"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში მივა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოს აცხადებს, ეს ყველაფრის მისთვის ირონიულია, ხოლო ქვეყანაში არსებული სისტემის შექმნაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ, დეკანოიძის თქმით, გამოკითხვაზე უნდა დაიბარონ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, და მამუკა მდინარაძე და ყველა ის ადამიანი, ვინც „ფულის გამო ყველანაირ სიბინძურეს კადრულობს“.
„ბიძინა ივანიშვილი არის შემოქმედი იმ სისტემის, რომელშიც ადამიანები სკამის, ფულის გამო ერთმანეთს ადებენ ხელს, ერთმანეთზე აძლევენ ჩვენებებს, ყველაფერს კადრულობენ და რა თქმა უნდა, კორუფციაში არიან ჩაფლულები. ფულის გამო კადრულობენ ყველაფერს, ერთმანეთს აბრალებენ მკვლელობას, თვითმკვლელობას, წერენ ჩვენებებს და იბრძვიან იმისთვის, რომ როგორმე გაცილებით უფრო მეტი ფული მოიპარონ. ეს არის სისტემა, რომლის შექმნაშიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ, გამოკითხვაზე დაიბარონ ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და ყველა ის ადამიანი, ვინც ფულის გამო ყველანაირ სიბინძურეს კადრულობს. ქართველი ხალხი ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ მმართველობას და რა თქმა უნდა, არ იმსახურებს იმ საშინელ სიბინძურეს, რასაც ეს ადამიანები ერთმანეთზე ჰყვებიან.
„ქართული ოცნების“ სისტემის ნაწილია ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძეც და რა თქმა უნდა, ამ სისტემის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება ამ გამოკითხვას, დარეკეს, გასაგებად ვუთხარი, რომ მივალ სასამართლოში იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ძალიან ირონიულიც არის, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა სიბინძურეშია გახვეული „ქართული ოცნება“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
წაიკითხეთ ასევე: