ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის სოფელზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვები და მედიკოსები. ლიბანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ “საშიში ესკალაცია“ საფრთხეს უქმნის ივნისში აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
გვიან ღამით, ნაბატიეს რაიონში მდებარე სოფელ ქფარ რუმანზე განხორციელებულმა საჰაერო დარტყმამ მთლიანად გაანადგურა სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შუაღამისას შუიუიას მოედანთან მომხდარი ამ თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი და 4 ქალი. დაშავდა კიდევ რვა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და “ისლამური ჯანდაცვის ასოციაციის“ (Hezbollah-თან დაკავშირებული სასწრაფო სამსახური) ერთი პარამედიკი.
მეორე ავიადარტყმა კი მოხვდა ავტომობილს, რომლითაც “ისლამური რისალას სკაუტების ასოციაციის“ (ამალის მოძრაობასთან ასოცირებული და ჰეზბოლასთან მოკავშირე უწყება) მედიკოსები გადაადგილდებოდნენ. შედეგად, ერთი პარამედიკი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მათ საპასუხო დარტყმები განახორციელეს “ჰეზბოლას“ ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ორი აფეთქებადი დრონი გაუშვა ისრაელის ჯარისკაცების მიმართულებით, რომლებიც ალი ალ-ტაჰერის ქედის ტერიტორიაზე ოპერირებდნენ. გარდა ამისა, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ გაანადგურა რამდენიმე ტერორისტი, რომლებიც იარაღს გადააადგილებდნენ ქფარ რუმანის ტერიტორიაზე.
მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაციაზე კი IDF-ში აცხადებენ, რომ “ინფორმაცია მოკვლევის პროცესშია“.
ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში თავდასხმები ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გააძლიერა, რის გამოც უამრავი ადგილობრივი მცხოვრები კვლავ გარბის საკუთარი სახლებიდან. ბოლო სამი დღის განმავლობაში ისრაელის თავდასხმებს სამხრეთ ლიბანში სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა.
ლიბანი ამ კონფლიქტში მიმდინარე წლის 2 მარტს ჩაერთო, როდესაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა “ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ. ისრაელმა კი საპასუხოდ ქვეყნის მასშტაბით საჰაერო კამპანია დაიწყო და ქვეყნის სამხრეთის მნიშვნელოვან ნაწილში შეიჭრა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ მცირე 4,362 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 395 ქალი და 259 ბავშვი. ისრაელის ოფიციალური უწყებების ცნობით კი, კონფლიქტის განმავლობაში დაღუპულია 40 ისრაელელი ჯარისკაცი და 4 მშვიდობიანი მოქალაქე.