აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვსა და კიევს ეწვევიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის დროს უკრაინა რუსეთში საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებს.
უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება უკვე მიიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანების თანახმად, ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5 სექტემბრის 00:00 საათიდან 8 სექტემბრის 23:59 საათამდე უნდა დაიცვან.
ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებს დაარტყეს.
„ნათელია, რომ აეროპორტებზე რუსეთის ეს დარტყმები იმ მოლაპარაკებებსა და მზადებაზე რეაქციაა, რომელიც უკრაინაში აშშ-ის წარმომადგენლების ჩამოფრენას და კიევის ან ბორისპოლის აეროპორტებში დაშვებას უკავშირდება. რუსულ-ირანული „შაჰედები“ ამერიკული დიპლომატიის საპასუხოდ“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა მოსკოვის ამ ნაბიჯს მომავალ კვირას, რუსეთის საჰაერო სივრცეში შესაბამისი ოპერაციით უპასუხებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დიპლომატიის მიმართ არანაირი საფრთხე არ არსებობს და არც იქნება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.