პოლიციამ მესტიაში ორი ადამიანის დაჭრისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც, ის კლინიკაში დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.