ავტორი:

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ტოქსიკურ კვამლში გაეხვა - მასშტაბური ხანძრებს ვერ აქრობენ, ჰაერის დაბინძურებამ “მწვავედ საშიშ“ ნიშნულს მიაღწია

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ტოქსიკურ კვამლში  გაეხვა - მასშტაბური ხანძრებს ვერ აქრობენ, ჰაერის დაბინძურებამ “მწვავედ საშიშ“ ნიშნულს მიაღწია

ინდონეზიის ნაწილს ტოქსიკური კვამლი ფარავს, რომელიც მეზობელ მალაიზიაში, სინგაპურსა და ფილიპინებშიც ვრცელდება. მიზეზი, კვირების განმავლობაში მძვინვარე ტყის ხანძრებია, რომელთა ჩაქრობაც დღემდე ვერ ხერხდება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უზარმაზარ ტერიტორიაზე სმოგის ტყვეობაში უკვე მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა. ჰაერის დაბინძურებამ “მწვავედ საშიშ“ ნიშნულს მიაღწია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ზღვარს 15-ჯერ გადააჭარბა.

ხანძრების უმეტესობა სუმატრასა და ინდონეზიურ ბორნეოზე ივლისის შუა რიცხვებიდან მძვინვარებს. ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ე.წ. “სუპერ ელ-ნინიო“, რომელიც რეგიონში გაუსაძლის გვალვებს იწვევს.

  • ივლისსა და აგვისტოს, ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტრომ ტყისა და მიწის ხანძრებთან დაკავშირებული სასუნთქი გზების ინფექციის 50 000-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა. მათგან 12 000-ზე მეტი პაციენტი 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

“სახლშიც კი, სადაც ყველაფერი დახშული გვაქვს, კვამლი მაინც აღწევს, ჩემი დაბადებიდან ასე ვცხოვრობთ. ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება, ამიტომ თითქმის შევეგუეთ კიდეც, თუმცა წელს ვითარება გაცილებით მძიმეა“, - აცხადებს მედიასთან საუბრისას რიზმა ნურ ფატიმა, სამხრეთ კალიმანტანის ქალაქ ბანჯარბარუს 19 წლის მკვიდრი.

დაახლოებით 1 300 კილომეტრის მოშორებით, ფილიპინების კუნძულოვან პროვინცია პალავანში, მცხოვრებლები მსგავს სიმპტომებს - თვალების, ცხვირისა და ყელის ქავილს უჩივიან.

კვამლი გავრცელებისა და ჰაერის ხარისხის გაუარესების ფონზე, ასთმისა და კონიუნქტივიტის შემთხვევების მატება დაფიქსირდა მალაიზიაშიც.

ინდონეზიის ტყეებსა და ტორფნარებში ხანძრები ახალი ფენომენი არ არის. ექსპერტების თქმით, კრიზისი სათავეს მიწათსარგებლობის ათწლეულების წინანდელ ცვლილებებში, კერძოდ სუჰარტოს ეპოქაში იღებს, ამ დროს პლანტაციებისა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კალიმანტანზე ტროპიკული ტყეებისა და ტორფნარების უზარმაზარი ფართობები გაიჩეხა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თუმცა გვალვა და ელ-ნინიო ხელს უწყობს ცეცხლის გავრცელებას, კვამლის სიმძიმე პირდაპირ უკავშირდება ადამიანის საქმიანობას. ინდონეზიური ბორნეოს ხანძრებში განსაკუთრებით საშიში ის ფაქტია, რომ სტიქია მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტროპიკული ტორფნარის ეკოსისტემას შთანთქავს.

წყარო