"ვაკეში სასწაული ამბავი ტრიალებს, ვერ დაიჯერებთ - ერთმა გაქსუებულმა მეზობელმა გადაწყვიტა, ადამიანებს საკუთარ სახლში ერთადერთი მთავარი შესასვლელი ამოუქოლოს " - რა ხდება აბაშიძის ქუჩაზე და რას ამბობს გოგინავების ოჯახი?

"ვაკეში სასწაული ამბავი ტრიალებს, ვერ დაიჯერებთ - ერთმა გაქსუებულმა მეზობელმა გადაწყვიტა, ადამიანებს საკუთარ სახლში ერთადერთი მთავარი შესასვლელი ამოუქოლოს " - რა ხდება აბაშიძის ქუჩაზე და რას ამბობს გოგინავების ოჯახი?

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე პოლიცია იყო მობილიზებული - გოგინავების ოჯახი ამბობს, რომ მეზობელმა საერთო სარგებლობის კიბე ჩაუკეტა.

  • მათი განმარტებით, საერთო კიბით ერთ ეზოში მდებარე ორი სახლის მაცხოვრებლები 46 წლის განმავლობაში სარგებლობდნენ. ოჯახი გადაწყვეტილებას აპროტესტებს და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"რასაც ხედავთ, ეს არის საერთო გასასვლელი. აგერ გვიშენებენ კედელს. დღესაც მუშები თავისი ფეხით ადგნენ და წავიდნენ, იმიტომ, რომ ჩაკეტილია. ვერც გავდივართ და ვერც შიგნით შემოვდივართ. 87 წლის ბებო და 64 წლის მამიდა მყავს სახლში, რამე რომ დასჭირდეთ, აი, როგორ უნდა გავიდე? მე როგორც ვიცი, წითელი ზონის კიბე იყო, რომელიც გაუქმდა და შესყიდულია ახლა, მის საკუთრებაშია",- ამბობს გოგინავების ოჯახის წევრი ტელეკომპანია "TV პირველთან".

  • ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ნანა კუხალეიშვილი წერს და ამბობს, რომ ადგილზე კედლის აშენება იგეგმება.

"აბაშიძის N40 და N42 შორის სასწაული ამბავი ტრიალებს, ვერ დაიჯერებთ, რადგან მართლა დაუჯერებელი ამბავია - ერთმა გაქსუებულმა მეზობელმა გადაწყვიტა, ერთადერთი მთავარი შესასვლელი საკუთარ სახლში ამოუქოლოს ადამიანებს. სამი დღეა შიდა პატიმრობაში ჰყავს ამ სახლში მცხოვრები ორი ხანშიშესული ადამიანი და სამი ახალგაზრდა, დიახ, უკანონოდ ჰყავს გამოკეტილი და არც გასვლის და არც შესვლის უფლებას არ აძლევს არავის. დღეს ელიავას მუშები მიუსია და კედელს აშენებს ხალხო, კედელს!

ანუ პოლიციაც ფეხებზე ჰკიდია და ყველა ორგანო, ვინ არის ასეთი და რა გინდა რომ ქნა, ასეთ დროს რომ მოკლავ ადამიანს მერე იტყვიან, რატომ მოკლაო, ადამიანობის ყველა კარდაკეტილი, ამაზრზენი არსება, გორსალა დასახლდა ვაკეში და მისი ჰგონია მთელი თბილისი! თუ ვინმე შეძლებს ამ ხალხის მხარში დგომას, მიდით ამ ქუჩაზე და უბრალოდ მხარი დაუჭირეთ ამ ოჯახს, ისინი შველას ითხოვენ," - წერს ნანა კუხალეიშვილი.