ავტორი:

რუსეთის კიდევ ერთი არაადამიანური სახე - გულაგის მსხვერპლთა საფლავებზე საცურაო ტბორი და პლაჟი მოაწყვეს

რუსეთის კიდევ ერთი არაადამიანური სახე - გულაგის მსხვერპლთა საფლავებზე საცურაო ტბორი და პლაჟი მოაწყვეს

რუსეთში, კომის რესპუბლიკაში, ქალაქ იემვაში, საბჭოთა გულაგის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანაკების ქსელი არსებობდა. ათწლეულების წინ, ადამიანების მასობრივი დაკრძალვის ადგილზე, საცურაო აუზი მოაწყვეს. მას შემდეგ ადგილობრივები ქვიშასა და წყალში ადამიანის ძვლებს პერიოდულად პოულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ყველამ იცის ამ ადგილის ისტორია, იქ წლების განმავლობაში არც მემორიალი, არც ჯვარი და არც სხვა ნიშანი არ განთავსებულა.

2026 წლის ზაფხულში ხელისუფლებამ ადგილზე მხოლოდ ერთი წარწერა დაამონტაჟა - "ცურვა აკრძალულია“.

ერთ დღეს იემვას მცხოვრებლებმა ტბორში მოცურავე გედების ფოტოები გადაიღეს. ფოტოები ადგილობრივ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და კომენტარებში ადამიანებმა ძველი დრო გაიხსენეს.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა: "მოიცადეთ, იქ ციხის სასაფლაო ხომ არ იყო?“

პასუხი მალევე მიიღო.

"დიახ, ესაა“, - დაწერა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

სხვებმა გაიხსენეს, რომ 1980-იან წლებში სანაპიროზე ადამიანის თავის ქალებიც კი იყო მიმოფანტული. კიდევ ერთი ადგილობრივი აღნიშნავდა, რომ ამ ადგილას თითქმის ყოველ ზაფხულს ვიღაც იხრჩობოდა.

ტბორის ისტორია 1980-იან წლებში დაიწყო. იემვას ნოვის მიკრორაიონში, ბალახიან მინდორზე, სადაც ადგილობრივები მოცვს კრეფდნენ, ექსკავატორები შეიყვანეს.

საწარმოო ორგანიზაცია SMU-2-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, იქ ხელოვნური ტბორი და საზოგადოებრივი პლაჟი მოეწყო. პროექტი ჩვეულებრივ დასასვენებელ სივრცეს ითვალისწინებდა - სანაპიროს, ქოლგებსა და გამოსაცვლელ კაბინებს. თუმცა ქვიშასთან ერთად ექსკავატორი მიწიდან ადამიანის ძვლებსა და კუბოების ფიცრებსაც იღებდა.

  • საბოლოოდ იქ ხელოვნური ტბორი შეიქმნა, რომელიც ადგილობრივების დასასვენებელ ადგილად იქცა.

დღეს SMU-2-ისგან მხოლოდ მიტოვებული საწარმოო შენობა და ძველი საერთო საცხოვრებლის ნანგრევებია დარჩენილი. თავად კარიერი კი უკვე დაახლოებით ოთხი ათეული წელია არსებობს. ამ დროის განმავლობაში ადამიანების ძვლები არაერთხელ უპოვიათ როგორც წყალში, ისე ქვიშაში.

ადგილობრივ სოციალურ ქსელებში ტბორის ფოტოები პერიოდულად კვლავ ჩნდება. კომენტარებში ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან: ზოგს ძველი დასასვენებელი ადგილი ენატრება, სადაც ახალგაზრდობაში ბანაობდნენ და კოცონს ანთებდნენ, სხვებისთვის კი ეს ადგილი თავიდანვე შემზარავი იყო.

იემვა ყოფილი გულაგის ტერიტორიაა.

ქალაქი იმ ადგილას განვითარდა, სადაც საბჭოთა პერიოდში NKVD-ის ბანაკების ინფრასტრუქტურა არსებობდა. 1928 წლიდან გულაგის პატიმრები აქ ტყეში გზებსა და ინფრასტრუქტურას აშენებდნენ - იქ მხოლოდ პოლიტიკური და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებულები კი არა, ე.წ. სპეციალური მოსახლეებიც იგზავნებოდნენ - მათ შორის ქონებაჩამორთმეული გლეხები, გერმანელები, ლატვიელები და პოლონელები.

მათ ჩრდილოეთის განვითარებისთვის იძულებით ასახლებდნენ. ტაიგით გარშემორტყმულ ბანაკებში პირობები უკიდურესად მძიმე იყო. პატიმრებს ხშირად არ ჰქონდათ საკმარისი ყაზარმები და ზამთარში სარდაფებში ან კარვებში ცხოვრობდნენ, მაშინ როცა ტემპერატურა ზოგჯერ -50 გრადუსამდე ეცემოდა. საკვები ხშირად მხოლოდ 400 გრამი პურითა და ერთი თასი წვნიანით შემოიფარგლებოდა.

მოგვიანებით დასახლებას ჟელეზნოდოროჟნი ეწოდა. 1938-დან 1950 წლამდე აქ ჩრდილოეთის რკინიგზის სასჯელაღსრულებითი ბანაკების - სევერჟელდორლაგის - შტაბ-ბინა მდებარეობდა.

გულაგის ისტორიისთვის ეს ტერიტორია უფრო მეტად კნიაჟპოგოსტის სახელითაა ცნობილი. საბჭოთა პერიოდში აქ არსებობდა ბანაკების მთელი სისტემა, სადაც პატიმრები რკინიგზას, გზებსა და სხვა ინფრასტრუქტურას აშენებდნენ. "პერესტროიკის" პერიოდში კნიაჟპოგოსტის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს იემვა ეწოდა. კომის ენაზე ეს სიტყვა "სუფთა წყალს“ ნიშნავს.

დღეს იემვას ბევრი მცხოვრები გულაგის პატიმრების ან ბანაკის თანამშრომლების შთამომავალია.

ქალაქში კვლავ მოქმედებს მამაკაცთა სასჯელაღსრულების კოლონია.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, უცნობი ადამიანის ნეშტის აღმოჩენისას მოქალაქეებს მისი დამოუკიდებლად ამოღებისა და დაკრძალვის უფლება არ აქვთ.

კომის სამძებრო მოძრაობის ხელმძღვანელის, იულია ოსტაშოვას, განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი კანონიერი გზა შესაბამის ორგანოებთან დაკავშირებაა.

"არ შეეხოთ და არ შეაწუხოთ ნეშტი“, - ამბობს ის.

2021 წელს კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახის ხანძარს აქრობდნენ, როდესაც მეხანძრეებმა სულ მცირე სამი ადამიანის თავის ქალა და სხვა ძვლები აღმოაჩინეს.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ნეშტი სულ მცირე 10-15 წლის იყო და ტრავმის ნიშნები არ ჰქონდა.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი თქვეს, რადგან "კრიმინალური ინციდენტის ნიშნები“ ვერ აღმოაჩინეს.

თუმცა გამოძიების დოკუმენტში მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა: იქ ნათქვამია, რომ ეს ტერიტორია 1930-1950 წლებში გულაგის პატიმრების არაოფიციალურ მასობრივ სამარხს წარმოადგენდა.

ამით ისტორია თითქოს დასრულდა.

მაგრამ ექვსი თვის შემდეგ იემვაში გულაგის მკვლევართა ექსპედიცია ჩავიდა.

ადგილობრივმა მწერალმა და ისტორიკოსმა გრიგორი სპიჩაკმა BBC-ს უთხრა, რომ კარიერზე მისულ მკვლევრებს განსაკუთრებული ძებნაც კი არ დასჭირვებიათ - ძვლები პირდაპირ ზედაპირზე გამოჩნდა.

დღეს კომის ტყეებში გულაგის მრავალი სასაფლაო ფაქტობრივად უხილავია. მათ უმეტესობას არც ჯვარი აქვს, არც ღობე და არც რაიმე სხვა ნიშანი. ადგილობრივები მათ ხავსით დაფარული ბორცვებით ან ჩაძირული მიწით ცნობენ. მოხალისეები და მკვლევრები ცდილობენ ასეთი ადგილების კოორდინატების დადგენას და ინფორმაციას რეპრესირებულთა ნათესავებს გადასცემენ..

გულაგის ისტორიის მუზეუმისა და მის მიერ შექმნილი მემორიალური ფონდის შეფასებით, 1930-1956 წლებში საბჭოთა ბანაკებში, კოლონიებსა და ციხეებში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა.

მათგან დაახლოებით 4 მილიონი პოლიტიკური მიზეზებით იყო გასამართლებული. 2 მილიონზე მეტი ადამიანი პატიმრობაში დაიღუპა, დაახლოებით ერთი მილიონი კი სიკვდილით დასაჯეს. 6 მილიონზე მეტი საბჭოთა მოქალაქე, 61 ეროვნების წარმომადგენელი, იძულებით გადაასახლეს ქვეყნის შორეულ რეგიონებში.

წყარო