მაიამის საერთაშორისო აეროპორტში Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა. ავარიის ადგილზე ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს. გამომძიებლებმა თვითმფრინავის ორივე ბორტჩამწერი უკვე იპოვეს.
თვითმფრინავი ჯერ აეროპორტის სანავიგაციო მოწყობილობებსა და სხვა აღჭურვილობას შეეჯახა, შემდეგ კი დასუფთავების კომპანიის კუთვნილ თეთრ Ford-ის ფურგონს დაეჯახა. მანქანაში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა.
NTSB-ის თავმჯდომარის, ჯენიფერ ჰომენდის განცხადებით, ავარიის მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან გამომძიებლები ამ ეტაპზე მტკიცებულებებს აგროვებენ და ფაქტებს ადგენენ.
„ჩვენ ჯერ ფაქტების დადგენის ეტაპზე ვართ“, — განაცხადა ჰომენდიმ ორშაბათს მაიამის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, თვითმფრინავში ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა და ეს სან-ხუანიდან დღის მესამე რეისი იყო.
NTSB-ის ინფორმაციით, გამომძიებლები შეისწავლიან თვითმფრინავის ფრენის ისტორიას, ეკიპაჟის გამოცდილებასა და მომზადებას, რადარის მონაცემებსა და თვითმფრინავის მუშაობის დეტალებს.
სპეციალური ჯგუფები შეამოწმებენ თვითმფრინავის სისტემებსა და ძრავებს. გამომძიებლებმა თვითმფრინავიდან ფრენის მონაცემების ჩამწერი და კაბინის ხმის ჩამწერი უკვე ამოიღეს. ორივე მოწყობილობა შემდგომი შესწავლისთვის NTSB-ის შტაბ-ბინაში გაიგზავნება.
BBC Verify-ის წინასწარი ანალიზის მიხედვით, ავარიამდე ცოტა ხნით ადრე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო. ქარის სიჩქარე დაახლოებით 26 კვანტს, ანუ 48 კმ/სთ-ს აღწევდა.
ავარიის შემდეგ მაიამის საერთაშორისო აეროპორტის ოთხი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან ორი დროებით დაიხურა.
აეროპორტის მგზავრებს აფრთხილებენ, რომ ავარიისა და წინა დღეს გაუქმებული რეისების გამო შესაძლოა ფრენების განრიგში შეფერხებები გაგრძელდეს. ინციდენტი აშშ-ში შრომის დღის ხანგრძლივ უქმეებზე მოხდა, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სამოგზაურო პერიოდად ითვლება.