გეოლოგებმა ინგლისის აღმოსავლეთ სანაპიროზე 454,4 მილიონი წლის ვულკანს მიაგნეს, თუმცა კითხვა, შეიძლება თუ არა ამ სტრუქტურას “სუპერვულკანი“ ეწოდოს, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.
უძველესი კალდერას ნაწილი, რომელიც იმდენად არის ეროზირებული, რომ მისი უზარმაზარი ზომისა და ფეთქებადი წარსულის აღსადგენად მკვლევრებს 30 წელი დასჭირდათ, ნორფოლკისა და ლინკოლნშირის ქვეშ მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ვულკანის ამოფრქვევა უდავოდ მასშტაბური იყო, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ სტრუქტურისთვის “სუპერვულკანის“ წოდების მისანიჭებლად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.
ბოლო ანალიზში, რომელიც 29 აპრილს ჟურნალ “Geological Society of America Bulletin“ -ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ის ცირკონის კრისტალები შეისწავლეს, რომლებიც 80 წლის წინ ნორფოლკსა და ლინკოლნშირში, ერთმანეთისგან 65 კილომეტრის დაშორებით მდებარე ჭაბურღილებიდან იქნა ამოღებული. ცირკონის კრისტალები ადამიანის თმის დიამეტრზე მცირე ზომისაა და ვულკანის ამოფრქვევამდე, მიწისქვეშა გამდნარ მაგმაში ყალიბდება. ისინი ურანს შეიცავს, რომლის ტყვიის იზოტოპებად დაშლის სიჩქარე საყოველთაოდ ცნობილია, ეს მკვლევრებს ამოფრქვევის ზუსტი თარიღის დადგენის საშუალებას აძლევს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ნორფოლკისა და ლინკოლნშირის ცირკონის კრისტალების ასაკი “კინეკულეს ტეფრას“ (სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში მდებარე პრეისტორიული ვულკანური ფერფლის სქელ ფენა ) ნიმუშების ასაკს ემთხვევა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვულკანის ფერფლის ღრუბელი, რომელიც დღევანდელი აღმოსავლეთ ინგლისის ტერიტორიიდან ამოიფრქვა, ტორნქვისტის ზღვას გასცდა (წყალსატევი, რომელიც ორდოვიციულ პერიოდში, 488,3-იდან 443,7 მილიონი წლის წინ არსებობდა) და დღევანდელი სკანდინავიის ტერიტორიაზე დაილექა.
მიუხედავად იმისა, რომ აფეთქება შთამბეჭდავი და ათასობით ატომური ბომბის სიმძლავრის ეკვივალენტური იქნებოდა, ექსპერტების თქმით, ‘სუპერვულკანის“ განმარტება ბუნდოვანია და მომხდარის აღსაწერად უკეთესი ტერმინებიც არსებობს.
ინგლისში უძველესი, დიდი ვულკანების კვალის პოვნა გასაკვირი არ არის. ახლახან აღმოჩენილი ვულკანი უფრო ფართო ვულკანური სისტემის ნაწილია, რომელიც 450 მილიონი წლის წინ იყო აქტიური და უელსში მდებარე ერირის ეროვნულ პარკსა და ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში მდებარე ლისქის რაიონს მოიცავს.