რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა თბილისის მრავალსაუკუნოვანი წარსულის კიდევ ერთი უცნობი და საინტერესო ფურცელი გამოაჩინა. დედაქალაქის მიწისქვეშა ფენებში აღმოჩენილ უძველეს არტეფაქტებსა და ისტორიულ გარემოზე არქეოლოგი, ისტორიის დოქტორი, ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ ძნელაძე საუბრობს, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს ხელმძღვანელობს. სამუშაოებში ასევე აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტები.
მერაბ ძნელაძეს და იმ ჯგუფს, რომელიც ველზე მუშაობს, ადგილზე ვესტუმრეთ. მეცნიერი აღნიშნავს, რომ მიწისქვეშა თბილისი რეალობაა, რომელზეც დღევანდელი ქალაქი დგას: "ჩვენ მასზე ზედნაშენი ვართ და იმედია, შევძლებთ მის სათანადოდ მოფერებას, რამეთუ ვინც ფესვებს არ პატრონობს, მომავალი ან ცუდი ექნება, ან საერთოდ არ ექნება“. მისი თქმით, მიმდინარე ობიექტზე გასაკვირი არაფერია, რადგან ათობით წლის წინ ეროვნული მუზეუმის გათხრებისას ამ ტერიტორიაზე უკვე აღმოჩნდა ანტიკური ხანის სამარხები და სხვადასხვა ეკლესია - მათ შორის კალოუბნის ეკლესია და კიდევ სხვა.
- ამ ადგილას, სადაც ახლა ვიმყოფებით, კონკრეტულად რა აღმოჩნდა?
- ეს არის სახელოსნო, - თიხის გამოსაწვავი უბანი, სადაც თიხა იწვებოდა. აი, ეს არის საცეცხლური, ხოლო ოთხკუთხედი, რასაც ხედავთ - ადგილი, სადაც გამოსაწვავად ლაგდებოდა თიხის ჭურჭელი და მასალა. ირგვლივ დამწვარი ფენებია, ჭიქურად და წიდებადაა ქცეული კედლები. საცეცხლურიდან გამოდიოდა ცხელი ჰაერი - ხდებოდა გამოწვა.
- თვითონ მასალა რა პერიოდისაა?
- სანამ კვლევა იტყვის თავის საბოლოო სიტყვას, წინასწარი შეფასებით, ეს არის X-XI საუკუნეები, შესაძლოა XII საუკუნის ნაწილიც - სანამ დავით აღმაშენებელი თბილისს გაათავისუფლებდა და მოაშორებდა აღმოსავლურ გავლენას. დავითმა და თამარმა შექმნეს სუფთა ქართული, თბილისური შინაგანი სამყარო. აქ აღმოჩენილი კერამიკა თითქმის აღმოსავლური იერის მქონეა: ვიწრო ყელი, სპეციფიკური ფორმები... აღმოსავლეთში დღესაც უყვართ ასეთი ვიწროყელიანი ჭურჭელი. ქართულისთვის ეს ნაკლებად იყო დამახასიათებელი... აქ არის ადრეული მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტებიც... ასე რომ, ეს არის ჩვენი დედაქალაქის იმ მონაკვეთის ისტორია, როცა აქ არაბული მმართველობა იყო. თუმცა ქართველები ცხოვრობდნენ და არსებობდნენ. აქ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, სავარაუდოდ ასეთი რამ მოხდა - მეპატრონეებმა ეს ადგილი მიატოვეს, რადგან მტერი შემოესიათ, რომელმაც დაანგრია, დალეწა, გადაწვა ყველაფერი. ეს ჭურჭელი, კერამიკა კი თავის ადგილზე დარჩა და ასევე დაწყობილი დაგვხვდა. თიხა არის წითელი, თეთრი ფერის ჭურჭელი რაც არის, ეს გამომწვარია და ასეთი ფერი ამიტომ აქვს. ეს გამოწვის ხარისხსა და თიხის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. აქ არის ქვაბ-ქოთნები. ძალიან მრავალფეროვანი მასალაა.

- ეს სამუშაოები რომ დაიწყო, როგორც სპეციალისტი, ალბათ ელოდით, რომ რაღაც გამოჩნდებოდა, მაგრამ კონკრეტულად ამის მოლოდინი ალბათ არ გექნებოდათ.
- კონკრეტულად ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ რამე რომ არ აღმოჩენილიყო, ის გამიკვირდებოდა! ტრაქტორით რომ მოთხარეს და ეს თეთრი ჭურჭელი ამოიყარა. აი, ეს ყველაფერი აქ, ძირში იდგა, თაროზე.
- არის იმის შანსი, უფრო მეტად რომ გაითხაროს და კიდევ რამე გამოჩნდეს?
- თუ ამ მონაკვეთიდან გვერდით გადავალთ, შესაძლოა იქაც იყოს რამე. მარტო ეს ხომ არ იქნებოდა?
- ჩემს აზრს მოგახსენებთ - ეს ყველაფერი ასე რომ დაკონსერვდეს, მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელი გაკეთდეს და ტურისტულ ობიექტად იქცეს?
- ამ შემთხვევაში ეს ფიზიკურად ვერ გამოვა, რადგან ნატეხები და ჭურჭელი უნდა ავიღოთ... ასე რომ, გამოჩნდა ჩვენი საყვარელი დედაქალაქის წარსულის ერთი საინტერესო და ძვირფასი მონაკვეთი. აქ ერთ ნატეხს შეიძლება მეტი ისტორიული ფასი ჰქონდეს, ვიდრე ნივთის მატერიალურ ღირებულებას. სრულიად შესაძლებელია, გათხრის პროცესში კიდევ უკეთესი მასალა ამოვიდეს. ჯერ არ დამთავრებულა შესწავლა.

- ეს აღმოჩენილ მასალა ახლა რა ეტაპებს გაივლის?
- ავალაგებთ, აღვწერთ, შევისწავლით და მერე აქვე ეროვნულ მუზეუმში განთავსდება. ჯერ დამუშავდება, რაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია - ათასობით ნატეხია შესასწავლი. იმედი მაქვს, ეს ჩვენი დედაქალაქის წარსულს კიდევ ერთ ლამაზ ფურცელს შემატებს.
- როცა აქ ეს სახელოსნო არსებობდა, ამ ადგილს ისტორიულ წყაროებში რა ერქვა?
- გარეთუბანი და ახლა სწორედ თბილისის გარეთუბანში ვიმყოფებით. როგორც იცით, ვახუშტი ბატონიშვილი თბილისს სამ ნაწილად ყოფს: თავად „ტფილისი“ - ეს არის წავკისის ხევის (ანუ ლეღვთახევის) იქითა, ზედა ნაწილი - აბანოები, წავკისის წყლის მეორე მხარე, ნარიყალას (დედაციხის) ჩათვლით დღევანდელ თავისუფლების მოედნამდე, იყო კალა-ქალაქი. მესამე ნაწილი - ისანი (ისნი) გახლდათ, სადაც მოგვიანებით, უკვე თამარის ეპოქაში, შეიქმნა სასახლე, სადაც თამარი - ჩვენი დიდი, წმინდა მეფე - მეფობდა.

- ანუ იმ გალავანშემორტყმული ქალაქის გარეთ იყო ეს ყველაფერი...
- დიახ... ალბათ ნანახი გაქვთ პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების კუთხესთან, ესტაკადაზე გავლისას ორი დიდ გოდოლს (კოშკს) შორის შესასვლელი კარი - ე.წ. „დიღმის კარია“. იქიდან შედიოდნენ ქალაქში და შემდეგ გამოდიოდნენ ქარავნები... ქარავნები, რადგან ვახუშტის რუკაზე პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ამ დიღმის კარიდან მომავალი გზა სწორედ ამ ადგილებში გადის. ეს საქარავნო გზაა.
- რატომ ერქვა „დიღმის კარი“?
- დიღომი არის შუამავალი მცხეთასთან. და აი, აქ გადიოდა ქარავანი, რომელიც ცნობილ „აბრეშუმის გზას“ წარმოადგენდა. აქედან გადადიოდნენ მცხეთაში... ძალიან საინტერესოა, რომ ამ ქუჩის რეაბილიტაციის პროცესში, მთელ ამ დიდ ტერიტორიაზე ჩნდება აგურით ნაგები კოლექტორები - მრგვალთაღოვანი ნაგებობები. მათი დანიშნულება წყლის გატარებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქს ჰქონდა თავისი ასეთი მთლიანი სისტემა.

- მაგრამ როდინდელია ეს წყალ-საკომუნიკაციო სისტემა?
- როდესაც 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და რუსეთმა გააუქმა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, იმის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს რუსეთის იმპერიისთვის თბილისის კავკასიის ცენტრად გადაქცევა. თუმცა, უძველესი დროიდან დღემდე, მანამდეც, კავკასიის ცენტრი თბილისი იყო. გეოგრაფიულ რუკასაც რომ დახედოთ, ორ ზღვას - კასპისა და შავ ზღვას შორის - თბილისია ცენტრი. თბილისში წყდებოდა ქვეყნისა და მთელი კავკასიის ბედი, ყოველთვის! იმიტომ რომ თბილისი იყო საქართველოს დედაქალაქი - საამაყო და უნიკალური ქალაქი. ასეთი ბუნებაც მსოფლიოში არ არსებობს და მსოფლიოში არ არსებობს ქართველი ხალხის მსგავსი ტოლერანტული და კეთილი ერი, რასაც თავიდანვე ბუნება განაპირობებდა...
თბილისი ისტორიულადაც ისეთი ქალაქი იყო, რომლის მსგავსს დღეს მსოფლიოში ვერ მოძებნი. ჯერ ერთი, 1500 წელია დედაქალაქია და დღესაც დედაქალაქად რჩება. ამ მხრივ, შეიძლება მხოლოდ ორი ქალაქი დავასახელო - ათენი და რომი. გარდა ამისა, არც რომს და არც ათენს არ გადაუტანია ის, რაც ჩვენმა დედაქალაქმა გადაიტანა - ყველანაირი მომხვდურის თარეში. იმიტომაც უნდოდათ, რომ მომხიბლავი, უნიკალური, მიმზიდველი იყო თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და აბრეშუმის გზით. ეკონომიკა არის პოლიტიკა, და აქედან გამომდინარე, თბილისი ყოველთვის მთავარი ცენტრი იყო - ვინც ფლობდა თბილისს, ის ფლობდა კავკასიას!

- ე.ი. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში დაფიქსირდა რუსეთის იმპერიის დროს შექმნილი ქალაქის ნაშთებიც...
- რუსებს შეეძლოთ კავკასიის მთავარმართებლის ცენტრი ძველ ქალაქში, გალავანში მოექციათ, მაგრამ არჩიეს აქ - გარეთუბანში. რატომ? ჯერ ერთი, ეს „აბრეშუმის გზის“ მონაკვეთია, სადაც ქარავნები გადიოდა. მეორეც, ბუნებრივი პირობები უწყობდა ხელს და მშენებლობისთვის მეტ საშუალებას იძლეოდა. მთავარმართებლის ნებართვის გარეშე რუსთაველზე ნაკვეთი არ გაიცემოდა, აქ მხოლოდ გამორჩეულები და შეძლებულები აშენებდნენ. ეს კოლექტორებიც სწორედ ქალაქის კეთილმოწყობისთვის იყო გათვალისწინებული.როგორც ვთქვით, მუზეუმის ქვეშ ანტიკური სამარხები აღმოჩნდა. ახლაც, აი, ამ გაყოლებაზე, დაფიქსირდა ადრეული ნაშთები. 2012 წელს, გავთხარეთ მთავრობის სასახლის პირდაპირ, სობოროს (სამხედრო ტაძრის) სამაროვნის ნაწილი....
- თქვენთვის, როგორც სპეციალისტისთვის, რას ნიშნავს ეს მორიგი აღმოჩენა?
- ჩვენს დედაქალაქს შეემატა ახალი ისტორიული ძეგლი. არაბობა ერთ-ერთი ურთულესი და უმძიმესი პერიოდი იყო ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ მაშინაც ქართველი კაცი იდგა ხვალინდელი დღის იმედითა და სიყვარულით, რომ მაინც დავდგებოდით ფეხზე. ასეც მოხდა და ასეც იქნება!