35 წლის ბრიტანელი პარაშუტისტი ჰოლი უიფენი 10 000 ფუტის სიმაღლიდან ვარდნას სასწაულებრივად გადაურჩა. ჯგუფური ნახტომის დროს მას სხვა პარაშუტისტი შეეჯახა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და პარაშუტის გარეშე, უკონტროლოდ დაიწყო ვარდნა. ჰოლი გონს მხოლოდ მხოლოდ მიწასთან ახლოს მოვიდა - პარაშუტი გახსნა, თუმცა საბოლოოდ ხეს დაეჯახა.

ინციდენტი 7 აგვისტოს, ნოტინგემთან ახლოს, ლენგარის აეროდრომის თავზე მოხდა. უიფენი, რომელსაც პარაშუტით ხტომის 425 გამოცდილება აქვს, ჯგუფურ ნახტომში მონაწილეობდა. მონაწილეები ე.წ. ტრეკინგს ასრულებდნენ - თავისუფალი ვარდნის დროს ჰორიზონტალურად მოძრაობდნენ და სიჩქარეს კრებდნენ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დაახლოებით 1 000 ფუტის სიმაღლეზე მან, სავარაუდოდ, მოახერხა პარაშუტის გახსნის მექანიზმის ამოქმედება - ეს კი მიწაზე დაცემამდე სულ რამდენიმე წამით ადრე მოხდა.
ამავე დროს, ავტომატურად გააქტიურდა საგანგებო პარაშუტიც, რადგან სისტემამ დააფიქსირა, რომ უიფენი ძალიან სწრაფად და დაბალ სიმაღლეზე ეშვებოდა. თუმცა ორი პარაშუტის ერთდროულად გახსნამ ე.წ. downplane ეფექტი გამოიწვია და მისი დაშვება კვლავ სახიფათოდ სწრაფად მოხდა - დაახლოებით 40-50 მილი/სთ.
ის წიწვოვან ხეს დაეჯახა. ხემ დარტყმის ძალა შეამცირა, რის შემდეგაც უიფენი მიწაზე დაეცა. შემთხვევის ადგილთან ახლოს გზა და ელექტროგადამცემი ხაზებიც იყო, ამიტომ, როგორც თავად ამბობს, კიდევ უფრო მძიმე შედეგის მიღება შეეძლო.

„ხეს რომ არ დავჯახებოდი, მიწას დავეჯახებოდი. ასეთი შემთხვევების შემდეგ ადამიანების უმეტესობა ვერ გადარჩება“, - ამბობს ჰოლი.
ქალი მომხდარის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონოდ იყო. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც უკვე მიწაზე იწვა. ხოლო ფეხი მძიმედ ჰქონდა დაზიანებული.
მიუხედავად მომხდარისა, ჰოლი პარაშუტით ხტომისთვის თავის დანებებას არ აპირებს. ამბობს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ცაში დაბრუნება და კიდევ ერთი ნახტომის შესრულება სურს.