ავტორი:

ეგვიპტეში, ცნობილ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მოუსაჯეს - ხმაურიანი საქმის დეტალები

ეგვიპტეში, ცნობილ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მოუსაჯეს - ხმაურიანი საქმის დეტალები

ეგვიპტეში ხმაურიანი სასამართლო პროცესი დასრულდა. პოპულარულ ტელეწამყვანს, სარა ხალიფას და კიდევ 11 ადამიანს სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი იყვნენ ნაწილი დანაშაულებრივი ჯგუფისა, რომელიც ნარკოტიკების დამზადებისა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით სპეციალური ნედლეულის იმპორტს ახორციელებდა.

39 წლის სარა ხალიფა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეა - ის უძღვებოდა პოპულარულ ტელეგადაცემას “მისია შეუძლებელია“, რომელიც სწორედ კრიმინალურ თემებსა და სამართლებრივ პრობლემებს ეხებოდა. თუმცა, ამჯერად ის თავად აღმოჩნდა უმძიმესი ბრალდების ეპიცენტრში. ტელეწამყვანი წარდგენილ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

  • საქმეში კიდევ რამდენიმე ფიგურანტია: სასამართლომ დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრს უვადო პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო 7 პირი სრულად გაამართლა. ხალიფას ადვოკატის განცხადებით, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

საინტერესოა, რომ სასამართლომ განაჩენი ჯერ კიდევ გასულ თვეში გამოაცხადა, თუმცა მისი საბოლოო დადასტურება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოხდა. ეგვიპტის კანონმდებლობის თანახმად, სიკვდილით დასჯის განაჩენის ძალაში შესასვლელად აუცილებელი იყო ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირის - დიდებული მუფტის ოფიციალური რელიგიური დასკვნის მიღება.

სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, რომ სამართალდამცველებმა საქმის ფარგლებში 750 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება და მათი დასამზადებელი იმპორტირებული ნედლეული ამოიღეს. გარდა ამისა, დანაშაულებრივ ჯგუფს არალეგალური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაც აღმოაჩნდა.

თუმცა, თავად ტელეწამყვანი ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკებთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, მას ნარკოტიკული ნივთიერებები თვალითაც არ უნახავს მანამ, სანამ ანტინარკოტიკული უწყების ოფისში მათთან ერთად იძულებით ფოტოები არ გადაუღეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ეგვიპტეში წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯის 492 განაჩენი იქნა გამოტანილი, რომელთაგან 23 სისრულეში მოიყვანეს.

წყარო