ავტორი:

14 წუთიანი პოზა, რომელიც საათიან ვარჯიშს ანაცვლებს და ორგანიზმს სრულიად ცვლის - მეცნიერებმა ყველაზე ეფექტური ფიტნეს რეჟიმი აღმოაჩინეს: რა არის იზომეტრიული ვარჯიში

14 წუთიანი პოზა, რომელიც საათიან ვარჯიშს ანაცვლებს და ორგანიზმს სრულიად ცვლის - მეცნიერებმა ყველაზე ეფექტური ფიტნეს რეჟიმი აღმოაჩინეს: რა არის იზომეტრიული ვარჯიში

როდესაც საუბარია ფიტნესსა და ჯანმრთელობაზე, უმრავლესობას თვალწინ წარმოუდგება სპორტულ დარბაზებში გატარებული საათები, სარბენ ბილიკზე დამქანცველი სირბილი ან მძიმე ჰანტელების აწევა. თუმცა, უახლესი მეცნიერული კვლევები სრულიად განსხვავებულ და შოკისმომგვრელ რეალობას გვთავაზობს: იმისათვის, რომ საოცარი შედეგები მიიღოთ, სულაც არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა - მეტიც, ფაქტობრივად, მოძრაობაც კი არ გჭირდებათ! სხეულის მხოლოდ ერთი პოზიციის რამდენიმე წუთით დაჭერამ შესაძლოა თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა და კუნთოვანი ძალა მკვეთრად გააუმჯობესოს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2010 წლიდან 2022 წლამდე მსოფლიოში ფიზიკური უმოქმედობის დონე 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და საგანგაშო 31%-ს მიაღწია. ბევრი ჩვენგანისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ხანგრძლივი ვარჯიშის ჩასმა თითქმის შეუძლებელია. სწორედ აქ მოდის ე.წ. იზომეტრიული ვარჯიშები - მეთოდი, რომელიც შესაძლოა კაცობრიობისთვის ნამდვილ ხსნად იქცეს.

ამ მიმართულებით მეცნიერული მტკიცებულებები ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან. სიტუაციის უკეთ შესაფასებლად, მეცნიერებმა ჩაატარეს გიგანტური მეტა-ანალიზი, რომელშიც 1990-დან 2023 წლამდე გამოქვეყნებული კვლევები გააერთიანეს. მათ შეისწავლეს თითქმის 16 000 ადამიანის მონაცემები, რომლებიც სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ, რათა სხვადასხვა ტიპის ფიზიკური დატვირთვის ეფექტიანობა შეედარებინათ.

კვლევამ სამი კონკრეტული იზომეტრიული ვარჯიში განიხილა:

  1. ხელის მოჭერა (სპეციალურ მოწყობილობაზე ან ბურთზე),
  2. კედელთან ბუქნი (wall squat)
  3. ფეხის გაჭიმვა (leg extension).

მეცნიერებმა გამოიყენეს მარტივი ფორმულა: ვარჯიშობთ 2 წუთი, შემდეგ 1 ან 2-წუთი ისვენებთ და ეს პროცესი მეორდება 4-ჯერ. მთლიანობაში ეს სესია სულ რაღაც 14 წუთს გრძელდება და კვირაში მხოლოდ 3 დღეა საჭირო.

შედეგები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ ადამიანს გააოცებს: იზომეტრიულმა ვარჯიშებმა ბევრად უფრო ეფექტიანად შეამცირა არტერიული წნევა, ვიდრე სტანდარტულმა კარდიო ვარჯიშებმა, ძალისხმიერმა წვრთნებმა თუ მაღალი ინტენსივობის ინტერვალურმა ვარჯიშმა.

თუ ჯანსაღ წნევად 120/80 mmHg-ზე დაბალი მაჩვენებელი მიიჩნევა, აერობულმა (კარდიო) ვარჯიშმა წნევა მხოლოდ 4.49/2.53 mmHg-ით შეამცირა, ხოლო იზომეტრიულმა ვარჯიშმა - საოცარი 8.24/4.00 mmHg-ით! შედარებისთვის, სტანდარტული წნევის დამწევი მედიკამენტები წნევას საშუალოდ 9/4.00 mmHg-ით ამცირებენ - ანუ ვარჯიშის ეს მარტივი მეთოდი წამლებს მხოლოდ ოდნავ ჩამორჩება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაღალი წნევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის მთავარი რისკ-ფაქტორია, იზომეტრიის სარგებელი ფასდაუდებელია.

  • ვარჯიში ყველასთვის: სახლიდან გაუსვლელად და ოფლის გარეშე

დიდი ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სერვისების კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მელანი რის-რობერტსი ხაზს უსვამს ამ მეთოდის ხელმისაწვდომობას: “მისი შესრულება შეგიძლიათ საკუთარ სახლში; არ გჭირდებათ არანაირი აღჭურვილობა. არ მოგიწევთ გარეთ გასვლა, თუ წვიმს და ამ დროს ბევრი ოფლიც კი არ მოგდით“.

როდესაც იზომეტრიულ ვარჯიშს ასრულებთ, თქვენ კუნთს წამიერად კუმშავთ და ამ მდგომარეობას ინარჩუნებთ, რაც ნიშნავს, რომ კუნთის სიგრძე არ იცვლება (განსხვავებით სხვა მოძრავი ვარჯიშებისგან). ეს სტატიკური დაჭერა ავიწროებს სისხლძარღვებს, რაც აქტიურ კუნთში იწვევს ჟანგბადის დროებით ნაკლებობას და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენების დაგროვებას.

ეს პროცესი ტვინს აიძულებს, სასწრაფოდ გააგზავნოს მეტი ჟანგბადი ამ არეში, რაც გაზრდილ წინააღმდეგობასთან ერთად, წნევას დროებით ზრდის. თუმცა, როგორც კი კუნთის შეკუმშვა წყდება, სისხლძარღვები მკვეთრად ფართოვდება, სისხლის მიმოქცევა ძლიერდება და წნევა მომენტალურად ეცემა. ამ პროცესის რეგულარული გამეორება კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, წნევის მუდმივ შემცირებას იწვევს.

გარდა წნევისა, იზომეტრიული ვარჯიშები ამცირებს არტერიების სიხისტეს და აუმჯობესებს გულის საერთო ფუნქციონირებას. იგი ასევე ზრდის კუნთოვან ძალას ტვინსა და ზურგის ტვინში არსებული ნეირონების გააქტიურებით, რომლებიც კუნთში მიმავალ “მოტორულ ერთეულებს“ რთავს.

  • როგორ დავიწყოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?

თუ აქტიური ცხოვრებით არ გამოირჩევით, იზომეტრია საუკეთესო გზაა ვარჯიშის დასაწყებად. თუმცა, თუ უკვე აქტიური ხართ, პროფესორი ვაილსი გვირჩევს, მთლიანად არ ჩავანაცვლოთ არსებული კარდიო ვარჯიშები, რადგან მათ თავიანთი სარგებელი აქვთ (მაგალითად, წონის კლება და გამძლეობა).

რაც შეეხება ვარჯიშის ხანგრძლივობას - რადგან ძირითადი მტკიცებულებები ეყრდნობა თითოეული პოზის ზუსტად 2 წუთით დაჭერას, პროფესორი ვაილსი გვირჩევს, დავიწყოთ არა დროის შემცირებით, არამედ უფრო დაბალი ინტენსივობით. მაგალითად, კედელთან ბუქნისას (wall squat) ნუ ეცდებით 90-გრადუსიანი კუთხის დაჭერას. დაიწყეთ შედარებით ვერტიკალური პოზიციით, 110-130 გრადუსიანი კუთხით და დროთა განმავლობაში გაართულეთ. 2025 წლის მცირე კვლევამ აჩვენა, რომ 4-ჯერ 2-წუთიანი “პლანკის“ (plank) გაკეთებაც კი ეფექტიანად ამცირებს წნევას მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

წყარო