ნეპალში ოფიციალურად გამოცხადდა ეროვნული გლოვის დღე იმ კატასტროფული წყალდიდობის მსხვერპლთა მოსაგონებლად, რომელმაც ჰიმალაის ხეობა წალეკა.
ორშაბათს ადგილობრივმა მოსახლეობამ ტრადიციული 13-დღიანი სამგლოვიარო რიტუალის ბოლო დღის აღსანიშნავად სანთლები დაანთო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია, სამგლოვიარო ღონისძიებების მასშტაბები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მაშველები ნანგრევებსა და მიწისქვეშა გვირაბებში გადარჩენილების ძებნას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ.

უახლესი მონაცემებით, მყინვარის ჩამოშლით გამოწვეულ ძლიერ ნიაღვარს, რომელმაც ნეპალისა და ტიბეტის საზღვართან მდებარე სოფლები წალეკა, სულ მცირე 1 287 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიიდან თითქმის ორი კვირის შემდეგაც კი, ნეპალში 5 083 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ტიბეტის მხარეს კი, ჩინური მედიის მონაცემებით, დაღუპულია 31 და დაკარგულია 531 ადამიანი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (NEOC) წარმომადგენელმა ფანინდრა პაუდელმა განაცხადა, ოფიციალური სამთავრობო სამგლოვიარო პროგრამები არ მოწყობილა, რადგან სტიქიის ზონაში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
ორშაბათს ნეპალის პრეზიდენტმა, რამ ჩანდრა პაუდელმა, სტიქიით განადგურებული რეგიონები პირადად მოინახულა. არმიის წარმომადგენელი რაჯა რამ ბასნეტი აცხადებს, რომ სამაშველო სამუშაოები იმავე ტემპით გრძელდება, როგორც პირველ დღეს.
“ჩვენი ფოკუსი მიმართულია ძებნასა და გადარჩენაზე სამ დონეზე - ხმელეთზე, ჰაერში და გვირაბებში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არავინ დარჩეს უყურადღებოდ“, - განმარტა მან.

ერთ-ერთი ბოლო იმედი, სადაც მაშველები გადარჩენილების პოვნის რეალურ შანსს ხედავენ, არის რეგიონის ჰიდროელექტროსადგურების მიწისქვეშა გვირაბები, სადაც ასობით მუშაა დაკარგული. ავსტრალიელი ექსპერტი არნოლდ დიქსი, რომელიც ნეპალელ მაშველებს კონსულტაციას უწევს, სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ოპერაცია უაღრესად რთულია, რადგან ერთდროულად რამდენიმე სახიფათო და გაურკვეველი სამაშველო მისიის განხორციელება უწევთ.
მიუხედავად უმძიმესი ვითარებისა, ბოლო დღეებში მაშველებმა 4 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, მათგან სამი სწორედ ჰესის გვირაბებიდან და მიწისქვეშა სივრცეებიდან გამოიყვანეს.
შაბათს კი ნუვაკოტის ოლქში ნამდვილი სასწაული მოხდა: მაშველებმა ნანგრევებიდან 64 წლის ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. ყინულის, ქვებისა და ტალახის უზარმაზარმა მასამ მისი სახლი ნაწილობრივ დამარხა. კატასტროფიდან 10-ზე მეტი დღის შემდეგ, ნეპალის შეიარაღებულმა პოლიციამ ქალი შენობის მეოთხე სართულზე, ცოცხალი აღმოაჩინა და კატმანდუს საავადმყოფოში გადააფრინა.
მეორე მხრივ, ჩინელმა მაშველებმა კვირას ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე, ექსკავატორების, ნიჩბებისა და სპეციალური რადარების გამოყენებით, კიდევ 12 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
იხილეთ ასევე: