ისევ დადგა წელიწადის ის დრო, როდესაც მეცნიერთა გამორჩეული ჯგუფი საგანგებო ცერემონიაზე იკრიბება, რათა ქაღალდის თვითმფრინავების წვიმაში მიიღოს ნანატრი ჯილდოები და ხელში ჩაიგდოს 10-ტრილიონიანი ზიმბაბვური დოლარის კუპიურა (მართალია, ხმარებიდან ამოღებული, მაგრამ მაინც). დიახ, ეს ყოველწლიური “შნობელის პრემიაა“ (Ig Nobel awards).
წლევანდელ ცერემონიაზე ნამდვილი ნობელის ლაურეატებიც კი გამოვიდნენ სცენაზე ჯილდოების გადასაცემად, ხოლო გამარჯვებულები კითხულობდნენ ლექციებს ფორმატით “24/7“ - თავიანთი ნაშრომის არსს ჯერ 24 წამში ხსნიდნენ, შემდეგ კი სულ რაღაც შვიდ სიტყვაში ატევდნენ.
გთავაზობთ 2026 წლის გამარჯვებულების ყველაზე სკანდალურ, უცნაურ და სახალისო აღმოჩენებს:
მართლაც უფრო ცუდად იქცევიან მდიდარი ადამიანები, ვიდრე სხვები? ფსიქოლოგთა ჯგუფმა ჩატარებული ექსპერიმენტების სერიით შეაგროვა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მაღალი კლასის წარმომადგენლები მართლაც მიდრეკილნი არიან ცუდი ქცევისკენ - დაწყებული გზებზე სხვა მძღოლების უგულებელყოფით, სამსახურში ტყუილით და ბავშვებისთვის განკუთვნილი ტკბილეულის მითვისებით.
“ჯერ კიდევ კოლეჯის წლებიდან ვადევნებ თვალს ამ პრემიას და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მას მე მოვიგებდი“, — განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) სოციალურმა ფსიქოლოგმა, დოქტორმა პოლ პიფმა.
მან და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ მდიდარი მძღოლები ბევრად უფრო ხშირად უჭრიდნენ გზას სხვა მანქანებს გზაჯვარედინებზე და ყურადღებას არ აქცევდნენ ქვეითებს გადასასვლელებზე. გარდა ამისა, შეძლებული ადამიანები უფრო მზად აღმოჩნდნენ სამსახურში ტყუილის სათქმელად.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში მოხალისეები მარტო დატოვეს ქილით, რომელშიც კანფეტები ეყარა და წინასწარ უთხრეს, რომ ეს ტკბილეული ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. როდესაც მკვლევრები ოთახში დაბრუნდნენ, აღმოაჩინეს, რომ მაღალი კლასის წარმომადგენლებმა თითქმის ორჯერ მეტი კანფეტი მოიპარეს და შეჭამეს, ვიდრე დაბალი ფენის წარმომადგენლებმა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთი ასახელეს და ბიომექანიკის დარგში პრიზი მოიპოვეს.
“მთელი გუნდი აღფრთოვანებულია“, განაცხადა დოქტორმა მატილდა ბრინდლმა.
მან და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს კოცნის ევოლუცია და ამისთვის თავად ამ აქტის მეცნიერული დეფინიციის ჩამოყალიბება დასჭირდათ. საბოლოოდ, მათ კოცნას შემდეგი განმარტება მისცეს: “არაგამაღიზიანებელი ინტერაქცია, რომელიც მოიცავს მიმართულ, სახეობისშიდა ორალურ-ორალურ კონტაქტს, ტუჩების/პირის ნაწილების გარკვეული მოძრაობით და საკვების გადაცემის გარეშე“.
კანადის ვატერლოოს უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდმა, კავე თურაირაჯას ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ პისუარიდან შხეფების გაფანტვა თითქმის ნულდება, თუ ნაკადი კედელს 30 გრადუსზე ნაკლები კუთხით ეჯახება. მათ შექმნეს სპეციალური ფორმის პისუარი, რომელიც მინიმალურ შხეფებს უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ზუსტია მომხმარებლის მიზანი.
ბუნებრივია, რომ ჩვენ გვინდა კეთილი მეგობრები, თუმცა ჩვენი მეგობრების კავშირი გარე სამყაროსთან ჩვენს ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორმა ჯეიმი კრემსმა აჩვენა, რომ ჩვენს სამეგობრო წრეში ყოველთვის არის ადგილი ე.წ. “ავაზაკი ძაღლებისთვის“, მთავარია, რომ ისინი მათ უტევდნენ, ვინც ჩვენ არ გვიყვარს.
“ზოგჯერ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მეგობრები უფრო სასტიკები და გულგრილები იყვნენ ჩვენს მტრებთან ურთიერთობისას. პირადად მე არაერთხელ მიგრძნია თავი უზომოდ საყვარლად, როდესაც სხვებს ჩემი სიძულვილი უტარებიათ და მზად ყოფილან ზურგი გაემაგრებინათ ჩემთვის“, - განაცხადა მან.
ბრაზილიელმა მკვლევრებმა სპეციალური დამცავი ჩექმები ჩაიცვეს და ტყეში შხამიან გველებზე ფეხის დადგმა დაიწყეს, რათა შეესწავლათ, თუ რა იწვევს მათ თავდაცვით რეაქციას და კბენას. მათ დაადგინეს, რომ ყველაზე მეტ აგრესიას თავის არეში დაწოლა იწვევს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მეცნიერებს ეთიკის კომისიისგან გველებზე ფეხის დადგმის ნებართვა არ ჰქონდათ, რის გამოც ჟურნალმა Scientific Reports-მა მათი სამეცნიერო ნაშრომი უკან გაითხოვა.
იხილეთ ასევე: