ავტორი:

დახურული აეროპორტები, ათასობით გადადებული რეისი და პანიკა - ვულკანის ამოფრქვევას ინდონეზიაში პრობლემები მოჰყვა

დახურული აეროპორტები, ათასობით გადადებული რეისი და პანიკა - ვულკანის ამოფრქვევას ინდონეზიაში პრობლემები მოჰყვა

ინდონეზიაში ანაკ კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევის გამო რვა აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა. შეფერხება დაახლოებით 170 ათას მგზავრს შეეხო, 1 500-ზე მეტი რეისი კი გადაიდო.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აეროპორტის მიმდებარე საჰაერო სივრცეში ვულკანური ფერფლი აღმოაჩინეს.

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში 1 558 რეისი გადაიდო. აეროპორტები, არსებული გეგმით, ორშაბათს, ადგილობრივი დროით 09:00 საათამდე დაკეტილი დარჩება.

ვულკანის გააქტიურება პარასკევს გვიან ღამით დაიწყო. ამოფრქვევას თან ახლდა უწყვეტი სეისმური აქტივობა, ლავის ამოფრქვევა და ძლიერი ხმაური, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებზეც ისმოდა. კვირა დილით კიდევ ორი ამოფრქვევა დაფიქსირდა.

ფრენების შეჩერებამ განსაკუთრებით სინგაპურის მიმართულებები დააზარალა. შეფერხებები შეეხო სხვა საერთაშორისო მარშრუტებსაც, მათ შორის დოჰის, სიდნეისა და კუალა-ლუმპურის რეისებს.

ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის, დუდი პურვაგანდის განცხადებით, დამატებითი აეროპორტების დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კვლევებმა აჩვენა, რომ ვულკანური ფერფლი დასავლეთ ჯავის მიმართულებით ვრცელდებოდა.

მინისტრმა ავიაკომპანიებს მოუწოდა, გაუქმებული ფრენების გამო დაზარალებული მგზავრებისთვის თანხის დაბრუნების პროცესი დააჩქარონ და მგზავრებს რეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია დროულად მიაწოდონ. ხელისუფლება ამ გზით აეროპორტებში მგზავრთა დიდი ნაკადის დაგროვების თავიდან აცილებას ცდილობს.

ხელისუფლების განცხადებით, ამ ეტაპზე ვულკანის აქტივობის გამო ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

ანაკ კრაკატაუ ჯავასა და სუმატრას კუნძულებს შორის, სუნდას სრუტეში მდებარეობს. ვულკანის გააქტიურებამ პრობლემები შექმნა ახლომდებარე დასახლებებშიც.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას ურჩია, შესაძლებლობის შემთხვევაში სახლებში დარჩნენ და გარეთ გასვლისას პირბადეები გამოიყენონ. ვულკანური ფერფლი განსაკუთრებით სასუნთქ გზებს, თვალებსა და კანს უქმნის საფრთხეს.

წყარო