ზოგჯერ ადამიანები დიდი შრომის ფასად, ზოგჯერ - შემთხვევით, ან კიდევ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩენით ძალზე წარმატებულები ხდებიან… ქინ ინლინის ისტორია ბიზნეს-სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიციული სოფლის მეურნეობა მაღალტექნოლოგიურ და მრავალმილიარდიან “იმპერიად“ იქცეს. ამ ადამიანს ხშირად მოიხსენიებენ როგორც “მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ფერმერს“.

ქინ ინლინი დაიბადა 1965 წელს ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, ძალიან ღარიბ ოჯახში... მისი ისტორია 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც მამამისმა მთელი დანაზოგით - 800 იუანით (დაახლოებით $100), საოჯახო ბიზნესის წამოსაწყებად 20 გოჭი იყიდა. თუმცა, გამოუცდელობისა და დაავადებების გამო 19 გოჭი მოკვდა. ამ ტრაგედიამ ახალგაზრდა ქინს დაანახა, რომ სოფლის მეურნეობას ემოციები კი არა, მეცნიერული ცოდნა სჭირდებოდა.
ქინმა გადაწყვიტა, ვეტერინარია და ცხოველთა კვება შეესწავლა. ჩააბარა ჰენანის აგრარულ უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო საწარმოში დასაქმდა, სადაც სტაბილური და უსაფრთხო სამუშაო ჰქონდა.
თუმცა, 1992 წელს მან და მისმა მეუღლემ (ქიან ინმა) სახელმწიფო სამსახური მიატოვეს, მთელი დანაზოგი შეაგროვეს, ნათესავებისგან სესხი აიღეს და მშობლიურ სოფელში სულ რაღაც 22 ღორით საკუთარი ფერმა გახსნეს. ასე შეიქმნა კომპანია Muyuan Foodstuff -ი.
ქინ ინლინმა ტრადიციული ჩინური ფერმერობა მაღალტექნოლოგიურ პროცესად აქცია:
“აფრიკული ჭირის“ კრიზისი და “ოქროს ხანა“
2018-2019 წლებში ჩინეთს აფრიკული ღორის ჭირი (ASF) დაატყდა თავს, რამაც ქვეყანაში ღორების პოპულაციის თითქმის ნახევარი გაანადგურა. ფასები ხორცზე კოსმოსურ ნიშნულამდე გაიზარდა.
სანამ სხვა ფერმერები კოტრდებოდნენ, ქინის კომპანიის მკაცრმა ბიოუსაფრთხოების ზომებმა კომპანია გადაარჩინა. ქინ ინლინმა არათუ შეინარჩუნა წარმოება, არამედ გააფართოვა კიდეც.
მისმა ქონებამ მკვეთრად იმატა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კომპანია 2014 წელს შენჯენის საფონდო ბირჟაზე გავიდა... შედეგად, 2019-2020 წლებში მისი ქონება ნახტომისებურად გაიზარდა და “ფორბს“-ის მილიარდერთა სიის სათავეებში მოხვდა.
დღეს მისი ქონება 19 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
დღეს კომპანია ჩინეთის უმსხვილესი ხორცის მწარმოებელია. მათი მთავარი ინოვაციაა მრავალსართულიანი, მაღალტექნოლოგიური “ღორების ცათამბჯენები“ მკაცრი ჰაერის ფილტრაციით. Muyuan Foodstuff -ი წელიწადში ათეულობით მილიონი ღორს აწარმოებს.
კომპანია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, დრონებსა და რობოტებს ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის, ხოლო ქინ ინლინი რჩება მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება უბრალო სოფლის მეურნეობამ სწორი ცოდნისა და ტექნოლოგიების შერწყმით გლობალურ “იმპერიამდე“ მიიყვანოს ადამიანი.