ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის შტატის ფედერალურმა პოლიციამ ბრალი წარუდგინა საქართველოს მოქალაქეს, 33 წლის ერეკლე გუგავას. საქმე ეხება აშშ-ის ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ უმსხვილეს თაღლითურ სქემას, რომლის ფარგლებშიც ბრალდებული ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობდა.
ამერიკელი სამართალდამცველების განცხადებით, ეს მასშტაბური ქსელი, რომლებმაც თაღლითურად მიითვისეს 1.3 მილიარდი დოლარი, დაკავშირებული იყო ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მოქმედებდა.
გამოძიება მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ოპერაციის, სახელწოდებით Operation Gold Rush-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს Medicare-ისა და სხვა სადაზღვევო კომპანიების ძარცვის საერთაშორისო სქემების გამოაშკარავებას.

33 წლის საქართველოს მოქალაქეს, ერეკლე გუგავას, ბრალად ედება ფულის გათეთრება. ბრალდების თანახმად, მან დანაშაულებრივი საქმიანობა მაშინ განახორციელა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად იმყოფებოდა, ხოლო სქემის დასრულების შემდეგ, 2025 წლის ივლისში, ქვეყანა დატოვა და მიმალვაში იმყოფება.
გამოძიების მასალებით დგინდება, რომ გუგავა იყო ფულის გამთეთრებელი უცხოური ორგანიზაციისთვის. ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია ბაზირებული იყო რუსეთსა და სხვა ქვეყნებში და მიზნად ისახავდა სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა Medicare-ისა და სხვა კერძო სადაზღვევო კომპანიების გაძარცვას.
პროკურატურის მასალებით დგინდება, რომ გუგავა პენსილვანიაში ფლობდა სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიას “ND Medical Solutions LLC“ (ND Medical) სულ რაღაც ხუთი თვის განმავლობაში - 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე. ამ მოკლე პერიოდში კომპანიამ სადაზღვევო სისტემა Medicare-სა და სხვადასხვა კერძო სადაზღვევო კომპანიებს 1.3 მილიარდი დოლარის ყალბი მოთხოვნები წარუდგინა სამედიცინო აპარატურის ანაზღაურების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილი თანხა ასტრონომიული იყო, რეალურად სადაზღვევო კომპანიებმა “ND Medical Solutions“-ს მხოლოდ 6.5 მილიონი დოლარი გადაუხადეს. გამოძიება ქართველ ბრალდებულს სწორედ ამ თანხის გათეთრებაში ადანაშაულებს.
გუგავამ კომპანიის სახელზე გახსნა რამდენიმე საბანკო ანგარიში, სადაც თავად იყო ერთადერთი ხელმომწერი პირი, ხოლო სადაზღვევოდან მიღებული ჩეკები ამ ანგარიშებზე ირიცხებოდა. შემდგომში ეს თანხები ამერიკული ფინანსური სისტემიდან სხვადასხვა უცხოურ საბანკო ანგარიშებზე იგზავნებოდა ტრანსნაციონალური კრიმინალური ქსელის სასარგებლოდ.

თაღლითური სქემა მხოლოდ ფინანსურ მაქინაციებს არ მოიცავდა. პროკურორების განცხადებით, დამნაშავეები ყალბი მოთხოვნების გასამყარებლად იყენებდნენ მოპარულ პერსონალურ მონაცემებს. საუბარია მასაჩუსეტსის, ახალი ინგლისისა და მთელი აშშ-ის მასშტაბით მცხოვრები მოქალაქეების, მათ შორის ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოპარულ იდენტობებზე.
მსხვერპლებმა თაღლითობის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მიიღეს სადაზღვევო დოკუმენტები, სადაც მითითებული იყო, რომ მათ თითქოს მიიღეს ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა, რომელიც რეალურად არასდროს უნახავთ. დოკუმენტების მიხედვით, აპარატურა გამოწერილი იყო ისეთი ექიმების მიერ, რომლებთანაც პაციენტები არასდროს ყოფილან, ხოლო მიმწოდებლად ფიგურირებდა მათთვის სრულიად უცნობი კომპანია “ND Medical“.
როგორც ირკვევა, ერეკლე გუგავას საქმე მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გიგანტური საერთაშორისო ქსელისა, რომელსაც აშშ-ის ფედერალური უწყებები ებრძვიან. გამოძიების თანახმად, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ბაზირებულმა კრიმინალურმა ორგანიზაციამ ათეულობით სამედიცინო კომპანია დააარსა და ნომინალური მფლობელების მეშვეობით, საერთო ჯამში 10.6 მილიარდ დოლარზე მეტი მოითხოვა სადაზღვევო სისტემიდან.
საქმის მასშტაბებიდან გამომდინარე, გამოძიებაში ჩართულია ამერიკის თითქმის ყველა წამყვანი უწყება, მათ შორის FBI, საგადასახადო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი (IRS Criminal Investigation), ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI), ფოსტის საინსპექციო სამსახური (USPIS) და შრომის დეპარტამენტი.
მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდება მხოლოდ ოფიციალური ბრალდებაა და დამნაშავეობის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ვიდრე მისი ბრალეულობა სასამართლოში კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდება, ერეკლე გუგავა უდანაშაულოდ მიიჩნევა.