ავტორი:

27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს - "19 ათას ფუნტზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარა"

27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს - "19 ათას ფუნტზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარა"

დიდ ბრიტანეთში, Currys-ის ელექტროტექნიკის მაღაზიებიდან ნივთების მოპარვისთვის, 27 წლის ქართველი მამაკაცი, ილია პაჭკორია, დააკავეს. სასამართლომ ის 8 ქურდობაში ცნო დამნაშავედ და 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პაჭკორია10 დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში მდებარე Currys-ის ფილიალებიდან ელექტროტექნიკას იპარავდა. ჯამში მოპარული ნივთების ღირებულებამ 19 ათას ფუნტს გადააჭარბა.

ერთ-ერთი შემთხვევა უელსის ქალაქ ჰავერფორდვესტში მოხდა. 23 მაისს იქ მდებარე Currys-ის ფილიალიდან დაახლოებით 1 525 ფუნტის ღირებულების ნივთები მოიპარეს.

სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, პაჭკორიას რვა სხვადასხვა მაღაზიიდან ქურდობაში ედებოდა ბრალი. საქმე თავდაპირველად ლანელის მაგისტრატთა სასამართლოში განიხილებოდა, მოგვიანებით კი სასჯელის დასაკისრებლად სუონსის კრაუნ-კორტში გადავიდა.

რა მოიპარა ქართველმა?

სასამართლოში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ქურდობის შემთხვევები 14-დან 23 მაისამდე პერიოდში მოხდა.

მოპარული ნივთების ღირებულება სხვადასხვა ფილიალის ქალაქებიდან ასეთი იყო:

  • ტორქუეში - £1 812.81
  • პენზანსში - £1 169
  • ტრუში - £1 000-ზე მეტი
  • პლიმუთში - £179.96
  • ბარნსტეიპლში - £4 300
  • პლიმუთში - £807.91
  • კარმართენში - £7 664.78
  • ჰავერფორდვესტში - £1 525

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰავერფორდვესტის შემთხვევა უფრო ფართო სერიის ნაწილი იყო, რომელიც უელსისა და სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის რამდენიმე ქალაქს მოიცავდა.

"მოქმედებდა ორ თანამზრახველთან ერთად"

პროკურატურის ინფორმაციით, პაჭკორია მარტო არ მოქმედებდა. გამოძიების მასალების მიხედვით, ის კიდევ ორ პირთან ერთად გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქალაქში და Currys-ის ფილიალებში ნივთებს იპარავდა.

საქმის განხილვისას ითქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მაღაზიაში გამოფენილ ტექნიკას მავთულის საჭრელებით ხსნიდნენ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სამიზნე ნივთებს შორის იყო ლეპტოპები, პლანშეტები, დინამიკები და კამერები.

20 თვით პატიმრობა და Currys-ის მაღაზიებში შესვლის 10-წლიანი აკრძალვა

სუონსის კრაუნ-კორტმა ილია პაჭკორია რვა ქურდობის ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის შემდეგ 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ჰიუ რიზმა, ასევე დააწესა დამატებითი შეზღუდვა - პაჭკორიას 10 წლის განმავლობაში ინგლისისა და უელსის მასშტაბით Currys-ის ყველა მაღაზიაში შესვლა აეკრძალა.

ბრიტანული მედიის ცნობით, პატიმრობის ნაწილი უკვე მოხდილად ჩაეთვლება იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც მან დაკავების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში გაატარა.

წარსულში მას უკვე ჰქონდა სასჯელი

სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ ახალი ქურდობებით პაჭკორიამ დაარღვია 2025 წლის სექტემბერში მისთვის დაკისრებული საზოგადოებრივი სასჯელი, რომელიც ქურდობისა და ქურდობის მცდელობის საქმეს უკავშირდებოდა.

ამ გარემოებამ, ახალი დანაშაულების რაოდენობასა და მასშტაბთან ერთად, გავლენა იქონია საბოლოო სასჯელზე.

რას ამბობდა დაცვის მხარე?

პაჭკორიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დიდ ბრიტანეთში დაახლოებით ორი წლის წინ ჩავიდა და ქვეყანაში ლეგალურად იმყოფებოდა.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მასზე გავლენას სხვა პირები ახდენდნენ და გარკვეულ ეტაპზე დანაშაულებრივ ჯგუფთან აღმოჩნდა დაკავშირებული.

ადვოკატის თქმით, პაჭკორიას ჰქონდა რთული პერიოდი, უჭირდა ინგლისური ენის შესწავლა და ახლობელი ადამიანის გარდაცვალებამაც იმოქმედა მასზე. დაცვის მხარის განცხადებით, მოგვიანებით ის ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა და დანაშაულში ჩართვის სანაცვლოდ ნარკოტიკებს იღებდა.

ადვოკატმა სასამართლოს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილს ნანობს.

პოლიციამ მისი ფოტო გაავრცელა

საქმის დასრულების შემდეგ პოლიციამ ილია პაჭკორიას ფოტო გაავრცელა. მისი სურათი ბრიტანულმა ადგილობრივმა გამოცემებმაც გამოაქვეყნეს საქმის შესახებ მასალებთან ერთად.

პაჭკორიას საქმე ბრიტანეთის სასამართლოს საჯარო ჩანაწერებშიც ფიქსირდება. 2026 წლის ივნისში ის ლანელის სასამართლოში მაღაზიიდან ქურდობის რვა ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგა.

საბოლოოდ, საქმე სუონსის კრაუნ-კორტში გაგრძელდა, სადაც მას 20-თვიანი პატიმრობა და Currys-ის მაღაზიებში შესვლის 10-წლიანი აკრძალვა დაეკისრა.