ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ვულკანის ამოფრქვევის გამო ასობით ფრენა გადაიდო, რის შედეგადაც ათიათასობით მგზავრი აეროპორტში ჩაიკეტა. კვირა დილას, მას შემდეგ რაც ჯაკარტის სუკარნო-ჰატას საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად საჰაერო სივრცეში ვულკან ანაკ კრაკატაუს ფერფლი დაფიქსირდა, ხელისუფლებამ 209 ფრენა სასწრაფოდ შეაჩერა.
ვულკანის ამოფრქვევა პარასკევს გვიან ღამით დაიწყო, რასაც თან სდევდა უწყვეტი სეისმური აქტივობა, ლავის შადრევნები და ძლიერი გუგუნი მიმდებარე რეგიონებში. კვირა დილას კი კიდევ ორი ახალი ამოფრქვევა დაფიქსირდა. ფრენების შეჩერებამ, რომელიც დროებით 13:30 საათამდე გაგრძელდა, საერთო ჯამში 22 000-ზე მეტ ადამიანზე მოახდინა გავლენა. ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვები ძირითადად შეეხო სინგაპურის, დოჰას, სიდნეისა და კუალა-ლუმპურის მიმართულებებს.

ადგილობრივი მცხოვრები ალდი ჩანდრა პრაიოგი ჰყვება, რომ პარასკევი საღამოს შემდეგ გრძნობს, თითქოს თვალებში ქვიშის მცირე მარცვლები ჩაეყარა და გაღიზიანების შესამსუბუქებლად სპეციალური წვეთების გამოყენება უწევს.
“მტვერი იმდენად სქელია, რომ იძულებული ვარ, სახლის ეზო ყოველ ხუთ წუთში ერთხელ დავგავო“, - დასძენს ის.

ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ცუნამის საფრთხე არ არსებობს. ვულკანი ზონდის სრუტეში, კუნძულებს - იავასა და სუმატრას შორის მდებარეობს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ შენობებში და აუცილებლად ატარონ დამცავი ნიღბები, რათა თავი აარიდონ სასუნთქი გზების, თვალებისა და კანის დაზიანების რისკებს.
ადგილობრივი გაზეთის, Kompas-ის ცნობით, შაბათს რამდენიმე სკოლამ სასწავლო პროცესი სრულად გააუქმა.