თურქეთის ქალაქ ერზრუმში მდებარე რამდენიმე საუკუნის წინანდელი მავზოლეუმი ქართველი ისტორიული მოღვაწის ოჯახის ისტორიას ინახავს. მურატფაშას მეჩეთის ეზოში მდებარე საფლავში, ისტორიული წყაროების მიხედვით, დაკრძალულია გიორგი სააკაძის ქალიშვილი - ანა სააკაძე, იგივე ანე ხათუნი.
მავზოლეუმის მარმარილოს წარწერა 1649 წლით თარიღდება და მასში დაკრძალული ქალის შესახებ ემოციური ტექსტია შემონახული. წარწერის მიხედვით, ანე ხათუნი იყო „მოურავ ხანის“ ქალიშვილი.
წარწერაში ნათქვამია, რომ ლამაზი ქალი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ტექსტი მისი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და მთავრდება სიტყვებით:
„ჩემი ნაზი სატრფო, ანე ხათუნი, ძალიან ადრე გარდაიცვალა, ვაი!“
ვინ იყო ანე ხათუნი?
თურქული ისტორიული წყაროების მიხედვით, ანე ხათუნი იყო გიორგი სააკაძის ქალიშვილი - ანა სააკაძე. გიორგი სააკაძე XVII საუკუნის ცნობილი ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის მოურავი იყო.
ანე ხათუნის შესახებ ცნობები ძირითადად ისტორიულ წყაროებსა და მის საფლავზე შემორჩენილ წარწერას ეყრდნობა. თავად მავზოლეუმის წარწერა მას „მოურავ ხანის ქალიშვილად“ მოიხსენიებს. ისტორიულ კვლევებში „მოურავ ხანი“ გიორგი სააკაძესთან არის დაკავშირებული.
1649 წელს აგებული მავზოლეუმი
ანე ხათუნის თურბე 1649 წელს, ოსმალეთის სულთან მეჰმედ IV-ის მმართველობის პერიოდშია აგებული.
ნაგებობა მურატფაშას მეჩეთის ეზოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ოთხივე მხრიდან ღიაა, კვადრატული ფორმა აქვს და გუმბათითაა გადახურული.
შიგნით სამი საფლავია - ერთი დიდი და ორი პატარა. დიდი საფლავი ანე ხათუნს ეკუთვნის. დანარჩენი ორი საფლავის ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის, რადგან მათი წარწერები დროთა განმავლობაში წაიშალა.

ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, ორი პატარა საფლავი შესაძლოა, ანე ხათუნის შვილებს ეკუთვნოდეს, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც - რომ იქ გიორგი სააკაძის ოჯახის სხვა წევრები არიან დაკრძალული. ეს საკითხი საბოლოოდ დადგენილი არ არის.
რა წერია საფლავის წარწერაზე?
თურბეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოძზე ზომის მარმარილოს ფილაა განთავსებული.
წარწერა ანე ხათუნის სილამაზეს აღწერს და მის ადრეულ გარდაცვალებას დასტირის. ტექსტის მიხედვით, როდესაც იგი სამოთხეში თავისი სახით წარდგა, ჰურიებმა - ისლამურ ტრადიციაში სამოთხის მშვენიერმა არსებები მის სამსახურში ჩადგნენ.
წარწერის ბოლოს მითითებულია ჰიჯრის კალენდრით 1059 წელი, ანუ 1649 წელი.
ანე ხათუნი ერზრუმში ცხოვრობდა
მკვლევარ თანერ იოზდემირის განცხადებით, არსებული გადმოცემების მიხედვით, ანე ხათუნმა ერზრუმში ცხოვრების პერიოდში ისლამი მიიღო და მუსლიმი გახდა.
მისივე თქმით, ანე ხათუნი ქალაქში საქველმოქმედო საქმიანობით იყო ცნობილი და ადგილობრივ მოსახლეობას უყვარდა.
იოზდემირი ამის ერთ-ერთ ნიშნად ერზრუმში ქალის სახელის - ანე, ანა, ანა - გავრცელებასაც ასახელებს.
გიორგი სააკაძის ქალიშვილზე არსებული ცნობების მიხედვით, მისი უმცროსი ქალიშვილი 1620–1624 წლებში ფარად-ფაშაზე, ახალციხის ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენელზე უნდა ყოფილიყო გათხოვილი. თუმცა საბოლოოდ დადასტურებული ფაქტი არ არის.
მკვლევარი მიიჩნევს, რომ ანე ხათუნის საფლავს მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ღირებულება აქვს და მისი ტურისტული მიმართულებით განვითარებაა შესაძლებელი.
დღეს ნაგებობა ერზრუმის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლია და მასში შემორჩენილი წარწერა XVII საუკუნის ქართველი ისტორიული მოღვაწის ოჯახის წევრის შესახებ ცნობებს ინახავს.