გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკების გამოყენების წესის შეცვლას მხარი დაუჭირა. ინიციატივის მიზანია, ფართოდ გავრცელებული მერკატორის პროექციის ნაცვლად ისეთი რუკა გამოიყენონ, რომელიც კონტინენტების, განსაკუთრებით კი აფრიკის, რეალურ ზომებს უფრო ზუსტად ასახავს.
რეზოლუცია სავალდებულო ხასიათის არ არის, თუმცა მისმა მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მსოფლიოს მასშტაბით სკოლებში, უნივერსიტეტებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებში გამოყენებულ რუკებზე.
მერკატორის რუკა მე-16 საუკუნეში, 1569 წელს, ფლამანდიელმა კარტოგრაფმა გერარდუს მერკატორმა შექმნა. მისი მთავარი მიზანი ნავიგაციის გამარტივება იყო.
თუმცა მერკატორის პროექციას მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს — ის დედამიწის ზედაპირის ზომებს ზუსტად ვერ ასახავს.

ამის გამო, რაც უფრო ახლოს არის ტერიტორია პოლუსებთან, მით უფრო დიდი ჩანს ის რუკაზე. შედეგად, აფრიკა, რომელიც რეალურად გრენლანდიაზე დაახლოებით 14-ჯერ დიდია, მერკატორის რუკაზე გრენლანდიის ზომასთან შედარებით გაცილებით პატარა ჩანს.
ამავე მიზეზით, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები რუკაზე რეალურ ზომასთან შედარებით უფრო დიდად გამოიყურება, მაშინ როცა ეკვატორთან მდებარე ტერიტორიები — მათ შორის აფრიკის ქვეყნები — შემცირებული ჩანს.
კარტოგრაფები განმარტავენ, რომ ასეთი დამახინჯება ნაწილობრივ გარდაუვალია, რადგან დედამიწის სფეროს ორგანზომილებიან ფურცელზე ან ეკრანზე ზუსტად გადატანა შეუძლებელია.
ტოგოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ დუსეიმ „როიტერსთან“ საუბრისას განაცხადა: „სამართლიანი სამყარო სამართლიანი რუკით იწყება“.
მისივე თქმით, რუკა მხოლოდ გეოგრაფიული ინსტრუმენტი არ არის და ის ადამიანების წარმოდგენასაც აყალიბებს.