"ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილი იყო" - გიორგი ლილუაშვილი

"ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილი იყო" - გიორგი ლილუაშვილი

უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე, პოლიციის მთავარ სამმართველოში, ჯორბენაძის მეგობარი და თანაპარტიელი გიორგი ლილუაშვილი იმყოფება.

  • როგორც გიორგი ლილუაშვილმა "TV პირველს" განუცხადა, გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილი იყო. გიორგი ლილუაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ლაზარე ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს და ამის არაერთი მიზეზი არსებობდა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაზარეს, ანუ ზურა ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს და ამის არაერთი მიზეზი არსებობდა. ჩვენ არაერთხელ შევხდით, ვისაუბრეთ, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მომავალ გეგმებზე და ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობას აპირებს, ის მომავალ გეგმებზე არ საუბრობს. ზუსტად მისი ნათესავის, რიჟვაძის მსგავსი თვითმკვლელობის მსგავსი ფაქტია. რიჟვაძე ზურაბის ალალი დედიდაშვილია. ანუ, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ამ თვითმკვლელობების საკითხი.

ღარიბაშვილი არც მკვლელობას დასწრებია, არც ის მტკიცებულებები აქვს, ვინ გასცა ბრძანება. ეს არის პოლიტიკური განცხადება. ეს არის მისი მოსაზრება, რომ კობახიძე-მდინარაძე შეიძლება ყოფილიყო. არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ კობახიძე-მდინარაძე, ერთიც და მეორეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიან. ხაზს ვუსვამ, კობახიძესაც ამხელდა, როდესაც კობახიძე "სოროსის ფონდის" წარმომადგენელი იყო და იქიდან იმ პროექტებს აფინანსებდა, რასაც ქართველი ხალხი ანტიეროვნულს ეძახდა", - ამბობს გიორგი ლილუაშვილი.

  • ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, "რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?" და ამბობს, რომ საზოგადოებაში "დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".

ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა: ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე, გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.