ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, გახდა პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიამ რუსეთი დივერსიის მცდელობაში ოფიციალურად დაადანაშაულა. თუმცა მხოლოდ ამ თვეში სულ მცირე შვიდი საეჭვო ინციდენტი მოხდა - და ეს მხოლოდ გერმანიაში. აგვისტოს დასაწყისიდან თავდაცვის საწარმოებში ხანძრები და აფეთქებები დაფიქსირდა პოლონეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთსა და იტალიაში.
BBC თავის სტატიაში ჰყვება 5 აგვისტოდან ევროპაში მომხდარი სავარაუდო დივერსიების ცნობილ შემთხვევებზე.
ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს, გერმანიის კონტრდაზვერვამ (კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ, BfV) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც გააფრთხილა ქვეყნის თავდაცვის სექტორისთვის გაზრდილი რისკების შესახებ, მათ შორის შესაძლო დივერსიებისა და საბოტაჟის აქტების გამო.
აგვისტოს ბოლოს, მას შემდეგ, რაც გერმანიის ხელისუფლებამ ლაიფციგის დრონზე პასუხისმგებლობა პირდაპირ რუსულ სპეცსამსახურებს დააკისრა, კრიმინალური პოლიციის ფედერალურმა სამმართველომ შეადგინა ანგარიში, სადაც, გერმანული მედიის ინფორმაციით, შთამბეჭდავი ციფრები წარადგინა: წლის განმავლობაში საბოტაჟის 165 სავარაუდო შემთხვევა დარეგისტრირდა.
მათ შორის - ელექტროგადამცემი ხაზებისა და რკინიგზის ლიანდაგების დაზიანება, ასევე დაგეგმილი ხანძრები. "კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, როგორც წესი, სამიზნედ ქცევის მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან“, - ასკვნის კრიმინალური პოლიცია.
ლაიფციგის აეროპორტის ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, გერმანია ყოველთვის ცდილობდა დივერსიებში რუსეთი პირდაპირ არ დაედანაშაულებინა. პირველი, ქვეყნის ხელისუფლება ყველა საშუალებით ცდილობდა ესკალაცია არ დაეშვა. მეორე, როგორც გამოცემა Telegraph-ი აღნიშნავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებზე დაყრდნობით, "რუსეთი ძალიან იშვიათად ტოვებს რაიმე მტკიცებულებას, რაც თავდასხმების პირდაპირ მოსკოვისთვის მიწერის საშუალებას მოგვცემდა“.
ლაიფციგი აქ ცალკე დგას: პოლიციამ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი მსხვილ ლოგისტიკურ ჰაბში აღმოაჩინა. ამასთანავე, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აგვისტოს ბოლოს ჯერ კიდევ იყენებდა ფორმულირებას "უცხო სახელმწიფოთა შესაძლო მონაწილეობის“ შესახებ და არ აკონკრეტებდა, რომელ სახელმწიფოზე იყო საუბარი. მხოლოდ 1-ელ სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადეს, რომ ლაიფციგში დივერსიის მცდელობა იმ ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც რუსეთი უკრაინის ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ეწევა. დობრინდტის თქმით, ხელისუფლება ამ დასკვნამდე დივერსიის მცდელობისას გამოყენებული ტექნოლოგიებისა და სხვა, მათ შორის დაზვერვის ინფორმაციის შესწავლის შემდეგ მივიდა.
გერმანიამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა!
ამ ორ მოვლენას - უპილოტო აპარატის აღმოჩენასა და მინისტრების პრესკონფერენციას - შორის გერმანიაში ინციდენტი რკინიგზაზე მოხდა. 23 აგვისტოს, ქალაქ ბაკნანგთან ახლოს (შტუტგარტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბადენ-ვიურტემბერგის მიწა) უცნობმა პირებმა რამდენიმე კაბელი გადაჭრეს. შედეგად, ამ მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა დაირღვა, ბაკნანგში კი ინტერნეტისა და ტელეფონის კავშირის შეფერხებები დაფიქსირდა.
პოლიცია მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე ეხება განზრახ ჩარევას: კაბელის შახტა ძნელად მისადგომ ადგილას მდებარეობდა და ნაპოვნია ინსტრუმენტების გამოყენების კვალი.
1-ელ სექტემბერს პოლიცია გამოძახებაზე მივიდა ბერგჰაიმში მდებარე ელექტროქვესადგურზე (ქალაქი კელნინდან 25 კმ-ში). გაირკვა, რომ უცნობმა პირებმა საკონტაქტო ქსელზე კაბელები გადააგდეს, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია. შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ენერგოკომპანია RWE Power-ის მურა ნახშირზე მომუშავე ხუთი ენერგობლოკი. პოლიციამ გამოძიება დივერსიის ეჭვით დაიწყო, მომხდარის ძირითადი ვერსიები კი უცხო სახელმწიფოს თავდასხმა ან მემარცხენე ექსტრემისტების მოქმედებებია.
იმავე დღეს, იენშვალდეში მდებარე მურა ნახშირის სხვა ელექტროსადგურის გვერდით არსებულ ქვესადგურზე აღმოაჩინეს ხელნაკეთი მოწყობილობები, რომლებიც ქსელში ჩართვისას მოკლე ჩართვას იწვევენ. ბრანდენბურგის ფედერალური მიწის შსს-მ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა ტურნოვ-პრაილაკში ქვესადგურზე თავდასხმა სცადეს. ბოროტმოქმედებმა გამოიყენეს მოწყობილობები, რომლებიც მაღალი ძაბვის ხაზების მწყობრიდან გამოყვანას შეეძლოთ. შედეგად მოხდა ორი მოკლე ჩართვა და გაეთიშა იენშვალდეს ელექტროსადგურის ერთ-ერთი ენერგობლოკი. ისევე როგორც ბერგჰაიმში, პოლიციამ ორი ვერსია წამოაყენა - უცხოური ჩარევა და მემარცხენე რადიკალების აქცია. გარდა ამისა, სამართალდამცავები სწავლობენ შესაძლო კავშირს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მომხდარ ამ ორ დივერსიას შორის.
4 სექტემბერს ძალიან მსგავსი ინციდენტი კვირაში უკვე მესამედ დაფიქსირდა, თუმცა შედეგების გარეშე. ქალაქ დორმაგენში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწა) ქვესადგურის გვერდით იპოვეს კიდევ ერთი მოწყობილობა, რომელსაც მოკლე ჩართვის გამოწვევა შეეძლო. თვითონ ქვესადგური არ დაზიანებულა, ელექტრომომარაგების პრობლემები არ წარმოქმნილა. პოლიციამ ამჯერად მიიღო წერილი, რომელშიც ვინმე მოქალაქე საკუთარ თავზე იღებდა პასუხისმგებლობას ამ და წინა ორ თავდასხმაზე, ხოლო თავის მოქმედებებს ეკოლოგიისთვის ბრძოლით ხსნიდა. თუმცა პოლიცია დარწმუნებული არ არის, რომ წერილის ავტორი მართლაც არის კავშირში წინა ინციდენტებთან და ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქმე მიმბაძველთან გქონდეს.
ეს ყველაფერი როდია. 2 სექტემბრის ღამეს აუგსბურგის (ბავარია) სადგურზე აფეთქება მოხდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაშავდა ორი ადამიანი, პოლიცია კი გამოძიებას აწარმოებს. ხელისუფლებას ეს პირდაპირ დივერსიად არ უწოდებია, თუმცა გერმანული მედია ინციდენტს სხვა სავარაუდო თავდასხმების კონტექსტში აშუქებდა.
3 სექტემბერს თავდასხმა მოხდა მიუნხენში, ორი თავდაცვითი კომპანიის ოფისების გვერდით მდებარე სამშენებლო მოედანზე. უცნობმა პირებმა ავტომობილიდან რამდენიმე აალებადი მოწყობილობა გადმოყარეს, რომელთაგან ერთ-ერთმა ხანძარი გამოიწვია. ამ ადგილის სიახლოვეს მდებარეობს კომპანიების Rohde & Schwarz-ის (რომელიც აწარმოებს კავშირგაბმულობის სისტემებსა და დრონების აღმოჩენისა და ჩახშობის აღჭურვილობას) და Helsing-ის (პროგრამული უზრუნველყოფისა და დარტყმითი დრონების დეველოპერი) შტაბ-ბინები.
WB Electronics-ის ქარხანა, რომელიც უპილოტო აპარატებს აწარმოებს, ხანძრის შედეგად დააზარალდა. პოლონეთის ხელისუფლებამ დივერსიის შესახებ განაცხადა
30 აგვისტოს ლუბლინში ცეცხლი გაუჩნდა კომპანია JFG Composites-ის საწყობს, რომელიც ავიაციისა და დეტალების წარმოებითაა დაკავებული. მომდევნო დღეს მასშტაბური ხანძარი გაჩნდა პოლონეთის უდიდეს კერძო თავდაცვით ქარხანაში - WB Electronics-ში, ქალაქ სკარჟისკო-კამიენაში, სადაც უპილოტო აპარატების კომპონენტები გამოდის. პოლონეთის პროკურატურის მონაცემებით, უცნობმა პირებმა ქარხნის ტერიტორიაზე ადვილად აალებადი მასალების შემცველი მუხტი განათავსეს.
"სკარჟისკო-კამიენას შემთხვევაში ეჭვი არ არსებობს, რომ ეს იყო განზრახ დაწვა, დივერსიული აქტი“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ლუბლინის ხანძრის შემთხვევაში დივერსიის მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ასეთი ალბათობის გამორიცხვაც არ ღირს.
ზარალი სკარჟისკო-კამიენაში 3,5 მილიონ ევროდ ფასდება, ლუბლინში - 7 მილიონ ევროდ.
დრონების მწარმოებელი ქარხანა შესაძლოა სლოვაკეთშიც დაზარალებულიყო. 25 აგვისტოს პოლიციამ მსხვილი დივერსიის აღკვეთის შესახებ განაცხადა. პოლიციელებმა ამოიღეს აალებადი ნარევი, ინსტრუმენტები და საწარმოს გეგმა. ბოროტმოქმედების სამიზნეს ქალაქ პრეშოვში მდებარე უკრაინული კომპანია Skyeton-ის ქარხანა წარმოადგენდა - მისი კიევის ოფისი მაისში რუსული თავდასხმის შედეგად განადგურდა, რის შემდეგაც Skyeton-მა დრონების გამოშვება სლოვაკეთში დაიწყო.
ხანძრის გაჩენის მცდელობის ეჭვმიტანილი ლატვიის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქეა დაკავებულია,- განუცხადეს Reuters-ს რეგიონულ პროკურატურაში. სამივეს ბრალი წარედგინა.
15 აგვისტოს ღამეს ტალინში ხანძარი გაჩნდა შენობაში, რომელსაც იყენებს კომპანია Milrem Robotics-ი - ის უპილოტო აპარატებს აწარმოებს და უკრაინას აწვდის. თვითონ კომპანიაში განაცხადეს, რომ ხანძარს მიწოდების ჯაჭვზე გავლენა არ მოუხდენია.
ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იძიებენ ვერსიას წახალისებაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. ცოტა მოგვიანებით, ლატვიის სპეცსამსახურებმა სამი ეჭვმიტანილი დააკავეს, სამივე ლატვიის მოქალაქეა.
10 აგვისტოს ბულგარეთში, სოფელ ბელიცასთან მდებარე იარაღის საწარმო EMCO-ს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ცეცხლი გაუჩნდა ავტომანქანას, შემდეგ კი ხანძარი საბრძოლო მასალის საწყობს გადაედო.
EMCO-ს ქარხანა უკრაინას შეიარაღებას 2014 წლიდან აწვდის. ეს ბულგარეთში შეიარაღების ერთ-ერთი უდიდესი კერძო მწარმოებელი და ექსპორტიორია.
ქვეყნის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განზრახ ზიანის მიყენების ვერსიას არ განიხილავს. ბულგარეთის შს მინისტრის, ივან დემერჯიევის თქმით, შემთხვევის მიზეზი შესაძლოა "შიდა ფაქტორები“ გამხდარიყო.
13 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა იტალიის ქალაქ კოლეფეროში მდებარე KNDS Ammo-ს ქარხანაში. ეს საწარმო შედის თავდაცვით ჰოლდინგ KNDS-ში, რომელიც უკრაინას იარაღს აწვდის.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზი "შიდა პრობლემაა“ და გარე ზემოქმედების ვერსია უარყო.