"რუსეთში ან შუა აზიაში გაჩენილი ახალი ნარკოტიკი ჩვენს შავ ბაზარზეც აუცილებლად გაჩნდება - საქართველო ამისთვის სამწუხაროდ მზად არ არის": ზურაბ სიხარულიძე

"რუსეთში ან შუა აზიაში გაჩენილი ახალი ნარკოტიკი ჩვენს შავ ბაზარზეც აუცილებლად გაჩნდება - საქართველო ამისთვის სამწუხაროდ მზად არ არის": ზურაბ სიხარულიძე

"რუსეთში ახალი ნარკოტიკები ჩნდება. საქართველო კი ისევ გუშინდელი ნარკოპოლიტიკით ცხოვრობს. რუსეთში ან შუა აზიაში გაჩენილი ახალი ნარკოტიკი აუცილებლად გაჩნდება ჩვენს შავ ბაზარზე და ეს კიდე უფრო მძიმდება ასეთი გაზრდილი მიგრაციის ფონზე" - ამის შესახებ ნარკოლოგი და პარტია "ფედერალისტების" წევრი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნარკობაზარი ყოველდღიურად იცვლება და საუბარი აღარ არის მხოლოდ "ჰეროინზე", "მეტადონზე", "ამფეტამინზე" ან "მეფედრონზე".

  • როგორც ნარკოლოგი ამბობს, მსოფლიოში სწრაფად ჩნდება ახალი, ხშირად გაცილებით საშიში ფსიქოაქტიური ნივთიერებები - ნიტაზენები, ახალი სინთეზური ოპიოიდები, ახალი თაობის სინთეზური კათინონები ("სოლები") და სინთეზური კანაბინოიდები. ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, საქართველოს ნარკოპოლიტიკა ჯერ კიდევ წარსულში ცხოვრობს და ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

"ეს ნივთიერებები ხშირად არც კი იყიდება თავისი ნამდვილი სახელით. ადამიანმა შეიძლება საერთოდ არ იცოდეს, რას იღებს. შეიძლება ფიქრობდეს, რომ ყიდულობს ერთ ნივთიერებას და სინამდვილეში სრულიად სხვა, ბევრად უფრო ძლიერ და ტოქსიკურ ნივთიერებას იღებდეს. განსაკუთრებით საშიშია ნიტაზენების ჯგუფი - ძლიერი სინთეზური ოპიოიდები, რომელთა აღმოჩენა ზოგჯერ სტანდარტული ტესტებითაც რთულია.

და კითხვა არის: საქართველო მზად არის ამისთვის? სამწუხაროდ - არა. ჩვენთან სახელმწიფო ყოველდღე გვიყვება, რამდენი ნარკოტიკი ამოიღო და რამდენი ადამიანი დააკავა.

  • მაგრამ სად არის ახალი ნივთიერებების ადრეული გამოვლენის სისტემა? ტოქსიკოლოგიური მონიტორინგი? რეალური ეპიდემიოლოგიური მონაცემები? დროული გაფრთხილება ექიმებისთვის და საზოგადოებისთვის? გაფართოებული ზიანის შემცირების პროგრამები? ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაძლიერება?

ნარკოტრაფიკი მხოლოდ დაჭერებით არ გაჩერდება. რაც უფრო იცვლება ბაზარი, მით უფრო სწრაფად ჩნდება ახალი ნივთიერებები. ერთი ნივთიერება გაქრება - მეორე გამოჩნდება. ერთ დილერს დაიჭერ - მის ადგილს სხვა დაიკავებს.

მაგრამ თუ სახელმწიფოს არ აქვს ადრეული გაფრთხილების სისტემა, ლაბორატორიული შესაძლებლობები, თანამედროვე მონიტორინგი და ზიანის შემცირების ეფექტური ქსელი, მაშინ ახალი ნარკოტიკების შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როდესაც ადამიანები უკვე საავადმყოფოებში ან სასწრაფო დახმარების განყოფილებებში აღმოჩნდებიან. ან კიდევ უფრო გვიან. როდესაც ადამიანები უკვე დაიღუპებიან.

ნარკოპოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ: "ამოვიღეთ", "დავაკავეთ", "დავიჭირეთ". ნარკოპოლიტიკა პირველ რიგში უნდა პასუხობდეს კითხვას: როგორ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე?

ნარკობაზარი უკვე 2026 წელშია. საქართველოს ნარკოპოლიტიკა კი ჯერ კიდევ წარსულში ცხოვრობს. დროა შევცვალოთ რეჟიმი. დროა შევცვალოთ ნარკოპოლიტიკა" - წერს ზურაბ სიხარულიძე.