"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება. ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
"ცვლილების შედეგად, მეტროსადგურ "დელისიდან" "სითი მოლის" მიმართულებით მოძრაობისას, მოლთან არსებულ მთავარ გზაჯვარედინზე, პირველივე შესახვევში მარცხნივ მოხვევით მოძრაობა შესაძლებელი ხდება როგორც ქავთარაძის ქუჩისკენ, ისე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით.
მეორე შესახვევი განკუთვნილი იქნება იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოლის მიმართულებით გადაადგილდებიან.
მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველას" მხრიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება "სითი მოლთან" პირველივე შესახვევში მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც სატრანსპორტო საშუალებები მარცხნივ მოხვევით ყაზბეგის გამზირზე გავლენ.
ამ შესახვევიდან ავტომობილები ქავთარაძის ქუჩაზე მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრას.
ამასთან, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავხელიძის ქუჩიდან "სითი მოლის" მიმართულებით ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. თითოეული მიმართულებით შენარჩუნდება ორ-ორი სამანქანო ზოლი. "სითი მოლის" მიმდებარედ არსებულ მოედანზე ეწყობა შუქნიშნით რეგულირებული ქვეითთა გადასასვლელები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაუკავშირდა. მოედანზე საპარკინგე ადგილები შენარჩუნდება, განლაგება ახალი სქემის შესაბამისად იცვლება" - აღნიშნულია მერიის ვიდეორგოლში.