ქართველმა ძიუდოისტმა, აკაკი ჯაფარიძემ დამარცხების შემდეგ მეტოქეს ყბა მოტეხა - დამტვრეული ყბით და კბილებით სპორტსმენი კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ქართველი ძიუდოისტი მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა, უმკაცრესად დაისაჯოს.
ინციდენტი შაბათს, ლაიფციგში, "ჯე სი ლაიფციგისა" და TSV "აბენსბერგის“ შეხვედრის დროს მოხდა. ჯაფარიძე კაველიუსთან ბრძოლაში დამარცხდა, რის შემდეგაც გერმანელი ძიუდოისტი გამარჯვებას ემოციურად შეხვდა და, გერმანული მედიის ცნობით, ქართველის მიმართულებით პროვოკაციული ჟესტიც გააკეთა.
ამის შემდეგ სიტუაცია ძალიან სწრაფად გამწვავდა. ჯაფარიძე მეტოქეს მიუახლოვდა და სამჯერ მუშტი დაარტყა. ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ კაველიუსი ტატამზე დაეცა, რის შემდეგაც სხვა ძიუდოისტები ჩაერივნენ და დაპირისპირება გააჩერეს.
კაველიუსი გერმანიის ნაკრების წევრია და 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა. ის 2028 წლის ოლიმპიადისთვის ემზადება.
ინციდენტის შემდეგ პოლიციაც გამოიძახეს. ჯაფარიძე დისკვალიფიცირდა, მოგვიანებით კი სასტუმროში დაბრუნდა და გერმანია დატოვა. ამ ეტაპზე მის წინააღმდეგ როგორც სპორტული, ისე სამართლებრივი სანქციების საკითხი განიხილება. გერმანული მედიის ცნობით, ქართველ ძიუდოისტს შესაძლოა ხანგრძლივი, მათ შორის უვადო დისკვალიფიკაციაც დაემუქროს.