ავტორი:

გადაიდო და გაუქმდა ათობით ავიარეისი - რა ხდება რუსეთის ცაზე მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ თქვა, რომ მტრის საჰაერო სივრცე სახიფათო გახდება

გადაიდო და გაუქმდა ათობით ავიარეისი - რა ხდება რუსეთის ცაზე მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ თქვა, რომ მტრის საჰაერო სივრცე სახიფათო გახდება

მოსკოვის ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილებების ფონზე, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცის სამოქალაქო ავიაციისთვის საშიშროებას ეხებოდა, უკვე მეორე ღამეა თვითმფრინავების მიღება და გაფრენა შეაჩერეს. ამის შესახებ The Moscow Times წერს.

  • მედიის ცნობით, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაციამ) განაცხადა, რომ მოსკოვის რეგიონის აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

წინა ღამით რუსეთის დედაქალაქის სამმა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. ფრენების მონიტორინგის სერვის Flightradar24-ის მონაცემებით, შერემეტიევოს აეროპორტში 21 რეისი გაუქმდა, ხოლო 235 გადაიდო. ვნუკოვოს აეროპორტში კი 22 რეისი გაუქმდა და 94 გადაიდო.

ცნობისთვის, ამას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება. პირველ სექტემბერს ზელენსკიმ ავიაკომპანიები და სადაზღვევო კომპანიები გააფრთხილა, რომ მოსკოვის მიერ დაწყებული ომისა და საპასუხოდ უკრაინის მიერ დრონების გამოყენების გამო, რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა სამგზავრო თვითმფრინავებზე თავდასხმას არ აპირებს, თუმცა საერთაშორისო კომპანიებს მოუწოდა, სამხედრო საფრთხეები გაითვალისწინონ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინამ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) ოფიციალურად აცნობა, რომ სამხედრო აქტივობის გაზრდის გამო რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის სახიფათოა. მისი თქმით, უკრაინას სურს, თავიდან აიცილოს შესაძლო ინციდენტები, რადგან რუსეთი უსაფრთხოების ზომებს განზრახ უგულებელყოფს.