იტალიური მედია ნეაპოლში ქალზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ წერს და მათი ცნობით, ძალადობის მსხვერპლი ქალი საქართველოს მოქალაქეა. მედიის ცნობით, ნეაპოლის ბიზნესცენტრის მახლობლად, მიწისქვეშა გადასასვლელთან შიშველ მდგომარეობაში მყოფი ქალი იპოვეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა - ყვიროდა: "დამეხმარეთ, დამეხმარეთ". იქვე იყო მამაკაციც, რომელიც გაქცევას ცდილობდა, თუმცა ის ვერ მოახერხა.
შემთხვევა გასულ კვირას, ღამით, დაახლოებით 23:50 წუთზე მოხდა.
ქალის ყვირილის ხმა ღამით პატრულირებისას დაცვის თანამშრომლებმა გაიგონეს, რის შემდეგაც მათ შოკურ მდგომარეობაში მყოფი ქალი იპოვეს.
როგორც იტალიური მედია წერს, დაცვის თანამშრომლების დანახვისთანავე კაცმა გაქცევა სცადა, თუმცა მისი დაკავება მოახერხეს.
- ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ქალს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი ნეაპოლის კარდარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის გათვალისწინებული პროტოკოლის შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა.
მომხდარის დეტალების დადგენაში გამოძიებას ექსპერტიზის შედეგები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები დაეხმარება.
დაკავებული მამაკაცი 40 წლისაა და ის მაროკოს მოქალაქეა. მას სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი. როგორც იტალიური მედია წერს, მომხდარის ზუსტი გარემოებები ჯერ კიდევ დასადგენია და მამაკაცის პასუხისმგებლობა საქმის განხილვის პროცესში უნდა დადასტურდეს.
- აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, 31 მაისს დაახლოებით 50 წლის ქალმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ იმავე ტერიტორიაზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი ჩვენების თანახმად, მას ახალგაზრდა მამაკაცი გაჰყვა, შემდეგ კი მასზე ძალადობა განახორციელა. ქალის ყვირილმა რამდენიმე გამვლელის ყურადღება მიიპყრო, თუმცა მამაკაცმა გაქცევა მოახერხა.