ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის შტატში, სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 70 წლის ბრენდა დოიჩს, რომელსაც ბრალად ედებოდა არასრულწლოვანი გოგონას ეგზოტიკურ მაიმუნში გადაცვლა. მოზარდი მის მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ ქალის საქციელი მკაცრად დაგმო და მას “ამაზრზენი“ უწოდა, ბრალდებულმა ციხეში ჩაჯდომას თავი აარიდა, რამაც მსხვერპლთა და საზოგადოების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ლინკოლნის ოლქის სასამართლომ ბრენდა დოიჩს ბავშვის საფრთხეში ჩაგდების მუხლით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მოსამართლე თომას ფროულიმ სასჯელის აღსრულება შეაჩერა და მას 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა (პრობაცია) განუსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირობების შესრულების შემთხვევაში ის თავისუფლებაზე დარჩება.
ამავდროულად, მოსამართლემ დოიჩს მიმღები დედის ლიცენზია პირდაპირ დარბაზში გაუუქმა და მკაცრად გააკრიტიკა მისურის შტატი იმის გამო, რომ ქალს ამ დრომდე უნარჩუნებდნენ ბავშვების აღზრდის უფლებას. მოსამართლემ დარბაზში მყოფ მსხვერპლებს პირადად მოუხადა ბოდიში და აღიარა, რომ არსებულმა სახელმწიფო სისტემამ ისინი ვერ დაიცვა და უღალატა.

სასამართლო პროცესზე უმძიმესი ჩვენება მისცა თავად ბრალდებულის ბიოლოგიურმა შვილმა, ბრინა ჯონსონმა, რომელმაც დედის მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტები დაადასტურა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება შორს არის იმ შედეგისგან, რასაც ისინი ელოდნენ.
“სიტყვები არ მყოფნის, რადგან ეს ნამდვილად არ არის ის დასასრული, რომელსაც ვისურვებდით“, - განუცხადა ჯონსონმა ტელეკომპანია FOX2-ს. მანვე დაამატა, რომ სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა ის მოზარდი გოგონა, რომელიც დედამისმა მაიმუნში გადაცვალა.
ჯონსონის თქმით, მან დეტექტივებს გადასცა საკუთარ ტელეფონში არსებული მიმოწერები, რომლებიც ამ საზარელ გარიგებას ადასტურებდნენ. “ეს არის ის, რაც მან გააკეთა. მას სულ მცირე შვიდი მაიმუნი ჰყავდა. ეს მისი გატაცება იყო, თუმცა ამ მაიმუნებსაც არაფრით უკეთესად არ ეპყრობოდა, ვიდრე ბავშვებს“, - აღნიშნა ბრალდებულის შვილმა.
მოგვიანებით გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ გოგონა, რომელიც ახლა 17 წლისაა, დოიჩმა ტეხასში გაგზავნა საცხოვრებლად ისეთ ოჯახში, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა. მოზარდმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მიმღებმა დედამ თავის ტეხასელ მეგობარს ნება დართო გოგონა თავისთან დაეტოვებინა, თუმცა დაამატა, რომ სახელმწიფო შემწეობის ჩეკს კვლავ თავად ბრენდა დოიჩი მიიღებდა.
საქმის მოწმის ჩვენებით, გოგონა ტეხასში ანტისანიტარიით სავსე სახლში დატოვეს, რომელიც ეგზოტიკური ცხოველებით იყო სავსე. საბოლოოდ, მოზარდი ტეხასის ბავშვთა დაცვის სამსახურმა მზრუნველობის ქვეშ აიყვანა.
გოგონამ პოლიციასთან საუბრისას აღწერა ის მძიმე ძალადობა, რასაც მისურის სახლში განიცდიდა. მისი თქმით, ბრენდა დოიჩი მას სხვადასხვა საგნებით, მათ შორის ნიჩბითა და ფეხსაცმლით სცემდა. ერთ-ერთი ასეთი სასტიკი ცემის დროს, გოგონა იატაკზე იწვა და ცდილობდა სხეული ისე მოეკუჭა, რომ დარტყმები შეემსუბუქებინა.
გარდა ამისა, დოიჩი მოზარდს ტანსაცმელს ართმევდა და ერთხელ სიკვდილითაც დაემუქრა, თუ ხმას არ ჩაიგდებდა.
ცნობისთვის, ბრენდა დოიჩს წლების განმავლობაში 200-ზე მეტი ბავშვი ჰყავდა მინდობით აღზრდაში აყვანილი. სასამართლო შენობის დატოვებისას მან მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და სახეზე ფურცელი აიფარა.