ეიფელის კოშკი ორშაბათს დაიხურა მას შემდეგ, რაც თანამშრომლები გაიფიცნენ. მიზეზი შაბათს მომხდარი ინციდენტი გახდა - გავრცელებული ინფორმაციით, ინდუისტურ რელიგიურ ჯგუფთან დაკავშირებული დელეგაციის ვიზიტის დროს ქალ თანამშრომლებს სამუშაო ადგილების დატოვება სთხოვეს, რათა მათ ნაცვლად მამაკაცებს ემუშავათ.
შაბათს, პარიზის ცნობილ ღირსშესანიშნაობას ინდუისტურ ორგანიზაცია BAPS-თან დაკავშირებული დაახლოებით 100-კაციანი დელეგაცია ეწვია. თანამშრომლების წარმომადგენლის, დაიან დავუანის თქმით, დელეგაციის ვიზიტის დროს ქალ თანამშრომლებს უთხრეს, რომ სამუშაო ადგილები დაეტოვებინათ და ადგილი მამაკაცებისთვის დაეთმოთ.
მისივე თქმით, მენეჯმენტმა თანამშრომლებს მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ეს აბსოლუტურად მიუღებელია თანამშრომლებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებიც შეურაცხყოფილები არიან როგორც მომხდარით, ისე იმ დამოკიდებულებით, რომელსაც ზოგიერთი მათგანი შეეჯახა“, — აღნიშნა მან.

დავუანის განცხადებით, მომხდარის გამო დაძაბულობა კვირის განმავლობაში გაიზარდა და თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, მენეჯმენტთან საუბრის პარალელურად, პროტესტი გაფიცვით გამოეხატათ.
კომპანიის განცხადებით, ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა მომხდარიყო.
"ეს პირობები არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ისინი არ შეესაბამება SETE-ის ღირებულებებს და ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის პრინციპს“, — განაცხადეს კომპანიაში.
SETE-ის პრეზიდენტმა არიელ ვეილმა მომხდარს „აშკარად მიუღებელი პრაქტიკა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეიფელის კოშკი თანასწორობისა და საფრანგეთის რესპუბლიკური ღირებულებების ერთგული რჩება.
მომხდარს გამოეხმაურა თავად BAPS-იც და ბოდიში მოიხადა. ინციდენტს საფრანგეთში პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა. პარიზის მერმა ემანუელ გრეგუარმა განაცხადა, რომ თანამშრომლების უკმაყოფილება სრულიად ლეგიტიმურია.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა კი განაცხადა, რომ საფრანგეთში „ვერც ერთი კულტურა, ვერც ერთი რწმენა, ვერც ერთი თაყვანისცემა“ ვერ განსაზღვრავს, სად არის ქალის ადგილი.
ინციდენტის გამო ეიფელის კოშკი ორშაბათს ვიზიტორებისთვის დაიხურა. თანამშრომლები მენეჯმენტისგან განმარტებასა და გარანტიას ითხოვენ, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდება.