დიდი ხანი არ არის, რაც ფერმერი გახდა. ტრადიციულ სოფლის მეურნეობას - თხილის, ხილის, მარცვლეულისა და სხვა კულტურების მოყვანას - თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს უთავსებს და თავის ყოველდღიურ შრომას ათასობით გამომწერს უზიარებს. სწორედ ამიტომ კორნელი ჭყონიას საზოგადოება სოციალური ქსელებიდან უკვე კარგად იცნობს.
ის თავისი ფერმის მაგალითზე ბევრი ადამიანისთვის მაგალითია, რომ პატიოსანი შრომით საკუთარი ადგილის პოვნა სამშობლოშიც შესაძლებელია.
"დილით ასეთი ტრადიცია მაქვს: ყავას რომ დავლევ - აუცილებლად ყავით იწყება ჩემი დილა - ჩემი სოციალური სივრცის გამომწერების კომენტარებსა და შეტყობინებებს ვკითხულობ. დილა სწორედ ის დროა, როდესაც მშვიდად ჯდომა და კითხვა შემიძლია. ამის შემდეგ აუცილებლად ვეცნობი ახალ ამბებს ინტერნეტში. წყაროებიდან ერთ-ერთი ამოჩემებული და პირველი, სადაც შევდივარ, Ambebi.ge-ია. ამიტომ, ყოველგვარი პირფერობის გარეშე, ძალიან გამიხარდა, როდესაც ამ პორტალიდან გამომეხმაურეთ“ - ასე დაიწყო კორნელი ჭყონიამ ჩვენთან საუბარი.
- გვიხარია, რომ ჩვენი, არა მხოლოდ რესპონდენტი, მკითხველიც აღმოჩნდით... მოგვიყევით თქვენზე...
- ერთი გურული ბიჭი ვარ, 34 წლის, ლანჩხუთიდან. გურიის გახსენებაზე ყველას ნოდარ დუმბაძე, ბახმარო, ჩოხატაური ან გომისმთა ახსენდება. ლანჩხუთი ამ მხრივ ცოტა მივიწყებული და დაჩაგრულია. საერთოდ, გურია საკმაოდ მივიწყებული კუთხეა, მათ შორის, მისი ზღვისპირეთიც, თუ არ ჩავთვლით ურეკს, რომელიც თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილმა გააცოცხლა. აი, გრიგოლეთი კი აბსოლუტურად უყურადღებოდაა მიტოვებული.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ რამდენი პოლიტიკოსიც გამოვზარდეთ გურულებმა - პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული, ედუარდ შევარდნაძით დამთავრებული თუ მერეც - არცერთი აღარ დაბრუნებულა ამ მხარის დასახმარებლად...

რაც შეეხება ჩემს ბავშვობას: 90-იანების შვილი ვარ, ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში გავიზარდე. ბავშვობიდან, როგორც მასწავლებლები გვეძახდნენ ხოლმე უმეტესობას - „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“ ბავშვი ვიყავი. თუმცა, ხელოვნების მიმართ ყოველთვის მქონდა ინტერესი. სკოლაში სწავლისას ადგილობრივ თეატრში ვთამაშობდი. მაშინ მჯეროდა, რომ გავხდებოდი პირველი ქართველი მსახიობი, ვინც „ოსკარს“ აიღებდა.
ცხოვრებაში გარკვეულ ეტაპებს რომ გავდივართ, რაღაცები პრობლემებად გვეჩვენება, მაგრამ წლების შემდეგ ხვდები, რომ ეს ყველაფერი იმისთვის ხდებოდა, კონკრეტულ წერტილამდე მიგეღწია. დღეს სიცილით მახსენდება ჩემი „ოსკაროსნობაზე“ ოცნება, მაგრამ თეატრის სცენამ და ადამიანებთან ურთიერთობამ დამძლია კომპლექსები. ეს გამოცდილება დამეხმარა იმაში, რომ დღეს ადვილად ვამყარებ კომუნიკაციას ნებისმიერ ადამიანთან, მათ შორის, ჩემს გამომწერებთანაც.

- ფერმერობამდე ბევრი რამ სცადეთ?
- ცხოვრებამ ხან იქით წამიღო, ხან - აქეთ. ბავშვობიდან მშობლები იმის ფუფუნებას მაძლევდნენ, რომ გამეკეთებინა ის, რაც თავად მინდოდა. როცა ვთქვი, „თეატრალურში“ მინდა ჩაბარება-მეთქი, ბოლო ორი კლასი თბილისში წავედი აკადემიაში მოსამზადებლად, რომ არ გამჭირვებოდა. მანამდე, 14-15 წლამდე, „დინამოს“ აკადემიაში ფეხბურთს ვთამაშობდი. მშობლებისგან სულ მქონდა მხარდაჭერა - ოღონდ, შენ თქვი, რა გინდა და გვერდში დაგიდგებითო.
„თეატრალურში“ სამწუხაროდ ვერ ჩავაბარე, რადგან სკოლის დამთავრებისას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა. მთელი ის წელი ფორმის აღდგენას მოვანდომე. წოლით რეჟიმში როცა ხარ, ბევრს ფიქრობ. სწორედ მაშინ მოხდა გარდატეხა - კითხვა დავიწყე. ხშირად ჰგონიათ, რომ დიდი განათლება მაქვს, სინამდვილეში კი წიგნების კითხვა სკოლის დამთავრების შემდეგ, ძირითადად მხატვრული ლიტერატურით დავიწყე. ვკითხულობდი იმას, რაც ჩემში რაღაცას აღძრავდა და არა იმას, რასაც სკოლაში იძულებით გასწავლიდნენ.
სკოლაშიც თავისებური ვიყავი: მაგალითად, ბარათაშვილს არ ვსწავლობდი და გალაკტიონზე გადავდიოდი. კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ არასდროს წამიკითხავს, რადგან ვიცოდი, რომ კონსტანტინეს გალაკტიონი არ უყვარდა - შესაბამისად, მე გალაკტიონის მხარეს ვიყავი.
- მართლა რა უცნაურია! სკოლაში თქვენს ამ საქციელს გაგებით ეკიდებოდნენ?
- რა გზა ჰქონდათ! „მერანის“ მაგივრად „მთაწმინდის მთვარეს“ ვკითხულობდი გამოთქმითა და ხატოვნად და ყველაფერი გვარდებოდა... მთავარია გულწრფელი იყოს ურთიერთობა. მასწავლებელს პირდაპირ ვეუბნებოდი: „დღეს ეს გაკვეთილი არ ვიცი და მომდევნოზე ჩაგაბარებთ-მეთქი“. მთავარი იყო, საკუთარ სინდისთან მართალი დარჩენილიყავი... მოგვიანებით ფსიქოლოგიით დავინტერესდი. მერე, ერთ მშვენიერ დღეს, სუფრასთან ჩემი მოძღვარი გავიცანი. სულ ვფიქრობდი, რომ ჩვენს ეკლესიას აკლია მისიონერული მიდგომა. ეკლესიასთან რომ ჩავივლიდი, შინაგან კავშირს ვგრძნობდი, მაგრამ კარს ვერ ვაღებდი. ეს მოძღვარი რომ გავიცანი, აღმოჩნდა ჩვეულებრივი ადამიანი - ჩემნაირად საუბრობდა, ასაკითაც ახლოს იყო ჩემთან. მეორე დღესვე დავურეკე და ტაძარში მივედი. გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტე, ქუთაისში, გელათის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ჩამებარებინა... პროფესიით თეოლოგი ვარ, თუმცა ამ მიმართულებით არ ვმუშაობ. მშობლები სულ მეხუმრებიან: ისეთ პროფესიებს ირჩევ, ფინანსური სარგებელი რომ არ მოაქვსო. ეს ყველაფერი ჩემს შინაგან ძიებებს ეფუძნებოდა.

- ფილოსოფოსი ხართ, ფაქტობრივად...
- ვამბობ ხოლმე: ყველა გურული პოტენციურად ფილოსოფოსია. საქმე და საჭმელი რომ არ გვქონდა, ისღა დაგვრჩენოდა, გვეფიქრა.
- სოციალურ ქსელებში თქვენს ვიდეოებს რომ ვუყურებ, თითქოს კადრში არ ჩანხართ, მაგრამ - ისმის შინაარსიანი, იუმორით სავსე ხმა...
- ჩემს გვერდსა და ვიდეოებში ვცდილობ, მე ნაკლებად გამოვჩნდე. მირჩევნია, წინა პლანზე საქმე იყოს და არა ადამიანი. იუმორი კი აუცილებელია. წლების წინ, 2012-2013 წლებში, რუსეთში მოვხვდი და პირველი, რის გამოც იქვე გაჩერება ვერ შევძელი, მუდმივად ნაცრისფერი ამინდი იყო. ჩემთვის, როგორც გურულისთვის, მზე, იუმორი და სითბო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია... ბუნებით ინტროვერტი ვარ. ფერმა იმისთვის ვიყიდე, რომ მარტო ყოფნით დავმტკბარიყავი, მაგრამ მერე სოციალური მედია გავაკეთე. ახლა Facebook-ზე 18.000-მდე გამომწერი მყავს, ასევე TikTok-ზე, Instagram-სა და YouTube-ზე. თავიდან ყოველდღიურ ვლოგებს ვდებდი - აპრილში, მაგალითად, 29 ვიდეო დავდე. თუმცა YouTube-ს თავისი სპეციფიკა აქვს და იქ 1 280 გამომწერს ვერ გავცდი. ცოტა დავღონდი, მაგრამ მერე მივხვდი: სოციალური მედია ჩემი მთავარი საქმე კი არ არის, ჩემი საქმე ფერმაა - ვიდეოებს უბრალოდ იმისთვის ვიღებ, რომ პროცესი გაგიზიაროთ.

- საიდან დაიწყო ფერმის იდეა?
- მე და ბებიაჩემი ვცხოვრობდით ლანჩხუთის სახლში - ჩემი პატარა ძმა თბილისში მუშაობს, ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მშობლები კი - ემიგრაციაში იყვნენ (ახლა მამაჩემი ჩამოსულია). ბაბუაჩემის სახელი მქვია და იმ სახლში გავიზარდე, რომელიც ბებიამ და ბაბუამ საკუთარი ხელით ააშენეს. არასდროს მქონია სურვილი, ის კარ-მიდამო დამეკეტა და მიმეტოვებინა... სამი წლის წინ ბებია გარდაიცვალა სიმსივნით. ამავე პერიოდში მამაჩემსაც აღმოაჩნდა ონკოლოგიური პრობლემა. წელიწადნახევარი საავადმყოფოებში, ქიმიოთერაპიებსა და ოპერაციებში გავატარეთ. ღვთის წყალობით, ახლა ყველაფერი კარგადაა.
კოვიდის პერიოდში, სანამ ბებია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მეგობარმა ორი ოჯახი ფუტკარი მაჩუქა. ისე ჩავერთე ამ საქმეში, რომ 30 ოჯახამდე ავიყვანე. ტყის პირას მყავდა დასკუპებული. სწორედ იმ პერიოდში, დაახლოებით ორი წლის წინ, გავიგე, რომ ქალაქის განაპირას, ტყის პირას, იყიდებოდა მიტოვებული ნაკვეთი... ყოველთვის თავისუფალი აზროვნება მიყვარდა და არ მინდოდა, გამეკეთებინა ისეთი საქმე, რაც არ მიყვარს, მხოლოდ ფულის გამო. ფერმა რომ განვითარდეს, დღესაც მჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, იპოთეკური სესხიც მაქვს, მაგრამ თუ არ გინდა მოსაწყენი სამსახური გქონდეს, შენ თვითონ უნდა შექმნა რაღაც, სადაც ერთდროულად იქნები დირექტორიც, ბუღალტერიც, მიმტანიც და მენეჯერიც.
ავიღე ბანკის სესხი, დავამატე ჩემი დანაზოგი და შევიძინე ეს მიტოვებული ტერიტორია. 20 წელი იქ არაფერი გაკეთებულა ჯაგნარი და ეკალ-ბარდი იყო. ნელ-ნელა, აგურ-აგურ დავიწყე შენება.

- რას მოიცავს ეგ ტერიტორია?
- დაახლოებით 1 ჰექტარია. არის 3000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის აუზი (ტბორი), დგას ძველი შენობა-ნაგებობები, საღორე, ხეხილისა და თხილის ბაღი. მერე ნათესავმა მაჩუქა ერთი პატარა გოჭი - ქალბატონი ციური, რომელიც დღეს ალბათ ყველაზე პოპულარული ღორია საქართველოში. თავიდან ქალაქელები ამბობდნენ, ეს ვერ არისო, ღორს ციური რომ დაარქვაო. მე ვეუბნებოდი: ამ ღორის ვიდეოებს უყურებთ, სახელიც ზეპირად იცით და კიდევ მე ვერ ვარ-მეთქი?
შემდეგ ციური გამრავლდა. დავამატე ინგლისური ჯიშის (ბერკშირი) მეორე ქალბატონი - პატე (გურულად „პატარა პატეს“ ვეძახდი). მინდა ხაზგასმით ვთქვა: ეს ღორები არასდროს დაიკლებიან! ალბათ პირველი ღორები იქნებიან, რომლებიც თავისი სიკვდილით გარდაიცვლებიან, როცა დრო მოვა. მათ გოჭებს კი ვყიდი ცოცხლად, რომ ფერმის სესხი და ხარჯები დავფარო. ჩემს სიცოცხლეში ჩიტიც კი არ მომიკლავს და ვერც ვერასდროს მოვკლავ ცხოველს.

- ფერმას სხვა დანიშნულებასაც უძებნით, ხომ?
- დიახ, გარდა იმისა, რომ თხილი მომყავს, ბოსტანი და ხეხილი მაქვს, მინდა ამ ადგილს კულტურული და აგროტურისტული დანიშნულებაც ჰქონდეს. ფერმიდან ვწერდი პოდკასტებს, ვიწვევდი საინტერესო ადამიანებს. მინდა, ტურისტი რომ მოვიდეს, ითევზაოს, იქვე შევუწვათ თევზი, იქვე მოყვანილი პომიდვრის სალათი დავახვედროთ, ნატურალური თაფლი, მურაბა თუ კომპოტი. აუზში ახლა კობრს, ამურსა და სქელშუბლას გავუშვებ. მინდა, ტერიტორიაზე გურული ხის ოდა იდგეს. უკვე გავაკეთე სოფლის ძველი მესერი (ჩეჩობები) და წნული პატერები, კრამიტის გადახურვით. გურიაში ადრე მესერზე გადასასვლელ საფეხუროვან კიბეს „ალაგეს“ ეძახდნენ - აკაციისგან აკეთებდნენ. აუცილებლად გავაკეთებ ასეთ „ალაგესაც“ და დიდ ხის ჭიშკარს, ძველ იმერულ ფილმებში რომ არის... უბრალოდ მარტო ვარ და პროცესი ნელა მიდის, მაგრამ მაინც მივიწევ წინ.
- ამდენ საქმეს - თხილს, ხილს, ბოსტანს, თევზებს, ღორებს - მარტო როგორ აუდიხართ?
- რთულია. ორ ადგილას მაქვს ყანა დათესილი. სასუქს განზრახ არ ვიყენებ - წისქვილი ვიყიდე და მინდა ჩემივე წისქვილში დაფქული, უსასუქო მჭადის ფქვილი შევთავაზო გამომწერებს. მინდა ვახსენო, რომ სიმინდი უსასუქოდაც მშვენივრად იზრდება - უკვე ორ მეტრზე მეტია.
წელს ბოსტანი ცოტა ჩამივარდა, რადგან გურიაში კვირაში ოთხი დღე წვიმს და ბალახის მოჭრას ვერ ვასწრებდი. თუმცა, დილით რომ ვჯდები და ხალხის თბილ კომენტარებს ვკითხულობ, ეს უდიდეს სტიმულს მაძლევს. ხშირად წერენ, რა შრომისმოყვარე ბიჭი ხარო. ინტროვერტი ვარ და ხანდახან შინაგანი ძალა აკლია ადამიანს - სწორედ ეს ხალხის უსაზღვრო სიყვარულია ჩემი მოტივაცია... მოკლედ, ეს არის პერიფერიაში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭის ამბავი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო.

- როგორია ფერმერი კორნელის ერთი ჩვეულებრივი დღე?
- დილით, დაახლოებით 7 საათზე ჩავდივარ ფერმაში - ჩემი სახლიდან 3.5 კილომეტრშია. ღორებსა და იხვებს ვაჭმევ. ჩემი დილის რუტინაა კატების მოფერებაც. სამი კატა მყავს, სამივე ქუჩიდან შეფარებული. გზად ძაღლი შეხვდება თუ კატა, ყველას ვკვებავ. ამ კატების დედასაც გზაზე ვაჭმევდი, მერე მანქანამ გაიტანა, ოპერაციაც გავუკეთეთ, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ და მისი ობლები წამოვიყვანე. მესამე კატა ახლახან, შეკვეთილში, ავტობანზე ვიპოვე და წამოვიყვანე... მთელი ცხოვრება ძაღლების მოყვარული ვიყავი და ვინმეს რომ ეთქვა, ფერმა გექნება და კატებს მოუვლიო, გამეცინებოდა.

მათი გამოკვების შემდეგ გადავდივარ საველე სამუშაოებზე: კარტოფილის ამოღება, ღობის გამაგრება, თხილის კრეფა, ბალახის ცელვა... ეს არის ერთგვარი ციკლი, სადაც ყოველდღე ახალ რაღაცას სწავლობ... ოჯახში არასდროს გვყოლია ქათამი, ღორი თუ ფუტკარი. არ ვიცოდი ვაზის გასხვლა თუ შეწამვლა. ყველაფერი პრაქტიკით, ნელ-ნელა ვისწავლე... ფერმერობა ჩემთვის მიზანი კი არაა, არამედ საშუალებაა იმისა, რომ ჩემს ოჯახში ემიგრანტები აღარ იყვნენ, მშობლებს სულ ნატურალური პროდუქტი ჰქონდეთ. შეიძლება მილიონერები ვერ გავხდეთ, მაგრამ საკუთარი ხელით მოყვანილი რძე, ყველი, ბოსტნეული და თაფლი გვექნება.
ჩემი მიზანია, გავამრავლო იხვები, ღორები, გავაშენო დიდი ტყემლის ბაღი და შევქმნა ადგილი, სადაც სტუმარი მოვა, დაისვენებს, ითევზავებს და ნატურალურ, სიყვარულით შექმნილ პროდუქტს დააგემოვნებს.
- და ამასობაში დაოჯახდებით კიდეც...
- ჩემი საყვარელი პერსონაჟი დონ კიხოტია. ჯიუტად მჯერა, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს. მეგობრები მეუბნებიან, დაანებე თავი ამ „დონკიხოტობასო“, მაგრამ მე მწამს, რომ ბედნიერი ოჯახი მექნება.