კაცობრიობა “ექსტრემალური ამინდის სახიფათო ზონაში“ შედის, რადგან წყნარ ოკეანეში გიგანტური ტემპერატურული ანომალია, ე.წ. “სუპერ ელ-ნინიო“ აქტიურდება. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერიში საგანგაშო გაფრთხილებას ავრცელებს და აცხადებს, რომ პლანეტა “შეუსწავლელ წყლებშია, ეს წყლები კი სულ უფრო თბება“.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) უახლესი მონაცემებით, ეს ბუნებრივი მოვლენა შესაძლოა ბოლო 70 წელიწადში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდეს და მინიმუმ 2027 წლის თებერვლამდე გასტანოს. ელ-ნინიო სრულად ცვლის ამინდის გლობალურ მოდელებს: ზოგიერთ რეგიონს დამანგრეველ გვალვაში ძირავს, სხვებში კი სუპერტაიფუნებსა და წყალდიდობებს იწვევს. ამას ემატება ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილებებიც, რაც ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის.

WMO-ს გენერალური მდივანი სელესტე საულო აფრთხილებს მსოფლიოს, რომ ამ მოვლენამ შეიძლება უმძიმესი დარტყმა მიაყენოს საზოგადოებასა და გლობალურ ეკონომიკას.
წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში წყლის ზედაპირის ტემპერატურა საშუალოზე 2°C-ით მეტია, თუმცა პროგნოზების თანახმად, მან შესაძლოა საშუალოზე 4°C-ით მაღალ ნიშნულს მიაღწიოს, რაც 1950 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იქნება. ოკეანის სიღრმეში კი სიტუაცია კიდევ უფრო საგანგაშოა - იქ ტემპერატურა ნორმაზე 8°C-ით მაღალია. ანომალიური სიცხე ასევე მოსალოდნელია ინდოეთის ოკეანეში, ტროპიკულ ატლანტიკასა და ავსტრალიის სანაპიროებთან.
სტიქიის პირველი შედეგები უკვე თვალსაჩინოა და მძიმე ზიანს აყენებს საერთაშორისო ვაჭრობას. უწყლობის მოლოდინის გამო, პანამის არხში გემების გამტარუნარიანობა 10%-ზე მეტით მცირდება. ეს უმძიმესი დარტყმაა ქვეყნისთვის, რომელიც ამ ხელოვნური წყალსავალით წელიწადში 3 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.

აზიაში კი ნამდვილი ჯოჯოხეთია - ინდონეზიაში გვალვის გამო 107 000 ჰექტარზე მეტი ტყე იწვის. ადგილობრივი მცხოვრები დარვინ რომი ჰყვება, რომ კვამლი იმდენად სქელია, რომ გარეთ გასვლისას თვალები ეწვით, სუნი კი გაუსაძლისია. ქვეყნის ხელისუფლება ხანძრის ჩასაქრობად ხელოვნური წვიმის გამოსაწვევ სპეციალურ ავიაციას იყენებს.
ანომალიური სიცხე მძიმედ ურტყამს ავსტრალიას, სადაც წყლის ტემპერატურის მატებამ უპრეცედენტო ზიანი მიაყენა საზღვაო სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი დიდი ბარიერული რიფი წელს გადარჩება, სამხრეთ ავსტრალია უმძიმეს მდგომარეობაშია.
მეორე მხრივ, გადაუღებელი წვიმები და მეწყრებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთ ბრაზილიასა და აშშ-ის სამხრეთ ნაწილში. განსაკუთრებით მოწყვლადია პერუ. მოსალოდნელი კატასტროფის გამო, აშშ-მა პერუს სანაპიროსთან სამხედრო-სამედიცინო გემი USNS Comfort უკვე გაგზავნა. თუმცა, ექსპერტი მიგელ არესტეგი აღნიშნავს, რომ პრობლემა მხოლოდ ამინდში არ არის, მოუმზადებელი ჯანდაცვა, სახიფათო ზონებში აშენებული სახლები და სუსტი წყალმომარაგება კატასტროფის მასშტაბებს კიდევ უფრო ზრდის.