ავტორი:

ქაოსი და პანიკა პლაჟზე - იტალიის სანაპირო ზოლს ტორნადო დაატყდა თავს: დამსვენებლებმა სტიქიისგან თავის დაღწევა შეძლეს

ქაოსი და პანიკა პლაჟზე - იტალიის სანაპირო ზოლს ტორნადო დაატყდა თავს: დამსვენებლებმა სტიქიისგან თავის დაღწევა შეძლეს

ინტერნეტში შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ დაატყდა თავს ტორნადო იტალიის პოპულარულ სანაპიროს.

შემთხვევა მესინას საკურორტო ზონაში მოხდა, ვიდეოში ჰაერისა და წყლის მასისგან შექმნილი გიგანტური ძაბრი მოჩანს, რომელიც შავი ღრუბლის ფონზე სანაპიროს უახლოვდება და მზისგან დამცავ ქოლგებსა და შეზლონგებს ჰაერში იტაცებს. ზოგიერთი შეზლონგი რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე დაფრინავს და სანაპიროსთან მდებარე შენობებს ეცემა.

ტორნადო თავდაპირველად ზღვაში სწრაფად წარმოიქმნა და სულ რაღაც რამდენიმე წუთში სანაპიროსკენ გაემართა, რამაც წყალში მყოფ დამსვენებლებსა და ტურისტებში ქაოსი გამოიწვია. მათი უდიდეს ნაწილი უსაფრთხო ადგილისკენ გაიქცა, შედარებით გაბედულები კი შორი მანძილიდან ადევნებდნენ თვალს, თუ როგორ მძვინვარებდა სტიქია პლაჟზე.

აღნიშნულ მოვლენას “წყლის ტორნადო“ ეწოდება. ეს არის ჰაერისა და შხეფების მბრუნავი სვეტი, რომელიც წყლის ზედაპირზე წარმოიქმნება. იგი მაშინ ჩნდება, როდესაც ცივი ჰაერი თბილ წყალს ხვდება, ხოლო სხვადასხვა მიმართულების ქარები მას ტორნადოსავით დატრიალებას აიძულებს.

ხანმოკლე არსებობის მიუხედავად, სტიქია საკმაოდ ძლიერია და სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია, თუმცა ხმელეთზე გადასვლისთანავე როგორც წესი სუსტდება და ქრება.

წყარო