მეც ჩავედი ქვემოთ, ვიფიქრე, კარი ხომ არ ჩაეკეტა, ან რა ხდება, ამდენი ხანი რომ არ ამობრუნდა-მეთქი. როცა ჩავედი, გავიგონე ხმამაღალი საუბარი და ფრაზები: "რუსეთი“, "რუსეთუმეები“, "ბოდიში მოიხადე“... იქ უკვე ხუთი ადამიანი იყო, ოთხი შავებში ჩაცმული, მეხუთე იყო დაბალი, გამხდარი ბიჭი და სულ თეთრები ეცვა. არცერთი არ მეცნობოდა სახეზე, ვერავინ ამოვიცანი. თამაზმაც ვერავინ იცნო, უბრალოდ, მასთან საუბარში უხსენებიათ, ჩვენ "იმედში“ ვმუშაობთო. თუმცა "იმედის“ არც კორესპონდენტებს ჰგავდნენ, არც წამყვანებს. თამაზმა მითხრა, შენ წადი და ამოვდივარ მეცო, იმათაც უთხრა, სახლში ავიყვან მეუღლეს, დავბრუნდები და მერე ვისაუბროთ, მთვრალები ხართ და თუ გინდათ, ხვალ ვისაუბროთ, თუ არა და, 20 წუთში ჩამოვალ, დამელოდეთო. მართლაც ჩავიდა, მაგრამ არავინ აღარ დახვდა. მეორე დღეს პოსტი დადო, ლაივი ჩაწერა. მესამე დღეს გაირკვა, რომ მათ საჩივარი შეიტანეს, ჯერ არ ვიცით, ვინ არიან საჩივრის ავტორები.
ბინის ჩხრეკის მომენტს რაც შეეხება, იყო რამდენიმე აგრესიული პოლიციელი, რომლებიც ცდილობდნენ, თამაზი წყობიდან გამოეყვანათ, რაღაც გაწევ-გამოწევა იყო და მაგიტომ დაადეს ხელბორკილები. თამაზს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია, ერთადერთი, ლაივი გვქონდა ჩართული და მაგაზე მიგვითითეს, გამორთეთო, თუმცა ლაივის ჩართვას არანაირი კანონი არ გვიკრძალავს. ადვოკატს ბინაში ტელეფონს ართმევდნენ და იმ მომენტში ჩაიკეცა, ხელიც მოხვდა და მერე გარეთ გაიყვანეს. გარეთ რა მოხდა, უკვე არ ვიცი. პოლიციელებს ისეთი რეპლიკები ჰქონდათ, პროვოკაციაზე მოდიოდნენ. რეალურად რომ დავფიქრდეთ, მე რომ დავრეკო მუქარაზე პოლიციაში, ამხელა სპეცოპერაციას არავინ ჩაატარებს. ეჭვი მაქვს, იმ კუპეში ვიღაც ისეთები იყვნენ, ვის გამოც ამხელა ამბავი ატყდა. პირველ სექტემბერს, დაბადების დღეს მოუწყვეს თამაზს რაღაც სადამსჯელო ოპერაცია. ეს მის დაშინებას და გაჩუმებას ემსახურება... თავისი პოზიციის გამო ბოდიში არ მოიხადა და დასაჯეს. ამხელა სპეცოპერაცია და ამდენი ხალხი რა საჭირო იყო? თამაზი მხნედ არის და როგორც ყოველთვის, ბრძოლის ხასიათზე. პროტესტს აცხადებს იმ უკანონობასთან დაკავშირებით, რაც მოხდა და შიმშილობს“.
თამარ ელიზბარაზშვილი, თამაზ ელიზბარაშვილის და:
"დადასტურებით არ ვიცით, მაგრამ როგორც ამბობენ, რესტორანში თამაზს დიმიტრი სამხარაძე ურჩევდა საქმეს. ერთ-ერთ პოლიციელს თამაზისთვის უთქვამს, ჩვენ რას გვერჩი, შემსრულებლები ვართ და რაც დაგვავალეს, უნდა შევასრულოთო. ცხადია, მისი დასჯა იმან დაავალა, ვისაც პირადად შეეხო ეს ამბავი და ვინც რესტორანში იყო.
თამაზი ჩასულა რესტორნის საპირფარეშოში ხელის დასაბანად, ზოგადად, წიკი აქვს, ხელს იბანს ძალიან ხშირად და იქ დაადგა რვა კაცი, გაეცნენ როგორც "იმედის“ თანამშრომლები და უთხრეს, რომ არ მოსწონდათ მისი პოლიტიკური შეხედულებები, უკრაინელებს რატომ იცავ და რუსებს რატომ ამტყუნებ, რუსეთუმეებს რატომ გვიწოდებო და ა.შ. არ გევასებით და ბოდიში უნდა მოიხადოო. ამის გამო დაიწყო შეკამათება. თამაზი რესტორანში მეუღლესთან ერთად იყო და თავდამსხმელებს უთხრა: ნახევარი საათი დამელოდეთ, მივიყვან ცოლ-შვილს და მოვალო. როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ ეს მოვიდა სახლში, აიღო იარაღი და იმათ ჩაუვარდა. ვიღაცა წერს სოციალურ ქსელში, მაგან ძაღლის გამო კაცს ესროლა და დაჭრა და აბა, რას იზამდაო (გურამიკოს რომ შეემთხვა რაღაც ინციდენტი). მოკლედ, ეს ტროლები კარგად აამუშავეს... იცი, რა მაინტერესებს? პარლამენტის წევრი რომ ხარ, მიდიხარ მოქალაქესთან და ეუბნები, არ მომწონს შენი პოლიტიკური შეხედულება და ბოდიში მომიხადეო და ემუქრები, ეს ნორმალურია და არ არის დასჯადი? სოციალურ ქსელში რამდენიმე ადგილას გაიჟღერა, რომ ეს უნდა ყოფილიყო დიმიტრი სამხარაძე. დავფიქრდი და ახლოს უნდა იყოს სიმართლესთან, ეს სამხარაძის სტილია, ნომერ პირველი პროვოკატორია ეს კაცი. თამაზის ბინის ჩხრეკის დროს ჩვენ გარეთ ვიყავით, არავინ დაასწრეს, მგონი, მეზობელიც არ იყო იქ. რაღაც ძალიან აგდებული დამოკიდებულება იყო პოლიციის მხრიდან, ძალიან უხეში, მერე სახლში გაწევ-გამოწევა ყოფილა და ადვოკატი დააგდეს, თამაზსაც იწვევდნენ, ერთ-ერთს უთქვამს, რა არის, რა ქალივით იქცევიო. ამით ქალებს აკნინებდა თუ ჩემს ძმას, ვერ გავეგე. ოთახში მყოფებს ლაივი ჰქონდათ ჩართული და უცებ წაართვეს ტელეფონები ყველას, არავის წინააღმდეგობა არ გაუწევია, თამაზიც წააქციეს...
გარეთ 20 პოლიციელი იყო, შიგნითაც ბევრნი იყვნენ, მერე კიდევ ორი ეკიპაჟი მოვიდა, უამრავი ხალხი იყო და ჩემი ძმა ხელს ვერ გაიქნევდა, ელემენტარულად, რა დაუმორჩილებლობა და რა ადმინისტრაციული... მათ უბრალოდ ჰქონდათ მითითება, რომ ეს ადამიანი უნდა დაეკავებინათ და დააკავეს. მის სახლში ვერაფერი იპოვეს, ერთი იარაღი ამოიღეს, რომელიც კანონიერ მფლობელობაში აქვს, გაფორმებული ჰქონდა. თქვეს, იარაღი იმ მისამართზე არ ჰქონდა, სადაც იყოო _ ვერ დატოვებდა იქ იარაღს, სადაც ბავშვი იყო. იარაღი უნდა ჰქონოდა იქ, სადაც იქნებოდა. დაუმორჩილებლობა ალბათ იმაში გამოიხატა, კარს რომ არ უღებდა. რატომ არ უღებდა, რა მოთხოვნა ჰქონდათ, ეგეც არ ვიცი. ალბათ იმიტომ არ უღებდა, რომ შიგნით სამი პატარა ბავშვი და ერთი ავადმყოფი კაცი იყო (თამაზის სიმამრს ალცჰაიმერი აქვს). გარეთ თამაზის ქალიშვილი მარიამი იყო და გოგონას ორჯერ წაუვიდა გული.
ეს ყველაფერი ემსახურება თამაზის დაშინებას. უნდათ, რომ ბოლო-ბოლო გააჩუმონ. ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის, ჩემს ძმას პატარა შეგინებაზე სასამართლოს უწყობენ და ჯარიმებს აკისრებენ. ასე და ამ ფორმით ებრძვიან მარტო თამაზს ხომ არა, ებრძვიან მთელ ქვეყანას, უნდათ, რომ ხალხი "დააჩმორონ", ღიად უწყობენ ტერორს. ის კი არ ესმით, რომ ქართველის დაშინება და დადუმება არ არის ასეთი ადვილი. ანი მაღაზიაში იყო შესული, თამაზს რომ პოლიცია დაადგა თავს, თამაზს ბავშვი ეჭირა ხელში, შემაძრწუნებელია, მომენტს ხომ უნდა შერჩევა? მის სახლთან დილიდან, სადარბაზოში ვიღაც პატრულირებდა თურმე. მაგ დღეს ვაკეშიც მივიდნენ, დედას ბინაში, გასაჩხრეკად, რა უნდოდა იქ იარაღს?! ჩვენ რაიმე უკანონო ნივთის ჩადების გვეშინოდა, მეტი კი არაფრის. ამიტომ არ უშვებდა შინ პოლიციელებს, ჯერ ადვოკატს ელოდებოდა. მთელი გზა გადაკეტეს და ეზოშიც არ გვიშვებდნენ, ძალიან, ძალიან ცუდად მოიქცნენ“.
იხილეთ ასევე: