ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა: „ატკინე, დააზიანე მაინცო“ და ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც - სამწუხაროა, რომ გვარამიას რჩევებს აჰყვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი - როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განცხადებით, პროკურატურის სამართლებრივმა რეაგირებამ „დაგვანახა, რომ თითოეული ის ადამიანი, რომელიც აჟრიამულდა და ღარიბაშვილის პოსტს აჰყვა, იტყუებოდა.“
„პროკურატურის მხრიდან სწორმა სამართლებრივმა რეაგირებამ მოგვცა სურათი, რომ თითოეული ის ადამიანი, რომელიც აჟრიამულდა და აჰყვა ღარიბაშვილის პოსტს, თავის მხრივ იტყუებოდა. ახლა ერთი მეორეზე აკეთებენ განცხადებებს, რომ ამ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. დაკითხვაზეც, ალბათ, კიდევ ერთხელ უარყოფენ, რომ რაიმე დამატებითი, სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.
სამწუხაროა, რომ მთლიანად ეს აჟიოტაჟი და გვარამიების თუ ჟორჟოლიანების მაგვარი დეზინფორმატორების ჟრიამული გამოიწვია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ და იმ პროვოკაციულმა განცხადებებმა, რომელმაც მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივი აჟრიამულა.
პროკურატურის მხრიდან ასევე მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა არსებული მტკიცებულება ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. თუმცა, როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ეს ხელსაყრელი მომენტია, რომ გარკვეული პოლიტიკური დაზიანება მიაყენოს და დისკრედიტაცია გაუკეთოს როგორც პროკურატურას, ისე მთლიანად ხელისუფლებას.
უზომოდ სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა გამოხმაურება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან. როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ. რაც მთავარია, ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა: „ატკინე, დააზიანე მაინცო“ - ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც.
სამწუხაროა, რომ გვარამიას რჩევებს აჰყვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი. იმის მიუხედავად, რაოდენ ნაწყენიც ან გაბრაზებულიც არ უნდა იყოს თავისი გადმოსახედიდან, ჩემთვის მაინც მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს ვინმე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.