ავტორი:

მედიცინის ახალი ოქროს ხანა: როგორ კურნავს ხელოვნური ინტელექტი კიბოს, უშვილობასა და უმძიმეს სენს - საოცარი ისტორიები

მედიცინის ახალი ოქროს ხანა: როგორ კურნავს ხელოვნური ინტელექტი კიბოს, უშვილობასა და უმძიმეს სენს - საოცარი ისტორიები

მედიცინა ჩვენს თვალწინ განიცდის უპრეცედენტო რევოლუციას ხელოვნური ინტელექტის (AI) წყალობით, რაც სულ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი ტემპით ხდება. კაცობრიობა სრულიად ახალი ეპოქის ზღვარზეა, სადაც პერსონალიზებული მკურნალობის მეთოდები კიბოს განკურნებისა და მილიარდობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის რეალურ შანსს იძლევა.

“ჩვენ პოტენციურად მედიცინის ოქროს ხანის გარიჟრაჟზე ვართ“, - აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის რეპროდუქციული ცენტრის დირექტორი, დოქტორი ზევ ვილიამსი.

  • ისტორიული გარღვევა კანის კიბოს წინააღმდეგ

გასულ აგვისტოში ფარმაცევტულმა გიგანტებმა, Moderna-მ და Merck-მა, მელანომის - კანის კიბოს ყველაზე სასიკვდილო ფორმის ვაქცინის გამოცდაში “ისტორიული მომენტი“ გამოაცხადეს. კლინიკური კვლევა, რომელშიც 1 100 პაციენტი მონაწილეობდა, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის წყალობით გახდა შესაძლებელი. AI-მ თითოეული პაციენტის სიმსივნის უნიკალური ნიმუში შეისწავლა და სრულიად პერსონალიზებული ვაქცინა შექმნა, რომელიც ხელს უშლის კიბოს გავრცელებასა და მის ხელახლა დაბრუნებას.

როგორც Moderna-ს ციფრული მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ვეიდ დევისმა განაცხადა: “ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ციფრული ტექნოლოგიების გარეშე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური თერაპიის სწრაფად და ზუსტად შესაქმნელად“.

ხელოვნური ინტელექტის უნიკალურ ძალას საკუთარ სიცოცხლეს უმადლის ამერიკელი კაილა მაბუსი.

თინეიჯერობისას მას ლიმფური სისტემის უიშვიათესი და უმძიმესი დაავადება - კასტლმანის სინდრომი დაუდგინეს. დაავადებამ მისი იმუნიტეტი გაანადგურა, გამოიწვია თირკმლის უკმარისობა და ორგანიზმში სითხის დაგროვება. გოგონა იმდენად დასუსტდა, რომ ერთხელ სუპერმარკეტში საყიდლებზე ყოფნისას იატაკზე დაწოლა მოუწია, რადგან განძრევის ძალაც კი აღარ ჰქონდა. არაერთი უშედეგო მკურნალობისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, ექიმები ფიქრობდნენ, რომ ის ვერ გადარჩებოდა.

გამოსავალი ხელოვნურმა ინტელექტმა იპოვა. დოქტორმა დევიდ ფაიგენბაუმმა, რომელსაც თავად ჰქონდა ეს დაავადება და 2010 წელს საკუთარი ხელით უამრავი კვლევის შესწავლით გადაირჩინა თავი, შექმნა ორგანიზაცია “Every Cure“. მან შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ერთგვარ “მაჭანკლად“ მუშაობს დაავადებებსა და უკვე არსებულ წამლებს შორის.

სისტემამ კაილასთვის შეარჩია პრეპარატი Ruxolitinib - წამალი, რომელიც სინამდვილეში სისხლის კიბოს სამკურნალოდ იყო შექმნილი და კასტლმანის დაავადებაზე ლიცენზირებულიც კი არ ყოფილა. “ორ კვირაში ამ წამალმა ახალი სიცოცხლე მაჩუქა. ჩემი თირკმელები აამუშავა. რომ არა ეს აღმოჩენა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი“, - ყვება კაილა, რომელიც დღეს მარკეტის უნივერსიტეტში საექთნო საქმეს სწავლობს, რათა სხვა ადამიანებს დაეხმაროს.

ფაიგენბაუმის სისტემა ერთდროულად 4,000 წამალსა და 18,000 დაავადებას აანალიზებს, რაც 75 მილიონ შესაძლო კომბინაციას იძლევა. მაგალითად, სისტემა უკვე გვთავაზობს ბოტოქსის გამოყენებას დეპრესიის სამკურნალოდ, ხოლო ლიდოკაინისა - ძუძუს კიბოს წინააღმდეგ.

  • როგორ პოულობს რობოტი ერთადერთ სპერმატოზოიდს მილიარდობით ნაწილაკს შორის

ხელოვნური ინტელექტი სასწაულებს ახდენს რეპროდუქციულ მედიცინაშიც. კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს სისტემა STAR (Sperm Tracking And Recovery), რომელიც ეხმარება იმ მამაკაცებს, რომლებიც უნაყოფოდ მიიჩნეოდნენ, რადგან მათ ბიოლოგიურ მასალაში სპერმატოზოიდები საერთოდ არ ჩანდა.

“მთავარი გამოწვევაა იპოვო ერთი სპერმატოზოიდი მილიარდობით უჯრედის ნარჩენსა და მტვერს შორის და ისე ამოიღო, რომ არ დაზიანდეს. ადამიანისთვის ეს დამქანცველი სამუშაოა, ხელოვნური ინტელექტი კი ამას იდეალურად აკეთებს“, - განმარტავს დოქტორი ვილიამსი.

  • გულის დაავადების პროგნოზირება 15 წლით ადრე

ტექნოლოგიური პროგრესი ამით არ სრულდება: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ტესტი CardiOmicScore, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გულის დაავადებებს მათ დაწყებამდე 15 წლით ადრე პროგნოზირებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA), დოქტორ მაიკლ ტეიტელის ხელმძღვანელობით, ხელოვნურ ინტელექტს 3D ბიოპრინტერებთან აერთიანებენ, რათა პაციენტის სიმსივნის ლაბორატორიულ ასლებზე გამოცადონ წამლები და სრულიად ინდივიდუალური მკურნალობის კურსი შეარჩიონ.

მეცნიერები ასევე მუშაობენ აუდიო დამუშავებისა და AI-ს კომბინაციაზე, რათა ხმის ტემბრის ცვლილებით ადრეულ ეტაპზე მოხდეს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) დიაგნოსტირება.

წყარო

იხილეთ ასევე: