არის მომენტი, რომელიც ალბათ ყველას გვქონია - დილით თვალს ახელ და რამდენიმე წამით უბრალოდ წევხარ. სანამ ტელეფონს აიღებ, სანამ დღის საქმეები გაგახსენდება, სანამ შეტყობინებები და ვალდებულებები შემოიჭრებიან შენს ცხოვრებაში, ჩნდება ძალიან უბრალო, მაგრამ ამავდროულად რთული კითხვები:
რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს? სად მივდივარ? რატომ ვჩქარობ? ნამდვილად ეს ცხოვრება მინდა თუ უბრალოდ იმ ცხოვრებას ვაგრძელებ, რომლის შექმნაც ოდესღაც ავტომატურად დავიწყე? და უბრალოდ, რა მინდა ან რა მაბედნიერებს სინამდვილეში?
სწორედ ასეთი კითხვებით იწყება იკიგაი. ეს იაპონური ფილოსოფია მცდელობაა, იპოვო პასუხი კითხვაზე - რა ხდის ჩემს ცხოვრებას ნამდვილად ჩემს ცხოვრებად? და ალბათ სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით საინტერესო. სამყაროში, სადაც მუდმივად გვაჩქარებენ, ის საპირისპიროს გვთავაზობს - შეჩერდი და დააკვირდი საკუთარ ცხოვრებას.
პირველი გაცნობიერება - ბედნიერება შეიძლება ბევრად უფრო ახლოს იყოს, ვიდრე გვგონია
ჩვენ ბედნიერებას ხშირად კონკრეტულ მომენტში ვერ ვგრძნობთ და მას მომავალში ველოდებით. ეს შეიძლება ჟღერდეს, როგორც: ერთ დღეს, როცა უკეთესი სამსახური გვექნება, როცა მეტ ფულს ვიშოვით, როცა სასურველ წონას მივაღწევთ, როცა საკუთარ სახლს ვიყიდით, როცა შვებულებაში წავალთ, როცა „ყველაფერი დალაგდება“...
მაგრამ რეალური ცხოვრება ამ კონკრეტული ამბების მოლოდინში გადის და მერე ახალი მოლოდინები და სამომავლო ბედნიერების მიზეზები ჩნდება.
იკიგაი გვთავაზობს სრულიად სხვა პერსპექტივას - ცხოვრების მნიშვნელობა მხოლოდ დიდ მიზანში არ უნდა ვეძებოთ. შეიძლება ის დილის ყავის მომზადებაში იყოს ან წიგნში, რომლის კითხვაც გვავიწყებს დროს, საქმეში, რომლის კეთებისას საკუთარ თავს ვგრძნობთ, მეგობართან ხანგრძლივ საუბარში, ბაღში მიწასთან მუშაობაში, ბავშვისთვის რაღაცის ახსნაში, მუსიკაში, მოგზაურობის დაგეგმვაში.
ეს ყველაფერი თითქოს ძალიან პატარა რამეა, მაგრამ სინამდვილეში ცხოვრებაც სწორედ ასეთი პატარა მომენტებისგან შედგება. და იქნებ ბედნიერების ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ისაა, რომ არ დაველოდოთ დიდ დღეს, დიდ ცვლილებას, დიდ გამარჯვებას იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ.
მეორე გაცნობიერება - ის, რაც შენთვის ჩვეულებრივია, შეიძლება შენი ყველაზე დიდი ნიჭი იყოს
ადამიანები ხშირად ეძებენ საკუთარ შესაძლებლობებს იქ, სადაც განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო.
მაგრამ ზოგჯერ ჩვენი მთავარი ნიჭი ზუსტად იმაში იმალება, რასაც დაუფიქრებლად ვაკეთებთ. ზოგიერთ ადამიანს ადამიანების მოსმენა შეუძლია, სხვას რთული პრობლემის გადაწყვეტა გამოსდის. ვიღაც საოცრად წერს, ვიღაც ხელით ქმნის, ვიღაც ასწავლის, ვიღაც ორგანიზებას აკეთებს, ვიღაც კი უბრალოდ ადამიანებს აერთიანებს.
ჩვენ ამას ხშირად ნიჭად არც კი აღვიქვამთ იმიტომ, რომ რაც ჩვენთვის ბუნებრივია, განსაკუთრებულად აღარ გვეჩვენება. იკიგაის ძიება სწორედ აქ ხდება საინტერესო. ის არ გეუბნება, რომ სხვა ადამიანი უნდა გახდე. პირიქით, გთხოვს, კარგად დააკვირდე იმას, ვინც უკვე ხარ და რაც უკვე გამოგდის.
მესამე გაცნობიერება - ცხოვრებას რადიკალური ცვლილება კი არა, ხშირად ერთი პატარა ნაბიჯი ცვლის
ჩვენ ცვლილებების დაწყებაც კი ხშირად გრანდიოზულად გვინდა. როცა დიდი ნაბიჯებით დაწყება ხდება, მეტია შანსი რომ ძველი ჩვევები მალევე უკან დაბრუნდეს. სწორედ ამიტომ იაპონურ კულტურაში არსებობს „კაიზენის“ იდეა. ის მცირე, მაგრამ უწყვეტ გაუმჯობესებას გულისხმობს. არ არის აუცილებელი, ერთ დღეში ყველაფერი შეცვალო.
შეიძლება დღეს მხოლოდ ათი წუთი დაუთმო იმას, რაც გიყვარს. რამდენიმე გვერდი წაიკითხო. ერთი ახალი რამ ისწავლო. ერთი პატარა საქმე უკეთ გააკეთო, ვიდრე გუშინ.
ერთი ნაბიჯი შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს. მაგრამ თუ მას ყოველდღე იმეორებ, გარკვეული დროის შემდეგ უკვე სხვა გზაზე აღმოჩნდები. ცხოვრება ხშირად არა ერთი დიდი გადაწყვეტილებით, არამედ პატარა გადაწყვეტილებების დაგროვებით იცვლება.
მეოთხე გაცნობიერება - ცხოვრების აზრის პოვნა მუდმივ ბედნიერებას არ ნიშნავს
ეს ალბათ იკიგაის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაკლებად განხილული იდეაა. ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ცხოვრების აზრის პოვნა ნიშნავს მუდმივად ბედნიერად ყოფნას.
მაგრამ შეუძლებელია. აუცილებლად იქნება რთული დღეები, იმედგაცრუება, დანაკარგი, დაღლა, შეცდომა და მომენტები, როცა საერთოდ არ გეცოდინება, რა უნდა გააკეთო.
იკიგაი სვამს კითხვას - რა მაძლევს მიზეზს, რომ ყველაფრის მიუხედავად ხვალ ისევ გავაგრძელო? ეს მიზეზი შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანი, საქმე, რომელიც მნიშვნელოვანია, ოცნება, რომელიც ჯერ არ შესრულებულა. სურვილი, რომ კიდევ რაღაც ისწავლო, ადგილი, რომლის ნახვაც გინდა, ადამიანი, რომელსაც შენი არსებობა სჭირდება ან ნებისმიერი სხვა რამ.
ზოგჯერ ცხოვრების აზრი სწორედ ის პატარა ძაფია, რომელიც ყველაზე რთულ დღეებშიც გვაკავშირებს მომავალთან.
მეხუთე გაცნობიერება - შესაძლოა, შენი იკიგაი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი და იგივე არ იყოს
ჩვენ გვინდა, ერთხელ მაინც მივიღოთ პასუხი კითხვაზე: რა არის ჩემი მოწოდება? თითქოს სადღაც არსებობს ერთი კონკრეტული პასუხი და როგორც კი მას ვიპოვით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
მაგრამ ადამიანი იცვლება. 20 წლის ასაკში ის, რაც ცხოვრებას აზრს აძლევს, შეიძლება 30 წლისთვის შეიცვალოს. 40 წლისთვის კი კიდევ ერთხელ შეიცვალოს. ის, რაც ერთ ეტაპზე კარიერაა, შემდეგ შეიძლება ოჯახი გახდეს. ის, რაც ერთ დროს წარმატებაა, მოგვიანებით სიმშვიდე გახდეს.
და ეს არ ნიშნავს, რომ გზიდან გადაუხვიე. ეს ნიშნავს, რომ გაიზარდე. ამიტომ იკიგაი არა ერთი პასუხი, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საკუთარი თავისთვის დასმული კითხვაა - რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ახლა? და ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხი.
და თუ ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ მაინც გიჩნდებათ კითხვა, რატომ უნდა წაიკითხო ჰექტორ გარსიასა დ ფრანსესკ მირალესის „იკიგაი“, გეტყვით რომ ის არ გპირდებათ იდეალურ ცხოვრებას და არ გთავაზობს ხუთ ნაბიჯს, რომლის შესრულების შემდეგაც ყველა პრობლემა გაქრება.
„იკიგაი“ უფრო რთულ და ამავდროულად უფრო მნიშვნელოვან რამეს აკეთებს. ის გაიძულებს საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედო. შეიძლება აღმოაჩინო, რომ დიდი ხანია ცხოვრობ იმ მიზნებით, რომლებიც სინამდვილეში შენი არ არის. შეიძლება მიხვდე, რომ ძალიან ბევრ დროს უთმობ იმას, რაც არაფერს გაძლევს. შეიძლება აღმოაჩინო დავიწყებული ინტერესი, ნიჭი ან ოცნება. ან შეიძლება საერთოდაც არაფერი შეცვალო. უბრალოდ პირველად შეამჩნიო ის, რაც უკვე გაქვს და შენი ცხოვრება მნიშვნელოვნად ჩათვალო.
R