"ამ ზაფხულს უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა ნაწლავური ინფექციები, ვიდრე გასულ წლებში" - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, წელს ხშირია სალმონელები, თუმცა ნაწლავური ვირუსული ინფექციებიც გვხვდება.
"წელსაც, ისევე როგორც ზაფხულში ზოგადად, უამრავი ადამიანი ბრუნდება კურორტებიდან დიარეით (განსაკუთრებით ზღვისპირეთიდან). სტატისტიკურ მონაცემებს ვერ წარმოვადგენ და ერთი რიგითი ინფექციონისტის პაციენტები სტატისტიკური ანალიზისთვის ვერ გამოდგება, მაგრამ ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ, რომ ამ ზაფხულს უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა ნაწლავური ინფექციები, ვიდრე გასულ წლებში. თუმცა კარგი იქნებოდა "დაავადებათა კონტროლის ცენტრი" პერიოდულად გვიზიარებდეს მონაცემებს, რომელი ნაწლავური ინფექციები დომინირებს ამ სეზონზე და ამ მხრივ რომელი კურორტები უფრო მაღალი რისკის შემცველია.
იმ მონაცემებს, რომელი ინფექციებია ამ სეზონზე დიარეის გამომწვევი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკური მართვისთვის - ვირუსულ, ბაქტერიულ და პარაზიტულ დაავადებებს სხვადასხვანაირი მართვა ჭირდება და როდესაც ექიმმა ანალიზის პასუხების მიღებამდე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცის, ანუ რომელი ინფექციის ალბათობაა მაღალი, ეს მას ძალიან ეხმარება.
დიარეული დავადებების დროს უნდა ჩატარდეს განავლის შესაბამისი გამოკვლევები. წელს ხშირია სალმონელები, თუმცა ნაწლავური ვირუსული ინფექციებიც გვხვდება.
თვითნებურად არ უნდა იქნას დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია (დიაგნოსტიკას ართულებს და ასევე ზოგჯერ დიარეულ დაავადებას ამძიმებს).
არ არის საჭირო უამრავი პრობიოტიკის, "კუჭის წამლის" და სხვადასხვა გაურკვეველი ჩვენების მედიკამენტის მიღება, რასაც ხშირად ერთდროულად ან ხან ერთს, ხან მეორეს, ქაოსურად იღებენ პაციენტები და ამდენი წამლით კიდევ უფრო ტვირთავენ ანთებად საჭმლის მომნელებელ სისტემას.
"აბა წამალი არაფერი არ უნდა"? - უმრავლეს შემთხვევაში არ უნდა და სიმპტომები მაინც გაივლის. არადა, რომელიმე წამალს ან გადასხმას უმადლიან ხოლმე და გონიათ რომ ამან “უშველა”.
მხოლოდ იმიტომ, რომ პაციენტს სიცხე აქვს, აღებინებს ან ფაღარათი აქვს, სასწრაფოს გამოძახება არ არის აუცილებელი და არც სტაციონარში გადაყვანა (განსაკუთრებით თუ პაციენტი ჯანმრთელი ახალგაზრდაა), რაც ძალიან ხშირი სცენარია.
გამონაკლისს წარმოადგენენ ჩვილი ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სადაც ჰოსპიტალიზაცია ხშირად შეიძლება მართლაც აუცილებელი გახდეს.
და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, დიარეულ დაავადებას არ ქვია "ენტეროვირუსი" და მართლა უხერხულია უკვე" - წერს მაია ბუწაშვილი.