ავტორი:

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის მოულოდნელი ფინალი - ნაფიცებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს ქალს, რომელსაც 3 შვილის მკვლელობა ედება ბრალად

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის მოულოდნელი ფინალი - ნაფიცებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს ქალს, რომელსაც 3 შვილის მკვლელობა ედება ბრალად

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ლინდსი კლენსის საქმის განხილვა ვერდიქტის გარეშე დასრულდა. 36 წლის ქალის საქმეზე 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო, რის გამოც მოსამართლემ სასამართლო პროცესი გაუქმებულად გამოაცხადა.

  • დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა და ითხოვდა, რომ ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოტანა კიდევ ერთხელ ეცადათ. მოსამართლე სალივანმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა.

დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრის შესატანად ერთი საათი მიეცა, თუმცა მასაჩუსეტსის უზენაესმა სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

აშშ-ის სისხლის სამართლის საქმეებში გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოსატანად ნაფიც მსაჯულებს ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდებათ. თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, სასამართლო პროცესი შესაძლოა „mistrial“-ით, ანუ ვერდიქტის გარეშე დასრულდეს.

ვერდიქტის ვერ გამოტანის შემდეგ საქმე დასრულებულად არ ითვლება. პროკურატურას შეუძლია კლენსის წინააღმდეგ ბრალდებები ხელახლა წარადგინოს და ახალი სასამართლო პროცესი მოითხოვოს.

  • ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა შეირჩევა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყება. ასევე შესაძლებელია, მხარეებმა საპროცესო შეთანხმებას მიაღწიონ ან ბრალდების მხარემ საქმის შეწყვეტა გადაწყვიტოს. ამ ეტაპზე კლენსი სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში რჩება.

კლენსის ბრალად ედება 2023 წლის იანვარში საკუთარი სამი შვილის მკვლელობა. საქმე განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ქალი მძიმე მშობიარობის შემდგომი დეპრესიითა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით იტანჯებოდა და საკუთარი ქმედებების სრულად ვერ აცნობიერებდა.

წყარო