საქართველო "ოსკარზე“ წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმით - "გურია“. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
"ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე "ოსკარი", საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია“ იქნება წარდგენილი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფილმში მოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში ხდება, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. მძიმე ცხოვრების, ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, გურიის სოფელში მცხოვრები ფილმის გმირები მათთვის დამახასიათებელ იუმორს მაინც არ კარგავენ. "გურიას“ არაერთი პერსონაჟი ჰყავს.
- გურია რატომ აღმოჩნდა თქვენი ინსპირაციის წყარო? რატომ დაინტერესდით ამ კუთხით?
- საერთოდ, რეგიონებში გადაღება მიყვარს - რამდენიმე ფილმი მაქვს გადაღებული. იქ ხალხი ბევრად გახსნილია, თბილია, მეტად ადამიანური და შედარებით მშვიდი გარემოა. თან გურია და საერთოდ, დასავლეთ საქართველო - ჩემთვის ახლობელია. ჩემი ბებია-ბაბუა - იმერეთი, აჭარა, გურიიდან არიან. ბავშვობაშიც იქ ხშირად დავდიოდი და მომწონდა.
შემდეგ წავიკითხე გიორგი კეკელიძის "გურული დღიურები“, მომეწონა. საქართველოში ყოველთვის ჭირს ლიტერატურული მასალა საფუძვლად რომ დავუდოთ და გიორგის შევეხმიანე. ვუთხარი, რომ "გურული დღიურები“ მომეწონა, ისიც, როგორც წერ და რამე ისტორია ხომ არ გაქვს ფილმისთვის რომ გამოვიყენო-მეთქი. ფილმისთვის გამოსადეგი ისტორია არ ჰქონდა, იმიტომ, რომ "გურული დღიურები“ არ არის სიუჟეტური ამბავი - უფრო მოგონებებია ბავშვობაზე.
ამიტომ შემომთავაზა, გურიაში წავიდეთ და იქნებ ნახო შენთვის საინტერესო სიტუაციაო. წავედით, ვიღაცები გავიცანი, მერე დავრჩი გურიაში, რაღაც პერიოდი ვიყავი იქ, ისტორიებს ვაგროვებდი... გიორგიმაც მომიყვა თავისი ისტორიები, იქ კიდევ უამრავი ხალხი გავიცანი, რომლებიც თავიანთ ამბებს ჰყვებოდნენ. როცა შეგროვდა ისტორიები და უკვე ჩემს სცენარისტთან ბორის ფრუმინთან ერთობლივად დაიწერა სცენარი, რომლის შვიდი-რვა ვარიანტი გაკეთდა. მოკლედ, მთავარი სცენარისტი არის ბორის ფრუმინი, მე და გიორგი კეკელიძე თანაავტორები ვართ.
- მოკლედ გურული ყოფის ახლოს შესწავლა მოგიხდათ...
- კი - იმ პერიოდში იყო ისეთი ეპიზოდებიც, როცა მანქანით რომ დავდიოდი, ვიღაცებს გზაში ვისვამდი და ამბებს ისინიც მიყვებოდნენ. მასალები ნელ-ნელა გროვდებოდა. ყოველთვის ასე ვმუშაობ, ვცდილობ, მასალები მოვიძიო. მერე უკვე სიუჟეტის კეთება ცალკე ხელოვნებაა - სიუჟეტური აზროვნება ირთვება და იქ მთელი საინტერესო ამბებია... კონსტრუქცია უნდა იყოს და სტრუქტურა გამძლე, რომ ამ სიუჟეტმა მაყურებლის ყურადღება მიიპყროს და ფილმს ძალა მისცეს.
- ფილმს ჰქვია "გურია“. ევროპაში მისი პრემიერა თავისთავად ამ კუთხისთვის რას ნიშნავს?
- ბევრი ადამიანი მირეკავს, რადგან ძალიან ბევრი ადგილობრივი გადავიღეთ, გახარებულები არიან, რომ ფილმს "გურია“ ჰქვია, ფესტივალზეც რომ მოხვდა. გადაღების პროცესში ვეუბნებოდი, თუ კინო კარგი გამოვიდა, იმ შემთხვევაში დავტოვებ "გურიას“ სახელწოდებად-მეთქი. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ფილმს ჰქვია "გურია“... არ ვიცი, როგორი ნამუშევარი გამოვიდა, მაგრამ სახელი მაინც ვერ შევცვალეთ, ვერ შეველიეთ. ჯერ ერთი იმის გამოც, რომ ადვილი დასამახსოვრებელია, მოკლეა. "გურიას" ბევრი პერსონაჟი ჰყავს. მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი მსახიობები, ისე არაპროფესიონალები. მოკლედ, ვნახოთ..