ბრიტანეთში მოღვაწე თეატრის პროდიუსერი ლიანა პატარკაციშვილი და მისი მილიარდერი ოჯახი უკრაინის ხელისუფლებასთან მწვავე დავაში არიან. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, ჩამოართვას წყლის კომპანია, რომელსაც პატარკაციშვილების ოჯახი რუს ოლიგარქთან ერთად ფლობს.

IDS Ukraine-ის წილებსა და ქონებაზე უკრაინის ხელისუფლებამ 2022 წელს შეზღუდვები დააწესა, რადგან კომპანიის 49%-იან წილს რუსი ინვესტორები ფლობენ. მათ შორისაა მიხაილ ფრიდმანი, რუსული Alfa Group-ის დამფუძნებელი. ფრიდმანი დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მხარდაჭერის გამო.
სააგენტოს ხელმძღვანელმა იაროსლავა მაქსიმენკომ განაცხადა, რომ კომპანიის მართვის დამოუკიდებელი პირისთვის გადაცემის პროცესში მათ არაერთხელ შეექმნათ სამართლებრივი და ბიუროკრატიული პრობლემები. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი აქციონერების წინააღმდეგობა იყო - მათ არ სურდათ საკუთარ აქტივებზე კონტროლის დათმობა.
სააგენტო ასევე აცხადებს, რომ კომპანიისთვის დამოუკიდებელი მმართველის მოძებნის ერთ-ერთი მცდელობის დროს თავად გახდა კიბერთავდასხმის სამიზნე. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, თუ ვინ იდგა თავდასხმის უკან და პატარკაციშვილების ოჯახი ამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი არ არის.
მაქსიმენკოს განცხადებით, New World Value Fund Limited-მა, რომლის მეშვეობითაც პატარკაციშვილების ოჯახი IDS Ukraine-ში ინვესტიციას ფლობს, სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებების შესახებ უსაფუძვლო განცხადებები გაავრცელა. მაქსიმენკომ ამას „დეზინფორმაცია“ უწოდა.
მაქსიმენკოს თქმით, სააგენტოს ასევე აქვს ეჭვი, რომ თუ IDS Ukraine კვლავ ამჟამინდელი მენეჯმენტის ხელში დარჩება, შესაძლოა კომპანიაში ფულის გათეთრებასა და მისი თანხებისა და ქონების უკანონოდ გატანას ჰქონდეს ადგილი. თუმცა, მსგავსი დანაშაულის შესახებ ოფიციალური დასკვნა ამ დრომდე არ არსებობს.
ამასთან, უკრაინის ანტიკორუფციულ უმაღლეს სასამართლოში ცალკე დავა მიმდინარეობს. აქციონერები ეწინააღმდეგებიან უკრაინის ხელისუფლების მცდელობას, IDS Ukraine-ის წილის ნაწილი ან მთლიანად კომპანია სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს. უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი IDS Ukraine-ს ომის პერიოდში სტრატეგიულად მნიშვნელოვან კომპანიად მიიჩნევს.

პატარკაციშვილების ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოჯახი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინის ერთგული მხარდამჭერია. მისი თქმით, ოჯახი უსამართლოდ გახდა სამიზნე და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო სასამართლოებს მიმართავს.
„პატარკაციშვილების ოჯახს მტკიცედ სჯერა, რომ აქტივი არ უნდა ჩამოერთვას იმ აქციონერებს, რომლებიც სანქციების ქვეშ არ იმყოფებიან და რომელთა წინააღმდეგაც არ არსებობს არანაირი ბრალდება ან პრეტენზია. ოჯახი ამ პოზიციას უკრაინის სასამართლოებსა და სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე ყველა შესაბამის პროცესში იცავს.
თუ პატარკაციშვილების ოჯახი უკრაინის სასამართლოების მეშვეობით სამართლიანობის მიღწევას ვერ შეძლებს და აქტივი საბოლოოდ Arma-ს პროცედურის ფარგლებში ჩამოერთმევა, მას, რა თქმა უნდა, სხვა გზა აღარ დარჩება და საერთაშორისო სასამართლოებში მოუწევს საკუთარი უფლებების დაცვა, როგორც ეს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია“.

იამ და მისმა მეუღლემ გასულ წელს ბრიტანულ მედიაში ყურადღება მას შემდეგ მიიქციეს, რაც მათ ლონდონში 32 მილიონ ფუნტად შეძენილი სასახლის თანხის დაბრუნება შეძლეს. სახლის ყიდვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შენობაში ჩრჩილი იყო გავრცელებული.
IDS Ukraine-ის წარმომადგენელმა განაცხადა:
„IDS Ukraine-ის კომპანიების ჯგუფი მთელი თავისი საქმიანობის განმავლობაში მოქმედებდა და აგრძელებს მოქმედებას უკრაინის კანონმდებლობის, მათ შორის საგადასახადო და ფინანსური კანონების შესაბამისად.
უკრაინის არც ერთ კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს, არ დაუდგენია IDS Ukraine-ის მხრიდან ფულის გათეთრების, თანხების უკანონოდ გატანის ან მსგავსი ხასიათის სხვა ფინანსური საქმიანობის ფაქტი.
ჩვენთვის უცნობია უკრაინის ხელისუფლების მხრიდან IDS Ukraine-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მსგავსი ბრალდებების გამო მიმდინარე რაიმე გამოძიების ან სხვა პროცესის შესახებ.
IDS Ukraine-ს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან არც ერთი დღით არ შეუწყვეტია მუშაობა. კომპანიების ჯგუფმა განაგრძო წარმოება და უკრაინელ მომხმარებლებს სასმელი წყლით ამარაგებდა მაშინაც კი, როდესაც ქვეყანა მუდმივი სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ქვეშ იყო“.
წაიკითხეთ ასევე: