ავტორი:

ავიაციას უფრო ცხელი და ქარიშხლიანი ცა ელის - არასასიამოვნო მომენტები ფრენისას უფრო ხშირი გახდება: რა საფრთხეს უქმნის გლობალური დათბობა საჰაერო მგზავრობას?

ავიაციას უფრო ცხელი და ქარიშხლიანი ცა ელის - არასასიამოვნო მომენტები ფრენისას უფრო ხშირი გახდება: რა საფრთხეს უქმნის გლობალური დათბობა საჰაერო მგზავრობას?

ქაოსი აეროპორტებში, საათობით გადადებული ფრენები და ცაში საწვავის გარეშე დარჩენის რეალური საფრთხე - კლიმატის მკვეთრი ცვლილება გლობალურ ავიაციას უმძიმესი გამოწვევების წინაშე აყენებს. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ აეროპორტებში შექმნილი კოლაფსი მხოლოდ დასაწყისია და მგზავრებს ფრენისას სულ უფრო მეტი დისკომფორტის ატანა მოუწევთ.

მაგალითად, ივნისის ერთ-ერთ უცხელეს შაბათ დღეს, როდესაც ტურისტული სეზონი იწყებოდა, ათასობით მგზავრი ლონდონის ჰითროუსა და გატვიკის აეროპორტებისკენ მიემართებოდა. თუმცა, ინგლისის სამხრეთითა და ჩრდილოეთ ევროპაში მოულოდნელად გიგანტური მეხის ღრუბლები შეიკრა. ავიამეთვალყურეები შეეცადნენ თვითმფრინავები ქარიშხლის ზონისთვის აერიდებინათ, რამაც საჰაერო სივრცის კატასტროფული გადატვირთვა გამოიწვია.

  • შედეგად, ორივე აეროპორტში 900-მდე ფრენა გადაიდო (ზოგიერთი 11 საათამდე), ხოლო ათობით სრულად გაუქმდა. ექსპერტების შეფასებით, ეს შემთხვევა სერიოზული გაფრთხილებაა მთელი ინდუსტრიისთვის.

ავიაციის რისკების კონსულტანტი და ყოფილი პილოტი, ტიმ ატკინსონი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ევროპის გადატვირთული საჰაერო სივრცე განსაკუთრებით მოწყვლადია. მისი გაფრთხილებით, არსებობს რეალური საშიშროება, რომ ლონდონის ყველა აეროპორტი ერთდროულად მოექცეს შტორმის ქვეშ. ეს კი არა მხოლოდ მგზავრებისთვის შექმნის უდიდეს ქაოსს, არამედ მათ სიცოცხლესაც შეუქმნის საფრთხეს, რადგან სათადარიგო აეროდრომის ძებნაში შესაძლოა თვითმფრინავების საწვავის მარაგი ამოიწუროს.

თუმცა, ავიაციის ექსპერტი ენდრიუ ჩარლტონი მიიჩნევს, რომ ეს რისკი დაბალია და ინდუსტრიას სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

  • უხილავი ტალღა, რომელსაც საფრთხე მოაქვს: რა ხდება კაბინაში?

ტემპერატურის ყოველ 1 გრადუსით მატებაზე ატმოსფეროს 7%-ით მეტი ტენიანობის შენარჩუნება შეუძლია, რაც ძლიერ ნალექსა და შტორმს იწვევს. თუმცა, შტორმზე მეტად პილოტებს კიდევ ერთი ფენომენი - ე.წ. “მოწმენდილი ცის ტურბულენტობა“ აშინებთ. მას ღრუბლები არ ახლავს და პილოტი ვიზუალურად ვერ ამჩნევს.

მაგალითად, 2023 წლის 1 მარტს, Lufthansa-ს რეისზე ოსტინიდან ფრანკფურტისკენ, თვითმფრინავი მოულოდნელად ჩავარდა ასეთ ტურბულენტობაში. თვითმფრინავმა სიმაღლე მკვეთრად დაკარგა, მგზავრები და ეკიპაჟის წევრები სალონში მიმოიფანტნენ, რის გამოც ვაშინგტონში საგანგებო დაშვების შემდეგ 7 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კვლევების მიხედვით, ჩრდილოეთ ატლანტიკის თავზე ასეთი ტურბულენტობის შემთხვევები 1979 წლიდან 55%-ით გაიზარდა.

  • წყლის ქვეშ მოქცეული აეროპორტები

კლიმატის ცვლილების კიდევ ერთი დიდი საფრთხე ზღვის დონის მატებაა. ნიუკასლის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 269 აეროპორტი უკვე დგას დატბორვის საფრთხის წინაშე. მათ შორისაა ისეთი გიგანტები, როგორიცაა ამსტერდამის სქიფჰოლი, ლონდონ სიტი, ბაჰრეინი და ნიუარკი.

მაგალითად, 2024 წლის აპრილში დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მოსულმა უხვმა ნალექმა ასაფრენი ბილიკები დატბორა, რის გამოც 1200-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. აეროპორტების დაცვა, ბილიკების აწევა ან მათი გადატანა, ექსპერტების შეფასებით, გლობალურად 57 მილიარდ დოლარამდე დაჯდება. ეს ხარჯები კი, საბოლოო ჯამში, ისევ გადასახადების გადამხდელებსა და მგზავრებს დააწვებათ ბილეთის ფასის ზრდის სახით.

ავიაციის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მგზავრებს მოუწევთ შეეგუონ ამ ახალ რეალობას: “არასასიამოვნო მომენტები ფრენისას სულ უფრო ხშირი გახდება“.

წყარო